გადაწყვეტილება №21765/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2024
№ დოკუმენტი 21765/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21765/2/2023

04 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ს “ 29.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21765/2/2023).

 

დავის საგანი:

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №081-196 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ნოემბრის №28634 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 122 054 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 79 669

დღგ - 61 241

საშემოსავლო გადასახადი - 18 428

ჯარიმა - 39 835

საურავი - 2 550

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №20553 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, სმფ-ების აღრიცხვას არ აწარმოებდა არანაირი ფორმით. ამასთან, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 26%-ს შეადგენდა. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთება (შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ზედმეტობის ხარჯზე ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია 56 377 ლარი). გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ შეუძენია ძირითადი საშუალებები და არ ანაწილებს მოგებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად. თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო ფორმითა და წესით. შესაბამისად, არ წარუდგენია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, კომპანიას არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 6 ივლისს შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვითაც საწარმოს სალაროს ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა სმფ-ების შესაძენად გაწეული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №23731 ბრძანება და №081-196 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 122 054 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 21 ნოემბრის №28634 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილ საჩივარზე გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ნოემბრის №"-------" წერილით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 დღე. აღნიშნული წერილის პასუხად გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში 2023 წლის 2 და 8 ნოემბერს წარადგინა დაზუსტებული საჩივრები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივრებში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

ამგვარად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხული თანხები უკანონო და დაუსაბუთებელია, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანება. ხელახლა უნდა მოხდეს დარიცხული თანხების შესწავლა/გადახედვა და გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი სასაქონლომატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად და თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო წესით, არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით კომპანიის სალაროს ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. საგადასახადო ორგანომ ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა სმფ-ების შესაძენად გაწეული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შედეგად, გაანგარიშებული სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დარიცხული თანხები უკანონო და დაუსაბუთებელია, ისევე როგორც შემოსავლების სამსახურის ბრძანება. ხელახლა უნდა მოხდეს დარიცხული თანხების შესწავლა/გადახედვა და გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა, სმფ-ების აღრიცხვას არ აწარმოებდა არანაირი ფორმით. ამასთან, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 26%-ს შეადგენდა. საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით კი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არ იკვეთება.საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები დაიყო კატეგორიებად. თითოეული კატეგორიის საშუალო დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა არადოკუმენტურ რეალიზაციებზე. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ფულის მოძრაობის აღრიცხვას სათანადო ფორმითა და წესით. შესაბამისად, არ წარუდგენია ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია.კომპანიას არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 6 ივლისს შედგა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი, რომლის მიხედვითაც საწარმოს სალაროს ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებამ ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა სმფ-ების შესაძენად გაწეული ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,154,159,163,164.