ბრძანება N 28966

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 28966
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28966

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2023 წლის 30 ოქტომბრის №84484/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის №001-210 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. განმარტავს, რომ საწარმო საქონლის რეალიზაციას ახდენდა როგორც კომპანიებზე, რაც ნაჩვენებია სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პირებზე, რომლებიც რეალიზაციას ახორციელებენ ბაზრობებზე. კომპანიებზე მიწოდებული ლობიოს ფასი ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტია (დოკუმენტური ფასი), ვიდრე ბაზრობებზე მიწოდებული. მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში ბაზრობებზე საქონლის რეალიზაციას ახდენდა თვითღირებულებით ან თვითღირებულებებზე ნაკლებ ფასად, რაზეც დოკუმენტაცია არ არსებობს და ბაზრობის მონაწილე პირებისგან ვერ მოხდა აღნიშნული ფაქტის დადასტურება. ითხოვს შესწავლილ იქნას მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოების ფასნამატი, შედარებულ იქნას შპს „-----“-ის მიმართ გავრცელებულ ფასნამატთან და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.

ასევე, გადამხდელი არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ განკარგვად თანხებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ იმპორტირებულ საქონელზე გადახდილად ჩათვლილია 75%. გამომდინარე იქიდან, რომ ხარჯის გაწევა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით და არ გააჩნიათ გადარიცხვის დოკუმენტი, რეალურად გაწეული ხარჯი გადახდილია სრულად და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია მომწოდებლების წერილობით დასტურის წარმოდგენა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სრულად არ ჰქონდა მიღებული შემოსავლები, შესაბამისად, ფულის მოძრაობაში გასათვალისწინებელია დებიტორული დავალიანება, პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი, კომპანიის სხვადასხვა ხარჯი (საწყობის იჯარა, საქონლის გადაზიდვის ხარჯი), რომელიც შემოსავლების სამსახურის ბაზებში არ ფიქსირდება და არსებობს მატერიალური სახით. შედეგად, ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №18511 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“- ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 2 ოქტომბრის №24222 ბრძანება და ამავე თარიღის №001-210 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 940 214 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 883 074 ლარი, ჯარიმა 941 537 ლარი და საურავი 115 603 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 ოქტომბერს. საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ლობიოს, ხახვისა და კაკლის იმპორტი -----დან და -----დან და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საწარმოს წარმომადგენელთან ვერ მოხდა დაკავშირება, არ განხორციელდა პირველადი დოკუმენტებისა და აღრიცხვის სხვა ინფორმაციის წარმოდგენა. საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განსაზღვრულია საქონლის ნაშთი 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე საწარმოს რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი პროდუქციის მიხედვით, აგრეთვე კონკრეტულ საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული საწარმოს ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვის ყოველთვიური თანხების პროპორციით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად.

ამასთან, საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად (იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე განკარგვადი თანხა 4 592 330 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდი ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ/საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს წარმომადგენელთან ვერ მოხდა დაკავშირება, გადამხდელის მიერ არ განხორციელდა პირველადი დოკუმენტებისა და აღრიცხვის სხვა ინფორმაციის შემოწმებისთვის წარდგენა, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ლობიოს, ხახვისა და კაკლის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განსაზღვრულია საქონლის ნაშთი 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე საწარმოს რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი პროდუქციის მიხედვით, აგრეთვე კონკრეტულ საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული საწარმოს ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვის ყოველთვიური თანხების პროპორციით განსაზღვრულ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად (იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%) და შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ლობიოს, ხახვისა და კაკლის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საწარმოს წარმომადგენელთან ვერ მოხდა დაკავშირება, არ განხორციელდა პირველადი დოკუმენტებისა და აღრიცხვის სხვა ინფორმაციის წარმოდგენა. საწარმოში ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და განსაზღვრულია საქონლის ნაშთი 2023 წლის 5 ივნისის მდგომარეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა ამავე საწარმოს რეალიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი პროდუქციის მიხედვით, აგრეთვე კონკრეტულ საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული საწარმოს ფასნამატი და დეკლარირებული ბრუნვის ყოველთვიური თანხების პროპორციით განსაზღვრულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად (იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75%). შედეგად, განკარგვადი თანხა 4 592 330 ლარის ოდენობით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდი ბოლოს დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა დღგ/საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა").