გადაწყვეტილება №21938/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 21938/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21938/2/2024

07 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------ძე (პ/ნ -----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 12.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21938/2/2024).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33794 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი, საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

15.12.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი -----ის კონტროლის ზონაში -----ის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული მომჩივნის ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „------“ – 600 ღერი (30 კოლოფი), რომლის ნაწილი (400 ღერი) მოთავსებული ჰქონდა წელის არეში სპეციალურად გაკეთებულ ბანდაჟში, ხოლო ნაწილი (200 ღერი) ქურთუკის სარჩულის შიგნით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

ვინაიდან მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას, ასევე არ იყო შესრულებული საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე - სიგარეტი „----“ – 600 ღერი (30 კოლოფი), შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №---- ოქმი,ჩამორთმეული საქონელი (დალუქული ----- საბაჟო ლუქით) განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის ადმინისტრაციულ შენობაში.

აღნიშნული ოქმი 19.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2023 წლის №33794 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

14.12.2023 წელს პირად საქმეზე გადავიდა ----ის ტერიტორიაზე და 15.12.2023 წელს შემოვიდა ---ის საბაჟო გამშვები პუნქტით, სადაც ჩამოართვეს პირადი მოხმარებისათვის, ნასესხები ფულით ნაყიდი 30 კოლოფი სიგარეტი და დააჯარიმეს 1 000 ლარის ოდენობით. სულ 1 200 ლარის ზარალი ნახა. მისი თქმით, არის გაჭირვებული, კანონმორჩილი მოქალაქე და სიგარეტი არ გადმოქონდა ჩუმად, არამედ წელის ტკივილის გამო ატარებდა სპეციალურ წელის ქამარს, სადაც ჩალაგებული ჰქონდა სიგარეტების რაღაც ნაწილი.

მომჩივანი აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო სიგარეტის შემოტანის შეზღუდვის თაობაზე და არავის გაუფრთხილებია აკრძალვასთან დაკავშირებით. ამასთან მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას და აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 15.12.2023 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი ----ის კონტროლის ზონაში ----ის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ მომჩივანს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „----“ – 600 ღერი (30 კოლოფი), რომლის ნაწილი (400 ღერი) მოთავსებული ჰქონდა წელის არეში სპეციალურად გაკეთებულ ბანდაჟში, ხოლო ნაწილი (200 ღერი) ქურთუკის სარჩულის შიგნით.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანს 10.01.2023 წლიდან დღემდე უფიქსირდება საზღვრის კვეთის 11 (გასვლა/შემოსვლა) ფაქტი.

2022-2023 წლებში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 3 ფაქტი (29.07.2022წ.; 12.08.2023წ.; 12.09.2023წ.) საყოფაცხოვრებო საქონელზე.

2022-2023 წლებში უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 2 ფაქტი (15.10.2022წ; 28.02.2023წ.) თამბაქოს ნაწარმზე.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიექცეს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის №33794 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

15.12.2023 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსული მომჩივნის ფიზიკური დათვალიერებისას აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე,ვინაიდან მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას, ასევე არ იყო შესრულებული საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი,ჩამორთმეული საქონელი განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის ადმინისტრაციულ შენობაში.

აღნიშნული ოქმი წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №33794 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(„დ.ბ“, „დ.გ“);

ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1); 73(1 „ა“ ); 168(3);