გადაწყვეტილება №21597/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2024
№ დოკუმენტი 21597/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21597/2/2023

12 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:"---------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21597/2/2023).

 

დავის საგანი:

2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №"-------" წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29327 ბრძანება.

 

სადავო თანხა: არ ზუსტდება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 27 მაისს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დარიცხულია ქონების გადასახადი ქ. "-------"-ში , "-------" ქუჩაზე მდებარე 510 კვ.მ-დან 255-კვ.მ. (510-ის ½) არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს/კ "--------").

2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხოლო მომდევნო 2021-2023 წლების გადასახადები დარიცხულია ავტომატური რეჟიმით (STS პაკეტით) საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2018-2019 წლების დარიცხვაზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გადასახადის გადამხდელზე ჩაბარებულია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული ვებგვერდიდან 23.10.2023 წელს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით, "-------"-ს სახელზე (თანასაკუთრების უფლებით) ფიქსირდება 510 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ "--------"), 2014 წლის 24 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა (მშენებარე, მათ შორის საცხოვრებელი) დაფიქსირდა 2020 წლის 31 დეკემბრის განცხადების „უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია“ საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დარიცხული 2018-2019 წლების ქონების გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა, რაზეც გადასახადის გადამხდელს ეცნობა 2023 წლის 27 ოქტომბრის № "--------" წერილით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29327 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლზე, 205-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-12 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 205-ე მუხლის 13 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-14 ნაწილზე, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივი გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ "---------" ) შენობა-ნაგებობა (მშენებარე, მათ შორის საცხოვრებელი) დაფიქსირდა 2020 წლის 31 დეკემბრის განცხადების „უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია“ საფუძველზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადის დარიცხვა 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ვინაიდან ხელმძღვანელობს მხოლოდ საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები კი ცხადყოფს, რომ მშენებლობის ნებართვა აიღო 2015 წელს და 2017 წელს შენობა-ნაგებობა დგას მის მიწის ნაკვეთზე. საჩივარს ურთავს მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას და შესაბამის ფოტო-მასალას, რაც მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს ადასტურებს.

მომჩივანი ითხოვს ჩამოჭრილი თანხის გადასახადის გადამხდელის გვერდზე დარიცხვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, "-------"-ს სახელზე (თანასაკუთრების უფლებით) ფიქსირდება 510 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ"--------"), 2014 წლის 24 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა (მშენებარე, მათ შორის საცხოვრებელი) დაფიქსირდა 2020 წლის 31 დეკემბრის განცხადების „უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია“ საფუძველზე.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა კანონშესაბამისია. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.მომჩივანი ითხოვს ჩამოჭრილი თანხის გადამხდელის გვერდზე დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ, 2021 წლის 27 მაისს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე, დარიცხულია ქონების გადასახადი არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე მიწაზე ქონების გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხოლო მომდევნო 2021-2023 წლების გადასახადები დარიცხულია ავტომატური რეჟიმით.

მომჩივანის სახელზე ფიქსირდება 510 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2014 წლის 24 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა დაფიქსირდა 2020 წლის 31 დეკემბრის განცხადების „უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია“ საფუძველზე.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე დარიცხული 2018-2019 წლების ქონების გადასახადი შემცირებას არ დაექვემდებარა, რაზეც გადამხდელს ეცნობა წერილით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29327 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებზე, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა კანონშესაბამისია. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

203,205,206.