ბრძანება N 19117

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.08.2026
№ დოკუმენტი 19117
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19117

25 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 3 აგვისტოს №103843/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 ივლისის №007-190 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება 174 807 ლარის ოდენობის საქონლის იმპორტი. გადამხდელისთვის გაუგებარია თუ როგორ დაერიცხა 108 437 ლარის ოდენობით გადასახადი, მაშინ როდესაც საწარმოს საერთოდ არ ჰქონია განხორციელებული იმპორტზე დღგ-ის ჩათვლა. მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა საფუძვლად აიღო სხვა გადასახადის გადამხდელების მიმართ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მონაცემებით დადგენილი ფასნამატი, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს აუდირებულ ფასნამატად, რადგან აუდირებული ფასნამატი უნდა იყოს გადამხდელის მიერ აღიარებული მონაცემი. განმარტავს, რომ გაუგებარია ფასნამატის გაანგარიშების მეთოდი, რადგან შემმოწმებელს არ აქვს მითითებული თუ რომელი თარიღის საბაჟო დეკლარაციას უპირისპირებს საკონტროლო შესყიდვას. ასევე არასწორია გაანგარიშების პრინციპიც, რადგან მხოლოდ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის ღირებულება არ წარმოადგენს საქონლის თვითღირებულებას. მიაჩნია, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ ღირებულებას უნდა დაემატოს ხარჯები (საბაჟო მოსაკრებელი, საბაჟო ბროკერის მომსახურების საფასური, ტრანსპორტირების, დატვირთვა-გადმოტვირთვის, ექსპედიტირების და სხვა პირდაპირი ხარჯები), რომლებიც აუცილებელია საქონლის შემოსატანად, შესაბამისად, მხოლოდ საქონლის შეძენის დოკუმენტით საქონლის თვითღირებულების დადგენა ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლს. ამასთან, აცხადებს, რომ გაანგარიშების ცხრილი არ არის სწორი, გაუგებარია თუ როგორ დადგინდა ფასნამატი. მიუთითებს, რომ აღნიშნულის საპასუხოდ წარმოადგენს საკუთარი გაანგარიშების ცხრილს, რომელიც აგებულია შემმოწმებლის მონაცემების საფუძველზე და სადაც კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, საკონტროლო შესყიდვის მონაცემებიდან გამოქვითულია დღგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 ივნისის №13357 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის 30 ივლისიდან 2026 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 ივლისის №14987 ბრძანება და ამავე თარიღის №007-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 165 455 ლარი, მათ შორის გადასახადი 108 437 ლარი, ჯარიმა 54 218 ლარი და საურავი 2 800 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ვერ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდა გადამხდელის ადგილსამყოფელის დადგენა და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 174 807 ლარის საქონლის იმპორტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულება თვეების მიხედვით, ხოლო შეძენილ საქონელზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის შესაბამისად, გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოწმების მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხოლო დარჩენილი ნაშთი 392 303 ლარის ოდენობით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 13 აგვისტოს 12:30 საათზე ჩანიშნული იყო საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდა გადამხდელის ადგილსამყოფელის დადგენა და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 174 807 ლარის საქონლის იმპორტი. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულება თვეების მიხედვით, ხოლო შეძენილ საქონელზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს აუდირებული ფასნამატი. ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხოლო დარჩენილი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს არ გააჩნდა დოკუმენტური რეალიზაციები, შესაბამისად, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი აუდირებული ფასნამატი. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, საქონლის თვითღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა თვეების მიხედვით, შეძენილ საქონელზე კატეგორიების მიხედვით მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ვერ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდა გადამხდელის ადგილსამყოფელის დადგენა და შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი განისაზღვრა ნული ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის იმპორტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულება თვეების მიხედვით, ხოლო შეძენილ საქონელზე კატეგორიების მიხედვით გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე საწარმოს აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის შესაბამისად, გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, შემოწმების მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა საინვოისო ღირებულებები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხოლო დარჩენილი ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164;