გადაწყვეტილება №26100/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26100/2/2025
25 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 30.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26100/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №041-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21695 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 978 932,28 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 528 428,23
დღგ - 208 775,59
საშემოსავლო გადასახადი - 319 652,64
ჯარიმა - 266 180,20
საურავი - 184 323,85
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---დან იმპორტირებული ტანსაცმლის (რიგ შემთხვევაში ფეხსაცმელი, ჩანთა, ქოლგა) შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელს შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა (შემოწმების ბრძანების დანართების მიხედვით) ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე (მათ შორის ერთ შემთხვევაში დაჯარიმებულ იქნა 400 ლარის ოდენობით), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 13 მაისს ჩატარებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაციის პროცედურა,რომლის მიხედვით ადგილზე მისვლისას არ მოიძებნა პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სალაროს ნაშთად განსაზღვრულ იქნა ნული ლარი, გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უფიქსირდება საბაჟო პროცედურები, ხოლო 2023 წლის შემდეგ დეკლარირებას ახდენს ნულოვანი ფორმით. სალარო აპარატით ბოლო ჩეკი ამოღებულია 2022 წლის 9 დეკემბერს. კომპანიის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია სასაქონლო ნაშთების შესახებ. გადამხდელს არ უფიქსირდება საიჯარო ფართი. შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანიას სასაქონლო- მატერიალური ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად გამოანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს უმეტესად სალარო აპარატის ჩეკების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს 14 ზედნადები, სადაც ფიქსირდება ჯამურად 30 საქონლის პოზიცია, ხოლო თანხობრივად ჯამური რეალიზაცია შეადგენს - 139 577 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთეული ჩეკების მიხედვით ამოღებული თანხები არის სოლიდური, ასევე ზედნადებით გამოწერილი საქონლის რაოდენობა ერთჯერადად დაფიქსირებულია დიდი ოდენობით, 200 ცალი, 800 ცალი და ა შ. ამასთან ვერ ხერხდება დაკავშირება შეძენილი და რეალიზებული საქონლის (ზედნადებში მოცემულია ზოგადი დასახელება-მაგ: მაისური, ხოლო საბაჟო ინვოისებში გამიჯნულია ქალის მაისური, მამაკაცის მაისური და ა.შ.) რეალიზაციის დოკუმენტების სიმწირის გამო. სულ ჯამურად შედარებადი აღმოჩნდა დაახლოებით 8 ერთეული მონაცემი. სადაც ფასნამატები მერყეობს - 6 %-დან 359 %-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინიდან გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც ფასწარმოქმნის შესახებ, საქონლის მოძრაობის შესახებ და სხვა (ვერ ხერხდება გადამხდელთან კონტაქტი) შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით (არაპირდაპირი მეთოდი) და კომპანიის ერთობლივი შემოსავლები განსაზღვრა საბაზრო საცალო ფასით (აუდირებული ფასნამატი), რომელიც გავრცელდა რამოდენიმე კატეგორიაზე, ასეთი სახით აკუმულირებულმა შემოსავალმა დეკლარირებულ დღგ-ს გადააჭარბა 1 159 881 ლარით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლით.
დღგ-ს მიზნებისთვის აკუმულირებული შემოსავლის განსაზღვრის შედეგად დადგინდა კომპანიის მისაღები ფულადი სახსრები, ასევე შეუპირისპირდა გამოსაქვითი ხარჯი (ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით). ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა განკარგვადი თანხა (მონიტორინგის მასალების მიხედვით კომპანიას სალაროს ნაშთი შეადგენს ნოლ ლარს), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ჯამურად 1 600 263 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №041-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 25 სექტემბერს --:--საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში და შესაბამისად არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, თუმცა გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და შედეგად, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საქონლის კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა ახლომდებარე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, რომლის საფუძველზეც დადგინდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაბამისად შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხათ საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობად მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმებისა პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: 2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარება, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე მომჩივნისთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მათი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ----ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამტი. არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „გროსვა“ და არსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21695 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ----დან იმპორტირებული ტანსაცმლის (რიგ შემთხვევაში ფეხსაცმელი, ჩანთა, ქოლგა) შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელს შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა (შემოწმების ბრძანების დანართების მიხედვით) ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე (მათ შორის ერთ შემთხვევაში დაჯარიმებულ იქნა 400 ლარის ოდენობით), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 13 მაისს ჩატარებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაციის პროცედურა, რომლის მიხედვით ადგილზე მისვლისას არ მოიძებნა პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სალაროს ნაშთად განსაზღვრულ იქნა ნული ლარი, გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უფიქსირდება საბაჟო პროცედურები, ხოლო 2023 წლის შემდეგ დეკლარირებას ახდენს ნულოვანი ფორმით. სალარო აპარატით ბოლო ჩეკი ამოღებულია 2022 წლის 9 დეკემბერს. კომპანიის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია სასაქონლო ნაშთების შესახებ. გადამხდელს არ უფიქსირდება საიჯარო ფართი. შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანიას სასაქონლო მატერიალური ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად გამოანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს უმეტესად სალარო აპარატის ჩეკების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს 14 ზედნადები, სადაც ფიქსირდება ჯამურად 30 საქონლის პოზიცია, ხოლო თანხობრივად ჯამური რეალიზაცია შეადგენს - 139 577 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთეული ჩეკების მიხედვით ამოღებული თანხები არის სოლიდური, ასევე ზედნადებით გამოწერილი საქონლის რაოდენობა ერთჯერადად დაფიქსირებულია დიდი ოდენობით, 200 ცალი, 800 ცალი და ა. შ. ამასთან ვერ ხერხდება დაკავშირება შეძენილი და რეალიზებული საქონლის (ზედნადებში მოცემულია ზოგადი დასახელება- მაგ : მაისური, ხოლო საბაჟო ინვოისებში გამიჯნულია ქალის მაისური, მამაკაცის მაისური და ა შ) რეალიზაციის დოკუმენტების სიმწირის გამო. სულ ჯამურად შედარებადი აღმოჩნდა დაახლოებით 8 ერთეული მონაცემი. სადაც ფასნამატები მერყეობს - 6%-დან 359%-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინიდან გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც ფასწარმოქმნის შესახებ, საქონლის მოძრაობის შესახებ და სხვა (ვერ ხერხდება გადამხდელთან კონტაქტი) შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით (არაპირდაპირი მეთოდი) და კომპანიის ერთობლივი შემოსავლები განსაზღვრა საბაზრო საცალო ფასით (აუდირებული ფასნამატი), რომელიც გავრცელდა რამოდენიმე კატეგორიაზე, ასეთი სახით აკუმულირებული შემოსავალი შემოწმების მხრიდან აისახა დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო დეკლარაციის აქტის დანართებში.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მხრიდან საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულ იქნა საინვოისო ღირებულებებით, (გამონაკლისს წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია “ა” №5683 - სადაც საინვოისო ღირებულების ნაცლად გამოყენებულ იქნა აფასებული ღირებულება, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციის დანართები არ მოიპოვება არქივში, როგორც არქივიდან მოწოდებულ ინფორმაციაში, ასევე “oracle”-ის სისტემაში, ხოლო ფასნამატის კოეფიციენტის გამოყენებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავს ტერიტორიაზე მოოპერირე სუბიექტების საშუალო ფასნამატით, (ფასნამატები დადგენილია დოკუმენტური რეალიზაციების მეშვეობით) სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე, მაგ: ტანისამოსი, ქალის ტანსაცმელი, მამაკაცის ტანსაცმელი, ბავშვის ტანსაცმელი, ქალი ფეხსაცმელი ჩანთა და სხვა. აუდირებული ფასნამატი არის საშუალო მაჩვენებელი. აღნიშნული საშუალო მაჩვენებლები გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლის კატეგორიებზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატების კატეგორიების მიხედვით, არ იქნა გამოყენებული ერთიანი ფასნამატი მთლიან საქონელ ბრუნვაზე. გადამხდელი ასევე მიუთითებს საშემოსავლო გადასახადში თანხის “აგროსვა”-ის ნაწილზე. შემოწმებამ ფულის ნაშთის განსაზღვრისას იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, სადაც საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა იანგარიშება ნაშთად დარჩენილი თანხის 0,8-სთან შეფარდებით.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.
მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელს შემოწმების პროცესში საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე (მათ შორის ერთ შემთხვევაში დაჯარიმებულ იქნა 400 ლარის ოდენობით), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაციის პროცედურა,რომლის მიხედვით ადგილზე მისვლისას არ მოიძებნა პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სალაროს ნაშთად განსაზღვრულ იქნა ნული ლარი, გადამხდელს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უფიქსირდება საბაჟო პროცედურები, ხოლო 2023 წლის შემდეგ დეკლარირებას ახდენს ნულოვანი ფორმით. სალარო აპარატით ბოლო ჩეკი ამოღებულია 2022 წლის 9 დეკემბერს. კომპანიის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია სასაქონლო ნაშთების შესახებ. გადამხდელს არ უფიქსირდება საიჯარო ფართი. შემოწმებით ჩაითვალა, რომ კომპანიას სასაქონლო- მატერიალური ნაშთი პერიოდის ბოლოსათვის არ გააჩნია.
ამასთან,შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად გამოანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს უმეტესად სალარო აპარატის ჩეკების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს 14 ზედნადები, სადაც ფიქსირდება ჯამურად 30 საქონლის პოზიცია, ხოლო თანხობრივად ჯამური რეალიზაცია შეადგენს - 139 577 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთეული ჩეკების მიხედვით ამოღებული თანხები არის სოლიდური, ასევე ზედნადებით გამოწერილი საქონლის რაოდენობა ერთჯერადად დაფიქსირებულია დიდი ოდენობით, 200 ცალი, 800 ცალი და ა შ. ამასთან ვერ ხერხდება დაკავშირება შეძენილი და რეალიზებული საქონლის (ზედნადებში მოცემულია ზოგადი დასახელება-მაგ: მაისური, ხოლო საბაჟო ინვოისებში გამიჯნულია ქალის მაისური, მამაკაცის მაისური და ა.შ.) რეალიზაციის დოკუმენტების სიმწირის გამო. სულ ჯამურად შედარებადი აღმოჩნდა დაახლოებით 8 ერთეული მონაცემი. სადაც ფასნამატები მერყეობს - 6 %-დან 359 %-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინიდან გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც ფასწარმოქმნის შესახებ, საქონლის მოძრაობის შესახებ და სხვა (ვერ ხერხდება გადამხდელთან კონტაქტი) შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით (არაპირდაპირი მეთოდი) და კომპანიის ერთობლივი შემოსავლები განსაზღვრა საბაზრო საცალო ფასით (აუდირებული ფასნამატი), რომელიც გავრცელდა რამოდენიმე კატეგორიაზე, ასეთი სახით აკუმულირებულმა შემოსავალმა დეკლარირებულ დღგ-ს გადააჭარბა 1 159 881 ლარით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275 -ე მუხლით.
ხოლო,დღგ-ს მიზნებისთვის აკუმულირებული შემოსავლის განსაზღვრის შედეგად დადგინდა კომპანიის მისაღები ფულადი სახსრები, ასევე შეუპირისპირდა გამოსაქვითი ხარჯი (ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით). ანალიზის შედეგად მიღებულ იქნა განკარგვადი თანხა (მონიტორინგის მასალების მიხედვით კომპანიას სალაროს ნაშთი შეადგენს ნოლ ლარს), რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ჯამურად 1 600 263 ლარის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №041-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №21695 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);