გადაწყვეტილება №22726/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22726/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22726/2/2024).
დავის საგანი:
კაპიტალის შემცირების მიზნით დამფუძნებლის მიერ გატანილი სმფ-ის ნაშთის რეალიზებულ პროდუქციად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის №001-305 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5226 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 159 619.98 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 81 231
დღგ - 45 214
საშემოსავლო გადასახადი - 36 017
ჯარიმა - 40 492
საურავი - 37 896.98
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში.
აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №23411 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას. საწარმოს წარმომადგენლის წერილობითი ახსნაგანმარტებით, კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგი წარმოადგენს კაპიტალში შენატანს. მისივე ახსნა-განმარტებით, 2020 წელს პანდემიის გამო მის მიერ ვერ ხერხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია და მიიღო საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება. დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალი გატანილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახით (ახსნაგანმარტების მიხედვით). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ექსპორტი, ადგილობრივი რეალიზაცია არ გააჩნია. შემოწმების შედეგად კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩათვლილია რეალიზებულ პროდუქციად (აუდირებული ფასნამატის მიხედვით) და დაიბეგრა დღგ-ით.
ასევე, გადასახადის გადამხდელს პერიოდის ბოლოს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. კერძოდ, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შედეგად, დაკორექტირდა ჩათვლილი თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №32375 ბრძანება და 22.12.2024 წლის №001-305 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 7.02.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2024 წლის №5226 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას. შემოწმების მიერ კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი სმფ-ის ნაშთი ჩათვლილი იქნა აუდირებული ფასნამატით რეალიზებულად, შედეგად, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, კერძოდ, კაპიტალის შემცირების მიზნით დამფუძნებლის მიერ გატანილი სმფ-ის ნაშთის რეალიზებულად განხილვა და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია 2019 წელს შეიქმნა, რომელსაც მიზნად ქონდა ყიდვა/გაყიდვის სფეროში მოეხდინა ოპერირება, თუმცა ერთ-ერთ ხელისშემშლელ მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პანდემია მოიაზრება. 2020- 2021 წლებში ორგანიზაციამ საქონელი შემდეგი გაყიდვის მიზნით, დაასაწყობა და შემდეგ ვერ მოახერხა რეალიზაცია. პანდემიის დროს ბაზარზე რთული გახდა მოქმედება, შეიქმნა ხელისშემშლელი ფაქტორები კონკურენტუნარიანობის კუთხით და ასევე, მოთხოვნის შემცირების გამო. ზოგიერთი საქონელი არ შეინახა შესაბამის გარემოშიც, დიდი ხნის განმავლობაში, ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება. მაგალითად: ცემენტი, წებო და ა.შ. 2020 წელს ასევე მოხდა პირბადეების ექსპორტი კომპანიის მხრიდან. აღნიშნული ექსპორტი გამოიწვია პანდემიის დროს პირბადეების დეფიციტმა და სიტუაციის ხელშეწყობის მიზნით მოხდა მისი ექსპორტზე გატანა. 2021 წლის შემდეგ ორგანიზაციას არ მიუღია, არც საქონელი და არც რეალიზაცია განუხორციელებია, აქედან გამომდინარე დირექტორმა, რომელიც არის 100%-იანი წლის მფლობელი, მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომ რა თანხაც ჩაიდო კაპიტალის სახით საქონლის შესაძენად შეამცირა მიღებული საქონლით ანუ რაც ჩადო ფულადი ფორმით, აიღო საქონლის სახით. აღსანიშნია, რომ როგორც ზემოთ განიმარტა ზოგიერთი საქონლის შენახვა ვერ მოხერხდა პირვანდელი ფორმით და შესაბამისად შეიძლება მოვიაზროთ, რომ ნაკლები ღირებულების საქონლით შემცირება მოუწია დამფუძნებელს, ვიდრე მან ჩადო კაპიტალის სახით.
ორგანიზაცია არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას. არ არის გადახდისუნარიანი და ვერ მოახერხებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, შესაბამისი რესურსის უქონლობის გამო.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება/გაუქმება, რადგან ფიზიკურად არ გააჩნია ორგანიზაციას საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის გადახდის შესაძლებლობა, რადგან რეალურად 2020-2021 წლების შემდეგ არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება ზემოთ აღნიშნული ხელისშემშლელი ფაქტორებიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2024 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას. საწარმოს წარმომადგენლის წერილობითი ახსნა-განმარტებით, კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგი წარმოადგენს კაპიტალში შენატანს. მისივე ახსნა-განმარტებით, 2020 წელს პანდემიის გამო მის მიერ ვერ ხერხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია და მიიღო გადაწყვეტილება საქმიანობის შეჩერების. დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალი გატანილი იქნა სმფ-ის სახით (ახსნა-განმარტების მიხედვით). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ექსპორტი, ადგილობრივი რეალიზაცია არ გააჩნია. შემოწმების მიერ კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი სმფ-ის ნაშთი ჩათვლილი იქნა რეალიზებულ პროდუქციად (აუდირებული ფასნამატის მიხედვით) და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმების შედეგად კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი სმფ-ის ნაშთი ჩათვლილი იქნა რეალიზებულ პროდუქციად (აუდირებული ფასნამატის მიხედვით). გადასახადის გადამხდელს პერიოდის ბოლოს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებას/გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგი წარმოადგენს კაპიტალში შენატანს.დამფუძნებლის მიერ შეტანილი კაპიტალი გატანილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ექსპორტი, ადგილობრივი რეალიზაცია არ გააჩნია. შემოწმების შედეგად კაპიტალის შემცირების მიზნით გატანილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩათვლილია რეალიზებულ პროდუქციად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს პერიოდის ბოლოს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. კერძოდ, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს. შედეგად, დაკორექტირდა ჩათვლილი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),101,154,163,164.