ბრძანება N 20830
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20830
23 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 2 აპრილის და 19 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს და 3 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები: №70 და №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №27653/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 2 აპრილის №27064/2/2026 და 19 მაისის №102442/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №006-60 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის მითითება. ითხოვს, გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №006-60 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოხდეს შემოწმების მიერ განსაზღვრული გადასახადის ხელახალი გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ნოემბრის №25801 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 8 ოქტომბრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფიზიკურ პირ ---სა და საწარმოს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის უძრავ ქონებაზე არსებული საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ალტერნატიული ექსპერტიზა და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ნოემბრის №25801 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 24 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 მარტის №006-60 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 5 ივნისის №12451 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 23 ივლისის №27653/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 5 ივნისის №12451 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №27653/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ საკითხის 8.05.2026 წელს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბინების (ფართების) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და საკითხის განხილვა გადაიდო 4 კვირის ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე, დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25801 ბრძანების აღსრულების შეფასებისას, სამსჯელოა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ 7.07.2026 წლის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშზე. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ დგინდება, რომ შპს „---ს“ მიერ ბინების პირველადი რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის ივნისის თვეში, ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 04 თებერვლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაევალა შპს „---ს“ უძრავი ქონების (ს/კ ---) (1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის) საბაზრო ღირებულების შეფასება. მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თარიღის შესაბამისად, 2018 წლის სექტემბრის თვის პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წლის 12 თებერვლის ვალის მართვის დეპარტამენტის N11574-21-17 მოხსენებითი ბარათის მიხედვით გამოირკვა, რომ ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია 2018 წლის პერიოდში მშენებლობის დაწყებამდე განხორციელებული წინასწარი გაყიდვების რეალიზაციის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების შესახებ. შესაბამისად, ვერ განხორციელდა მითითებული ქონების შეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხული გადასახადები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/ მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა ქ. ---ში (----ში) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ქვეკონტრაქტორების მეშვეობით და ფართების რეალიზაციას. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2018 წელს. კერძოდ, 2018 წლის 4 სექტემბერს საწარმომ სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან გააფორმა „უძრავი ქონების ნასყიდობის, მომსახურების გაწევისა და სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება. ხელშეკრულება წარმოადგენს სამმხრივ შეთანხმებას: ერთის მხრივ მიწის მესაკუთრეებს (გამყიდველი), მეორეს მხრივ შპს „---ს" (მყიდველი") და მესამე მხრივ ---ს ("შემსრულებელი") შორის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „---" ვალდებულია მხარეებს გადასცეს ფულადი სახით 440 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და უძრავი ქონება 3 460 კვ.მ., საცხოვრებელი და მთლიანი ავტოსადგომების 25%.
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განიხილა მომჩივნის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიში.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით, ქ.---ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი ფართის 1კვ/მ-ის ე.წ „შავი კარკასის“ საბაზრო ღირებულება შეადგენს 570 აშშ დოლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმება ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: შესაფასებელ ქონებაზე, მხარეებს შორის (შპს „---სა“ და ფიზიკურ პირ ----ას შორის) ხელშეკრულება დადებულია 2018 წლის 4 სექტემბერს, ხოლო წარმოდგენილი შეფასების დასკვნის მიხედვით უძრავი ქონება შეფასებულია 2018 წლის მარტის მდგომარეობით. ამასთან, უძრავი ქონების ღირებულება არსებითად დამოკიდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო ნებართვის აღების მომსახურებაზე.
სამშენებლო ნებართვა კი გაცემულია 2019 წლის თებერვლის თვეში. ასევე, უძრავი ქონების შეფასების დასკვნაშივე მითითებულია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის და Jumpstart-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, ვაკეში 1 კვ/მ საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი შეადგენს 998 აშშ დოლარს. შესაბამისად შემოწმებისთვის უცნობია, საიდან არის მიღებული შეფასების დასკვნაში მითითებული შესაფასებელი ქონების საბაზრო ფასი 570 აშშ დოლარი. გარდა აღნიშნულისა, შეფასების დასკვნაში მოყვანილია საჯარო რეესტრის გაყიდვების ბაზიდან მიმდებარე ქუჩებზე სხვა სამშენებლო კომპანიების მიერ გაყიდული ბინების ხელშეკრულებათა ფასები. ამ შემთვევაში მნიშვნელოვანია, შეფასდეს შპს „---სა” და შესადარისი ქონებების რეალიზაციების მსგავსება. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმება მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესადარებელ პროექტებზე სამშენებლო ნებართვები გაცემულია 2018 წლამდე პერიოდებში, კერძოდ, 2014 და 2012 წლებში, პროექტით გათვალისწინებულ ბინებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებიც დადებულია იმავე ან შემდგომ პერიოდებში, რაც მნიშნველოვნად განსხვავდება შპს „---ის” მიერ რეალიზებული ბინების პერიოდებისგან. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ფიზიკურ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფიზიკურ პირ ---ზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეასრულა შემოსავლების სამსახურის მითითება. ითხოვს, გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №006-60 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად მოხდეს შემოწმების მიერ განსაზღვრული გადასახადის ხელახალი გადაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დგინდება, რომ მომჩივნის მიერ ბინების პირველადი რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის ივნისის თვეში, ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 04 თებერვლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაევალა უძრავი ქონების (1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის) საბაზრო ღირებულების შეფასება. მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თარიღის შესაბამისად, 2018 წლის სექტემბრის თვის პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წლის 12 თებერვლის ვალის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის მიხედვით გამოირკვა, რომ ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია 2018 წლის პერიოდში მშენებლობის დაწყებამდე განხორციელებული წინასწარი გაყიდვების რეალიზაციის ბაზარზე არსებული საბაზრო ღირებულებების შესახებ. შესაბამისად, ვერ განხორციელდა მითითებული ქონების შეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხული გადასახადები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ფიზიკურზე გადაცემული ფართების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე ბარტერის ხელშეკრულების (სამმხრივი შეთანხმების) გაფორმების მომენტისთვის. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9 (ბ)); 18; 16 (1,2); 14 (1 (ა)); 159 (1); 163 (1,2); 164 (1).