ბრძანება N 869

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2024
№ დოკუმენტი 869
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 869

23 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 25, 26 და 29 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №219471/21, №221041/21-11 და №223589/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №249-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში განხორციელბულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ------- სესხის გაცემის დროს უზრუნველყოფის საგანზე (უძრავ ქონებაზე) არეგისტრირებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშკრულებას. აღნიშნული ფაქტი სამ საკადასტრო კოდზე არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ არის. ამის დადასტურება შეიძლება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით. აღნიშნული უძრავი ქონებები წარმოადგენს ------- საკუთრებას და არაფერ შუაში არ არის გაცემულ სესხებთან. ასევე, აუდიტის დეპარტამენტს გაცემულ სესხად ჩათვლილი აქვს 17 000 დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტის სახით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, 75 645 ლარით გაზრდილი აქვს 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, შემოსავლების სამსახურს 2018 წლიდან აქვს ჩათვლილი სესხად გაცემული თანხები და ვარაუდის საფუძველზე თვლის, რომ მას მერე მსესხებელს სესხის ძირი თანხა არ დაუბრუნებია. შესაბამისად, პროცენტი დარიცხული აქვს ძირი თანხის უცვლელად, რომელიც დაუსაბუთებლად ზრდის ერთობლივ შემოსავალს. აღნიშნული საკითხები არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და დარიცხვა დაფუძნებულია ვარაუდებზე.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან, ------- სააღრიცხვო დოკუმენტები არ ჰქონდა, შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირ გაიანგარიშა მისაღები შემოსავლები. ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ ქონდა შემოსავლების სამსახურს, მაგრამ გაცემულ სესხზე საპროცენტო სარგებელი თვიურად განსაზღვრა 4%, ანუ წლიური 48%. შემოწმების მიერ არც ამის მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი და საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე. აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით და სესხზე საპროცენტო განაკვეთზე ზედა ჭერი უნდა განესაზღვრა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.

2. გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №11012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 ნოემბრის №28914 ბრძანება და ამავე თარიღის №249-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 081 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 279 ლარი, ჯარიმა 11 640 ლარი, საურავი 6 162 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ ------- არ აქვს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმებისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ ფ/პ ------- სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ქონების გადაფორმების სანაცვლოდ გასცემს სესხებს ფიზიკურ პირებზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ფ/პ ------- სესხის გაცემის დროს უზრუნველყოფის საგანზე არეგისტრირებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში კი უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების პირვანდელ მესაკუთრეს. ამასთან, სესხის ძირითად თანხასთან ერთად ფიზიკური პირები ------- უხდიდნენ პროცენტის თანხას. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით გამოვლინდა რომ, სულ პროცენტის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2020-2022 წლებში შეადგინა 114645 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად ფ/პ ------- ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო ამავე მუხლის მე3 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფ/პ ------- სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ქონების გადაფორმების სანაცვლოდ გასცემს სესხებს პიზიკურ პირებზე. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით გამოვლენილია რომ, სულ პროცენტის სახით მიღებულმა შემოსავალმა 2020-2022 წლებში შეადგინა 114645 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში განხორციელბულ დარიცხვებს; გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ ფიზიკური პირი, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის გარეშე, უძრავი ქონების გადაფორმების სანაცვლოდ გასცემს სესხებს ფიზიკურ პირებზე. ფ/პ სესხის გაცემის დროს უზრუნველყოფის საგანზე არეგისტრირებდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში კი უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების პირვანდელ მესაკუთრეს. ამასთან, სესხის ძირითად თანხასთან ერთად ფიზიკური პირები უხდიდნენ პროცენტის თანხას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ფ/პ ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102(1-ვ); 269(7)