ბრძანება N 11095
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11095
30 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------------;
იურ. მის.: ----------------------------------)
2025 წლის 23 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------------) 2025 წლის 23 მაისის №95868/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №081-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები მეწარმისთვის მძიმე ეკონომიკური ტვირთის მატარებელია და სამართალდარღვევა არ იყო განზრახ ჩადენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ გადაიხდის გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5277 და 6 მაისის №8834 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტ-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 6 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 მაისის №9766 ბრძანება და ამავე თარიღის №081-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 42 071 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 066 ლარი, ჯარიმა 17 928 ლარი, საურავი 5 077 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. ი/მ --------------ძე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 6 აპრილიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2023 წლის 14 ნოემბრიდან. მეწარმეს 2023 წლის პირველი იანვრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. მეწარმეს აქვს სწრაფი კვების ობიექტი ქალაქ ----ში ----ის ქ. №--ში. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში პოსტ-ტერმინალებითა და საკონტროლო-სალარო აპარატით უფიქსირდება ჯამში 930 521.9 ლარის შემოსავალი ( პოსტ-ტერმინალი - 905 023.8 ლარი, სსა-25 498.1 ლარი ). შემოწმების შედეგად ვლინდება, რომ მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად, მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 707 621.3 ლარი.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლებით, შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.
. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან განხორციელდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,1. ი/მ --------------ის (ს/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ გადაიხდის გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5277 და №8834 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტ-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №9766 ბრძანება და №081-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 42 071 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 066 ლარი, ჯარიმა 17 928 ლარი, საურავი 5 077 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში პოსტ-ტერმინალებითა და საკონტროლო-სალარო აპარატით უფიქსირდება ჯამში 930 521.9 ლარის შემოსავალი ( პოსტ-ტერმინალი - 905 023.8 ლარი, სსა-25 498.1 ლარი ). მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2022 წლის 10 სექტემბერს. შესაბამისად, მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 707 621.3 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლებით, შედეგად, პირს საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.
ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან მიმართებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან განხორციელდა შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლა.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1.7); 282(1);