ბრძანება N 11138
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11138
19.05.202
შპს „--------------“ (ს/ნ --------------)
( მის.: -------------------- )
2023 წლის 28 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „---------------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 28 აპრილის №80626/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №002-36 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი განმარტავს, რომ ზედნადებები მიიღო გამყიდველი პირებისგან და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომლითაც მყიდველი ვალდებულია გამყიდველთან გადაამოწმოს იმ ხის მასალის შეძენის ისტორია (სასაქონლო ზედნადებებში ფირნიშების, სახერხი საამქროს ცნობების, წარმოშობის დოკუმენტების სისწორე და სხვა), რომელსაც ყიდულობს და ამასთან მას არც ჰქონდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. შესაბამისად, აცხადებს, რომ შემოწმებით გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშებისას გამოყენებული 75%-იანი ნორმა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრა დაუსაბუთებელი და უსამართლოა.
ითხოვს მოგების გადასახდაში დარიცხული თანხისგან და შესაბამისი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №30824 და 2023 წლის პირველი მარტის № 3943 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------------“ (ს/ნ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 5 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2022 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე, 2023 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 30 მარტის №6409 ბრძანება და ამავე თარიღის №002-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 180 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 858 ლარი, ჯარიმა 8 232 ლარი, საურავი 2 090 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ შესყიდული ხე-ტყის მერქნული რესურსების პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში (ზედნადებებში) დაფიქსირებული ფირნიშები/წარმოშობის დოკუმენტაცია, ან არ იძებნება (გარემოს ბაზაში) ან/და ფირნიშების მიხედვით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი მერქნული რესურსის შეძენა უფიქსირდება.
შემოწმების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადამხდელის შეძენის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით ან არ დგინდება ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის დამზადების ფაქტი ან/და წარმოშობის დოკუმენტით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტია შესყიდული. შემოწმებით მინიმალური ფასის გათვალისწინებით, სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის პირველი ნაწილის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ხეტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შესყიდული ხე-ტყის მერქნული რესურსების პირველად საგადასახადო დოკუმენტაციაში (ზედნადებებში) დაფიქსირებული ფირნიშები/წარმოშობის დოკუმენტაცია ან არ იძებნება (გარემოს ბაზაში) ან/და გადამხდელს ფირნიშების მიხედვით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი მერქნული რესურსის შეძენა უფიქსირდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული საქონლის შესაძენად გადახდილი თანხასა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მინიმალური ფასის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ ხარჯს შორის სხვაობა მართლზომიერად დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს მოგების გადასახდაში დარიცხული თანხისგან და შესაბამისი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, გადამხდელის შეძენის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული მონაცემებით ან არ დგინდება ლიცენზიანტის მიერ ხე-ტყის დამზადების ფაქტი ან/და წარმოშობის დოკუმენტით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტია შესყიდული. შემოწმებით მინიმალური ფასის გათვალისწინებით, სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);61(3);73(5);97(1)ბ;982;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ “ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილი