გადაწყვეტილება №19308/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19308/2/2023
4.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ ის 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19308/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №002-169 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5388 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 944,58 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 48 866
ჯარიმა - 25 419
საურავი - 15 659,58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და კომერციული ფართების იჯარით გაცემა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.02.2016 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 25.09.2017 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა
ქ. --------, ------- (ს/კ ------------) ვალდებულებით, მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წლის ოქტომბრის თვეში. საზოგადოებამ 10.05.2018 წელს ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 604 კვ. მ-ის ოდენობით უძრავი ქონება. ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 31.12.2019 წლამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით. 2018 წელს გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი დანახარჯების 35%.
შპს -----------ის შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) წარმომადგენლის განმარტებით, შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ 10.05.2018 წლის განშლის საფუძველზე ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის 2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 10.05.2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო შპს -----------ის მიერ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ საზოგადოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს 2 სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით. 2019 წლიდან გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 65%, შესაბამისად, 10.05.2018 წლის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან პროპორციის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-18 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 280 063 ლარი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ 50 411 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით 25 206 ლარი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №002-169 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5388 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 30.05.2018 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ქ. ------------- (ს/კ -----------) ვალდებულებით, მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით.
გადამხდელმა აღნიშნულ მიწაზე მშენებლობა დაიწყო 2018 წელს და ამავე წლის 10 მაისს განახორციელა აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა, ამასთან ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 31.12.2019 წლამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით. ასევე დადგენილია, რომ 2018 წელს გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი დანახარჯების 35%. შპს -----------ის ქვეკონტრაქტორის შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) ახსნა-განმარტების თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირება არ უფიქსირდება.
იმის გათვალისწინებით, რომ შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო 10.05.2018 წლის განშლის საფუძველზე ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის, 2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 10.05.2018 წლის მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მოეხდინა შპს ---------, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით, კერძოდ 10.05.2018 წლის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან პროპორციის გათვალისწინებით, მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კორპუსის აშენების მიზნით დაიდო ხელშეკრულება ფიზიკურ პირებთან, რომლებიც იყვნენ მიწის მფლობელები და პირობა იყო, რომ მიწის სანაცვლოდ აღნიშნული პირები მიიღებდნენ საცხოვრებელ ფართებს, კომპანიამ აღნიშნული პირების წინაშე თავის ვალდებულებები სრულად შეასრულა 14.05.2018 წელს, კერძოდ შპს ---------- აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა შეთანხმება (დანართი №4), რომელიც ასევე გატარებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
აღნიშნული შეთანხმებით მხარეები აღიარებენ, რომ მყიდველის - შპს ------------ის მიერ სრულად შესრულებულია 12.02.2016 წლის მდგომარეობით ნაკისრი ვალდებულებები - მათ შორის მისაღები ფართების გადაცემის ვალდებულება. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მიწის მფლობელებს გაუფორმდათ თავიანთი კუთვნილი ფართები. შესაბამისად მიწოდების მომენტი იყო 14.05.2018 წელს და გაუგებარია, რატომ გახდა სადავო შემდგომ პერიოდზე გადასახადები, ვინაიდან 2018 წელი ხანდაზმულია და შემოწმებას არ აქვს უფლება ამ პერიოდზე დაგვაკისროს საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში დღგ-ის დარიცხვა ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას და არსებულ პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს დაკისრებული გადასახადები და მათთან დაკავშირებული სანქცია-საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად:
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
დადგენილია, რომ საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ქ. ---------- (ს/კ ----------), მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წლის ოქტომბრის თვეში. კომპანიამ 10.05.2018 წელს აღნიშნულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა 604 კვ. მ უძრავი ქონება. 10.05.2018 წელს გაფორმებული შეთანხმებით, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 31.12.2019 წლამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით. 2018 წელს გაწეულია მთლიანი დანახარჯების 35%. ქვეკონტრაქტორი კომპანიის, წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. 2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 10.05.2018 წელს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე ნასყიდობის საგნის მიყვანა უნდა მომხდარიყო მომჩივნის მიერ. 2019 წლიდან გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 65%.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრულია განხორციელებული ოპერაციების შინაარსის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და კომერციული ფართების იჯარით გაცემა.შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ვალდებულებით, მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით.გადამხდელმა აღნიშნულ მიწაზე მშენებლობა დაიწყო 2018 წელს და ამავე წლის 10 მაისს განახორციელა აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა, ამასთან ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 31.12.2019 წლამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით. ქვეკონტრაქტორის ახსნა-განმარტების თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირება არ უფიქსირდება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9);16(1);8(10);18(10);144;161(1ა)