გადაწყვეტილება №21926/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21926/2/2024
26 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ს “ 10.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21926/2/2024).
დავის საგანი:
შეძენილი საქონლის 46%-იანი ფასნამატით რეალიზებულად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №081-190 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 დეკემბრის №30316 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 59 648 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 38 158
ჯარიმა - 19 079
საურავი - 2 411
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 აგვისტოს №21072 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 8 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს 2023 წლის მარტის თვეში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეა-"------" შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის ავტო ნაწილები, ღირებულებით დღგ-ის ჩათვლით 171 340 ლარი. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 26 137 ლარი, რომელიც ჩათვლილი აქვს 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში №"------".
კომპანიის წარმომადგენელს მოეთხოვა განმარტება ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში დაფიქსირებული საქონლის რეალიზაციის ან/და ნაშთად არსებობის შესახებ. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა განმარტებითი ბარათი დირექტორის სახელით ორ ენაზე თურქულად და ქართულად, დამოწმებული ნოტარიულად, სადაც განმარტებულია, რომ კომპანიამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ეა-"------" დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის მარტის თვეში კონკრეტულ პირზე, რომლის მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტები კომპანიისთვის უცნობია.
წერილში დაფიქსირებულია, რომ გადასახადის გადამხდელს რეალიზებული საქონლის ღირებულებიდან, მხოლოდ ნაწილი თანხა აქვს მიღებული - 25 000 ლარი, აღნიშნულიდან გამომდინარე არ მოახდინა რეალიზაციის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. შემოწმების პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული მონაცემები შეუდარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებს, ბანკის ამონაწერებს. შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედარებებით და აუდიტის დეპარტამენტში, აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით (მეორადი ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობაზე), საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შეძენილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა-"------" დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოხდა 46-%-ანი ფასნამატით. შემოწმებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23087 ბრძანება და №081-190 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 59 648 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 დეკემბრის №30316 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით, მართლზომიერად განხორციელდა შეძენილი საქონლის რეალიზაცია 46%-იანი ფასნამატით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დადგენილი იყო, რომ საწარმომ შეძენილი სხვადასხვა სახის ავტონაწილები მიჰყიდა "---------"-ს, თუმცა მყიდველმა წინასწარ გადაუხადა მხოლოდ თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით. დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა 2 კვირის ვადაში, რაც არ შესრულდა. აღნიშნულის შემდგომ ხსენებულ პიროვნებასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება გაყიდული საქონლის უკან დაბრუნებაზე, თუმცა ამაოდ - "---------"-მ მიითვისა საქონელი და დღემდე ვერ ხერხდება მასთან კომუნიკაცია. სწორედ აღნიშნულის გამო არ არის დაფიქსირებული ავტონაწილები როგორც რეალიზებული და შესაბამისად, არც შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა შეფასებულიყო ამგვარად. ამასთან, დარიცხული ფასნამატები და ჯარიმებიც არის არასამართლიანი. მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2024 წლის №"------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 2023 წლის მარტის თვეში ანგარიშ-ფაქტურით ეა-"------" შპს „N1-სგან“ (ს/ნ "------") შეძენილი აქვს სხვადასხვა სახის ავტო ნაწილები, ღირებულებით დღგ-ის ჩათვლით 171 339 ლარი. აღნიშნული ა/ფ-ში ეა-"------" დაფიქსირებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 26 136 ლარი საზოგადოებას ჩათვლილი აქვს 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაში N "------". საწარმოს წარმომადგენელს მოეთხოვა განმარტება ა/ფ-ში ეა-"------" დაფიქსირებული საქონლის რეალიზაციის ან/და ნაშთად არსებობის შესახებ, ინფორმაციის სახით. კომპანიის დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა განმარტებითი ბარათი ორ ენაზე თურქულად და ქართულად, დამოწმებული ნოტარიულად, რაშიც განმარტებულია, რომ საზოგადოებამ ა/ფ-ში ეა-"------"დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოახდინა 2023 წლის მარტის თვეში კონკრეტულ პირზე, რომლის მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტები საზოგადოებისთვის უცნობია. წერილში დაფიქსირებულია, რომ მომჩივანს რეალიზებული საქონლის ღირებულებიდან, მხოლოდ ნაწილი თანხა აქვს მიღებული - 25 000 ლარი, აღნიშნულის გამო არ მოახდინა რეალიზაციის ფაქტურის გამოწერა. შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედარებებით და აუდიტის დეპარტამენტში აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით (მეორადი ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობაზე), საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული შეძენილი დღგ-ის ა/ფ-ში ეა-"------" დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოხდა 46%-იანი ფასნამატით. შემოწმებით, გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 2023 წლის მარტის თვეში.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული მონაცემები შეუდარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებს, ბანკის ამონაწერებს. შემოწმებით, არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედარებებით და აუდიტის დეპარტამენტში, აუდირებული შემოწმებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შეძენილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაფიქსირებული საქონლის რეალიზაცია მოხდა 46-%-ანი ფასნამატით. შემოწმებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),136,159,163.