ბრძანება N711

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.01.2023
№ დოკუმენტი 711
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 711

23.01.2023

„-----„ -ს (პას. -------)

(მის.: -----------)

2022 წლის 13 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა „----„ -ს (პას. №-----) №225973/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 ნოემბრის №EL191999 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2022 წლის 23 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებით გამოცხადებისას განუმარტეს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება შემოყვანილია საქართველოს მოქალაქის მიერ 2022 წლის 28 აგვისტოს, ფიქსირდება 20 დღიანი ვადის დარღვევა. მომჩივანი მიუთითებს, რომ სატრანსპორტო საშუალება ეკუთვნის მეუღლეს, რომელმაც სთხოვა სატრანსპორტო საშუალება შემოეყვანა საქართველოს მოქალაქეს, თუმცა ვადების შესახებ არ ფლობდა ინფორმაციას და მიაჩნია, რომ უსაფუძვლოდ დაჯარიმდა.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის 23 ნოემბერს,საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა უკრაინის მოქალაქე„------„(„_____“,პასპ. № ------) მართვის ქვეშ მყოფი, უკრაინაში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო ნომრით " ------ ").

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად,მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი„------“ გავლით საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოყვანილ იქნა 2022 წლის 28 აგვისტოს საქართველოს მოქალაქე "-----"ს (პ/ნ"------")მიერ და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 27 ოქტომბერი.

ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყოს შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეული იყო 20 დღეზე მეტი დღით,გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე,საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 23 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL191999 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც უკრაინის მოქალაქე „-----„დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით“.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.„-----„ -ს (პას. №----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 23 ნოემბრის №EL191999 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები

ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყოს შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეული იყო 20 დღეზე მეტი დღით,გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე,უკრაინის მოქალაქეს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,165.