ბრძანება N 12368
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12368
05 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------, ----------;
იურ. მის.: ----------, ----------)
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) №78476/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №056-60 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორია 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების ფასნამატის გავრცელება. ასევე, არ ეთანხმება ცემენტისა და ფილების სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული ფასნამატის ოდენობას. მიუთითებს საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებულ ფასებსა და შესყიდვის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებულ ფასებზე და აცხადებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული ფასნამატი ნაკლებია შემოწმებით დადგენილზე.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე, 2019-2020 წლებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელებას და აცხადებს, რომ ამ პერიოდებზე მის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატების გაანგარიშება (პოზიციების და წლების მიხედვით), რაც თითქმის საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი ფასნამატების იდენტურია. ამასთან, გაურკვეველია რა პრინციპით იქნა მოძიებული შემოწმებით გამოყენებული ფასნამატი, ვინაიდან, მომჩივნისთვის ცნობილია ------- რაიონში ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგები, სადაც შემოწმებით დადგენილი ფასნამატი დაახლოებით თანხვედრაშია მის მიერ დეკლარირებულ ფასნამატთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9758 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32633 ბრძანება და ამავე თარიღის №056-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 225 864 ლარი, მათ შორის გადასახადი 123 406 ლარი, ჯარიმა 55 946 ლარი და საურავი 46 512 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ---------- ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით, საღებავებით, რკინა-კავეულით და მისთანებით საცალო რეალიზაცია. პირი აღნიშნულ საქმიანობას ეწევა ქალაქ ----------, ---------- იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8.1%-ს, 2020 წელს - 6.8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7.5%-ს. პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 19 მაისს და 2022 წლის 13 ოქტომბერს ჩაუტარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გამოთვლილი იქნა ფასნამატები და 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გავრცელდა ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც ფასნამატი არ იქნა დაფიქსირებული, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი - 6%. რაც შეეხება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16.46%. პირს, გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ასევე გაეზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რაც გამოწვეულია კრედიტისთვის გადახდილი პროცენტის არასწორად დეკლარირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, სადაც ცემენტისა და ფილების სასაქონლო ჯგუფების ფასნამატთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებაში განმარტებულია, რომ ცემენტის კატეგორიის საქონელი შესყიდული იქნა ორჯერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს. პირველი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა 2022 წლის 19 მაისს. 4 ლარად იქნა შეძენილი „LITOCHROM EX 1-6 ARM GRIGIO PERLA C.30 1KG“ დასახელების საქონელი, რომლის თვითღირებულებაც 3,5 ლარს შეადგენს. მეორე საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა 2022 წლის 13 ოქტომბერს. 10,5 ლარად შესყიდულ იქნა „წებოცემენტი LF 100(25კგ)“ დასახელების საქონელი, რომლის თვითღირებულებაც 9 ლარს შეადგენდა. ცემენტის კატეგორიის საქონლის შესყიდვის ღირებულებამ ჯამში შეადგინა 14.5 ლარი, ხოლო მათმა თვითღირებულებამ 12,5 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ კატეგორიაზე ფასნამატი გამოდის 16%. რაც შეეხება კერამიკულ ფილას, იგი შეძენილ იქნა 13 ლარად 2022 წლის 19 მაისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დროს, ხოლო მისი თვითღირებულება 11 ლარს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ფილის ფასნამატმა შეადგინა 18%.
დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის წილი მთლიანი რეალიზაციის 4%-საც კი არ შეადგენდა, რაც ძალიან ცოტაა და მთლიან რეალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ არაგონივრულად მიიჩნია დოკუმენტური ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება.
რაც შეეხება 2019-2020 წლებზე გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, შემოწმებისას გამოყენებულ იქნა იმ პირის აუდირებული ფასნამატი, რომელიც ი/მ ---------- მსგავს საქმიანობას ეწევა იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე. ეს ორი პირი, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული აუდირებული პირებისგან განსხვავებით, მსგავს პირობებში იყვნენ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების მიხედვით საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გაანგარიშებული ფასნამატების 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელება, ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც არ იქნა დაფიქსირებული ფასნამატი, საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, მართლზომიერია 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემოწმებით გამოყენებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატის გავრცელება. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მასალებით, საღებავებით, რკინა-კავეულით და მისთანებით საცალო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2019 წელს 8.1%-ს, 2020 წელს - 6.8%-ს, ხოლო 2021 წელს - 7.5%-ს. პირი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის მიხედვითაც საქონლის გარკვეულ ჯგუფებზე გამოთვლილი იქნა ფასნამატები და 2021-2022 წლების შესამოწმებელ პერიოდებში გავრცელდა ამ ჯგუფში არსებულ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. ხოლო ისეთ საქონელზე, რომლის კატეგორიაზეც ფასნამატი არ იქნა დაფიქსირებული, გავრცელდა სასაქონლო ჯგუფებზე მიღებული საშუალო შეწონილი ფასნამატი - 6%. რაც შეეხება 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდს, გადასახადის გადამხდელს შემოწმებით გაუვრცელდა აუდირებული ფასნამატი 16.46%. პირს, გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ასევე გაეზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, რაც გამოწვეულია კრედიტისთვის გადახდილი პროცენტის არასწორად დეკლარირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით,, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 73(5); 136(3); 159; 163(1); 100(3-ბ); 102(1-ა); 275