გადაწყვეტილება №27629/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27629/2/2026
16 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.06.2026 და 23.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №27629/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის №8253 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2026 წლის №007-92 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12222 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 228 074.93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 132 186.74
დღგ - 63 107.43
საშემოსავლო გადასახადი - 68 739.31
ქონების გადასახადი - 340
ჯარიმა - 56 794.29
საურავი - 39 093.9
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2025 წლის №4012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 19.04.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 11.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერზე, გამოწერილ ზედნადებებსა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიის დასაბეგრმა ოპერაციებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 23.11.2022 წელს. აღნიშნული თარიღის შემდგომი პერიოდიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვები დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებულ შეძენებზე გადახდილი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლებით.
- გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულის მოძრაობის შესწავლა. აღნიშნულის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის (ფულის) ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2025 წლის №7976 ბრძანება და ამავე თარიღის №007-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.07.2025 წლის №15900 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15900 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15900 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ:
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ინფორმაცია მომწოდებლების მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ შეძენებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შესახებ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა 7 746 ლარის ოდენობით ასახულია დღგ-ის ჩათვლებში. შედეგად აღნიშნული თანხით შემცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი.
- გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. აგრეთვე, შესწავლილი იქნა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და დადგინდა, რომ საწარმოს ნაშთის გამოვლენის პერიოდში ნაღდი ფულით შეძენა-რეალიზაციების ოპერაციები არ განუხორციელებია, შესაბამისად სალაროში არსებული ნაშთის კორექტირება არ განხორციელებულა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ სადავო საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა, დღგ შემცირდა 7 745 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №24259 ბრძანება და ამავე თარიღის №007-288 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.01.2026 წლის №548 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ფულის ნაშთზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების აღსრულების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის დასკვნაში საიდანაც ირკვევა, რომ:
კომპანიის მიერ ბრძანებით დადგენილ ვადებში აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარდგენილია დეკორატიული მცენარეების და ამ მცენარეების მოვლაზე გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია (შესყიდვის და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე მცენარეების არსებობის დამადასტურებელი ფოტო მტკიცებულებები). ამასთან, დადგინდა, რომ მცენარეთა მოვლის მომსახურებები საწარმოს მიღებული აქვს არამეწარმე ფიზიკური პირისგან, შესაბამისად აღნიშნული მომსახურებები ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილი იქნა წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელდა გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში.
საგადასახადო შემოწმების შედეგები გადაანგარიშებით შემცირდა ჯამში 15 186 ლარი, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადი 10 124 ლარით და ჯარიმა 5 062 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 8.04.2026 წლის №8253 ბრძანება და ამავე თარიღის №007-92 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.06.2026 წლის №12222 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ გადაიანგარიშა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შესწავლილი იქნა დეკორატიული მცენარეების და ამ მცენარეების მოვლაზე გაწეული ხარჯებთან დაკავშირებით გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (შესყიდვის და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე მცენარეების არსებობის დამადასტურებელი ფოტო მტკიცებულებები). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
ხოლო, რაც შეეხება სალაროს ნაშთის ნაწილის მოგების გადასახადით დაბეგვრას (სესხად განხილვას) და საურავის შემცირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანებით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 14.07.2025 წლის №15900 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შემმოწმებელს დაევალა დარიცხული თანხების გადაანგარიშების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინება, ასევე დაბეგრილ სალაროს არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით საქმის გამოკვლევა და მისი გათვალისწინება (შემცირება) დარიცხულ საშემოსავლო გადასახადში. შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ, გადაანგარიშებით დარიცხული დღგ-ის ოდენობა შემცირდა 7746 ლარით.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დარიცხვა პირდაპირ დამოკიდებულია სალაროს არაგონივრულ ნაშთზე. კომპანიას პროფილიდან გამომდინარე, ხშირად უწევდა სტუმრების მისაღები სივრცის სხვადასხვა ხე-მცენარეებითა თუ ყვავილებით გაფორმება, რომლის შესყიდვასაც ანგარიშვალდებული პირი (აღნიშნული პერიოდის განმავლობაში) ახორციელებდა ფიზიკური პირებისაგან. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისი გადაანგარშებით გადასახადის გადამხდელს მიეცა საშუალება, წარედგინა ხელწერილი და შესყიდვის აქტები აღნიშნული ხემცენარეების შესყიდვაზე. კომპანიის მხრიდან, მოხდა ხე-მცენარეების შესყიდვის აქტების მიწოდება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელისათვის/აუდიტორისათვის, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც შეადგინა 41 930 ლარი. აღნიშნულის შემდგომ, გადაანგარიშებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხის ოდენობა შემცირდა 10 125 ლარით და შეადგინა 68 739.31 ლარი.
საშემოსავლო გადასახადის ნაწილში რჩება გადამხდელისთვის ერთი არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გატანილ თანხას 100 000 ლარს, რაც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა 2025 წლის იანვრის თვის მოგების დეკლარაციით, არაგონივრული ნაშთის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების მიხედვით (წინა რედაქციით).
იმედს იტოვებს, რომ საბჭო გამოიჩენს გულისხმიერებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას, განიხილავს, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხას (ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხს) და მოახდენს გადასახადების გადაანგარიშებას. გადასახადის გადამხდელი აღიარებს საკუთარ შეცდომას, გამოხატავს მზადყოფნას გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება და გადაიხადოს დღევანდელი დღის მდგომარეობით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის სრული ოდენობა (189 380.23 ლარი).
ამასთან, ითხოვს ეპატიოს დაკისრებული საურავი და ამ შეწყალების შემთხვევაში აღარ გააგრძელებს დავის წარმოებას და გააფორმებს საგადასახადო შეთანხმებას. წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანებით ფულის ნაშთზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის დასკვნით:
კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანებით დადგენილ ვადებში აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარდგენილია დეკორატიული მცენარეების და ამ მცენარეების მოვლაზე გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია (შესყიდვის და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე მცენარეების არსებობის დამადასტურებელი ფოტო მტკიცებულებები). ამასთან, დადგინდა, რომ მცენარეთა მოვლის მომსახურებები საწარმოს მიღებული აქვს არამეწარმე ფიზიკური პირისგან, შესაბამისად აღნიშნული მომსახურებები ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილი იქნა წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელდა გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში რჩება გადამხდელისთვის ერთი არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გატანილ თანხას 100 000 ლარს, რაც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა 2025 წლის იანვრის თვის მოგების დეკლარაციით, არაგონივრული ნაშთის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების მიხედვით (წინა რედაქციით). იმედს იტოვებს, რომ საბჭო გამოიჩენს გულისხმიერებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას, განიხილავს, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხას (ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხს) და მოახდენს გადასახადების გადაანგარიშებას. ამასთან, ითხოვს ეპატიოს დაკისრებული საურავი.
შემოსავლების სამსახური სადავო, 4.06.2026 წლის №12222, ბრძანებაში მიუთითებს, რომ რაც შეეხება სალაროს ნაშთის ნაწილის მოგების გადასახადით დაბეგვრას (სესხად განხილვას) და საურავის შემცირებას, გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანებით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. მომჩივანი არგუმენტს წარმოადგენს ისეთ საკითხებზე, რომელიც შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანებით არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერზე, გამოწერილ ზედნადებებსა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კომპანიის დასაბეგრმა ოპერაციებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 23.11.2022 წელს. აღნიშნული თარიღის შემდგომი პერიოდიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვები დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებულ შეძენებზე გადახდილი დღგ-ის თანხები დაექვემდებარა ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლის და შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგენილ შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულის მოძრაობის შესწავლა. აღნიშნულის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის (ფულის) ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.01.2026 წლის №548 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)