ბრძანება N 919

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2025
№ დოკუმენტი 919
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 919

30 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------)

(იურ. მის.: --------------------------)

2025 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) 2025 წლის 18 იანვრის №93739/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №081-246 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს (39.06%) და განმარტავს, რომ რეალური ფასნამატი შეადგენს 5%-ს. აცხადებს, რომ 2021-2022 წლები იყო კოვიდური და პოსტ-კოვიდური პერიოდი, რის გამოც კომპანიას უწევდა საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია. მტკიცებულების სახით საჩივარს თან ურთავს ფიზიკურ პირებზე გაყიდული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შესყიდვის აქტებს. ასევე, გადამხდელი დამატებით განმარტავს, რომ რეალიზაციის ძირითად ნაწილს შეადგენდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით მიღებული შემოსავლები. აქაც მაღალი კონკურენციისა და პოსტ-კოვიდური პერიოდის გავლენით, უმეტესად მიწოდება ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ფასდათმობით. აღნიშნულის მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს სახელმწიფო შესყიდვების პორტალიდან ამონარიდი ცხრილის სახით, რომელშიც წარმოდგენილია ლოტის საწყისი ღირებულება და კომპანიის მიერ მისი შესრულებისას გაწეული ფასდათმობის პროცენტული და თანხობრივი მაჩვენებლები. მიუხედავად ასეთი ფასდათმობისა, კომპანიამ მოახერხა ყველა სახელმწიფო შესყიდვის შესრულება, რაც დასტურდება შემსყიდველი სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილებით, რომელიც თან ერთვის საჩივარს. გადამხდელის განმარტებით, სასაქონლო ნაშთის 90% არის აკუმულატორები, საბურავები და ზეთები, რომელთა ღირებულებაა 92 474 ლარი. აცხადებს, რომ შეძენების საერთო ღირებულებას უნდა გამოაკლდეს აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ღირებულება (92 474 ლარი) და შემდეგ მოხდეს ფასნამატის გავრცელება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს განკარგვადი თანხის (სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 5% ფასნამატის გავრცელების შემთხვევაში შეუძლებელია სალაროში თავისუფლად განკარგვადი ნაშთის არსებობა. აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორმა პირადი შენატანით დაფარა მომწოდებლების წინაშე კომპანიის არსებული დავალიანება, რასთან დაკავშირებითაც აუდიტორისთვის წარდგენილი აქვს შედარების აქტები.

3. მომჩივანი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №2582 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 დეკემბრის №26769 ბრძანება და ამავე თარიღის №081–246 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 036 502 ლარი, მათ შორის გადასახადი 568 204 ლარი, ჯარიმა 288 683 ლარი და საურავი 179 615 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელმა დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სწორად და დროულად არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ასევე, არ იყო თანმიმდევრულად აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც ვერ კონტროლდებოდა მათი დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება. შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 1 834 578 ლარს, რომლის 36.3%-ს შეადგენდა აკუმულატორების ღირებულება, 13.09%-ს საბურავების ღირებულება, ხოლო 31.91%-ს ზეთების ღირებულება. სააღრიცხვო მონაცემით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთის ღირებულება განისაზღვრა 102 749 ლარის ოდენობით, ხოლო საწყისი ნაშთის ღირებულება განისაზღვრა 7 790 ლარის ოდენობით. გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების უმეტესი ნაწილის რეალიზაცია უნდა განხორციელებულიყო საკონტროლოსალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის გამოყენების გარეშე (მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტებით სულ მიწოდებულია 4 ცალი აკუმულატორი, 8 ცალი საბურავი და 672 ლიტრი ზეთი). საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების მონაცემით, ბრუნვა შეადგენდა 9 589 ლარს, ხოლო საბანკო ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორების თანხა შეადგენდა 5 526 ლარს. დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი დღგ-ს გარეშე შეადგენდა 1 134 407 ლარს. აღნიშნულ თანხაში გაწეული მომსახურების ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 286 452 ლარს. ანალიზით გამოდის, რომ დოკუმენტური შემოსავლის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო დღგ-ს გარეშე 284 119 ლარის ღირებულების საქონელმა. აღნიშნული მონაცემებით მხოლოდ საქონლის მიხედვით ფასნამატი შეადგენდა 198%-ს, ხოლო მომსახურების ჩათვლით ფასნამატი შეადგენდა 299%-ს. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 39.06%.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ღირებულებაზე გავრცელდა 39.06% ფასნამატი. მიღებული ჯამური თანხა (2 024 018 ლარი) გადანაწილდა შესაბამის თვეებზე დეკლარირებული საერთო ბრუნვის თანხაში შესაბამისი თვის ბრუნვის ხვედრითი წილის პროპორციულად. შედეგად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით 159-ე, 160-ე, 1601 , 162-ე, 1621 , 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგინდა განკარგვადი თანხა, 932 005 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის ნაწილი (914 282), სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, ჩაითვალა 2023 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელის მიერ დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სწორად და დროულად არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, არ იყო თანმიმდევრულად აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც შეუძლებელი იყო კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ:

. „გადამხდელის წარმომადგენელს გაეგზავნა შესყიდული აკუმულატორების, საბურავების, ზეთების რეესტრი და ეთხოვა წარმოედგინა თითოეული საქონლის სარეალიზაციო ფასი. წარმოდგენილი ცხრილით გადამხდელის წარმომადგენელმა შესყიდულ ყველა საქონელზე ხელოვნურად დააფიქსირა ისეთი სარეალიზაციო ფასები, რომ მიეღო ფასნამატი 5%.

. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ყველა წელს დაფიქსირებული იყო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ზარალი (სულ ზარალის თანხა შეადგენდა 1 150 870 ლარს). კომპანიის დირექტორმა აუდიტის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ ზარალის გამომწვევ ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების მიხედვით განხორციელებული მომსახურებების დროს ხშირი ჯარიმები და თანხის დაკავებები. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების და შესყიდული საქონლის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის მომსახურების გასაწევად გამოყენებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენდა 198%-ს, ხოლო მომსახურების ღირებულების ჩათვლით ფასნამატი შეადგენდა 299%-ს.

. საჩივარზე თანდართულ საქონლის რეალიზაციის დამადასტურებელ 9 შესყიდვის აქტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელს აღნიშნული დოკუმენტაცია, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, არ წარუდგენია შემოწმების მიმდინარეობის დროს. ამასთან, საწარმოს დირექტორმა აუდიტის დეპარტამენტს წერილობით დაუდასტურა, რომ შემოწმების დროს წარდგენილი დოკუმენტების გარდა სხვა დოკუმენტები არ გააჩნდა. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემებით, აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების რეალიზაცია განხორციელდა თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. საგულისხმოა, რომ შესყიდვის აქტებში ასახული ზოგიერთი საქონლის შეძენა საერთოდ არ ფიქსირდება ან ფიქსირდება რეალიზებულზე ნაკლები ოდენობით. -----ძე და ------ძე იყვნენ შპს „----ის” მიერ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირები. ამდენად, შესყიდვის აქტებში ასახული მონაცემები არ არის სარწმუნო.

. გარდა ამისა, საჩივრით წარმოდგენილ ცხრილში ასახული ტენდერის გამოცხადების ღირებულება სინამდვილეში არის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება (ავტომობილებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სამუშაოს და ასეთი სამუშოებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება), ხოლო შპს „----ის“ მიერ შესრულების საბოლოო ღირებულება არის პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება (გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ავტომობილებზე ჩასატარებელი ნებისმიერი სამუშაოს და ასეთი სამუშოებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება). ტენდერის გამოცხადების დროს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო განცხადებებში მითითებულია შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც გაცილებით ნაკლებია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე და გამარჯვებულ პრეტენდენტთან სწორედ ამ თანხაზე ფორმდება ხელშეკრულება. როგორც ზემოთ აღინიშნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების და შესყიდული საქონლის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ მხოლოდ მომსახურების გასაწევად გამოყენებულ საქონელზე ფასნამატი შეადგენდა 198%-ს, ხოლო მომსახურების ღირებულების ჩათვლით ფასნამატი შეადგენდა 299%-ს.

. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენდა 95 249 ლარს, თუმცა აკუმულატორების, საბურავების და ზეთების ნაშთის ღირებულება შეადგენდა 24 501 ლარს. შესყიდული აკუმულატორების, საბურავების, ზეთების ღირებულებას (1 491 708 ლარი დღგ-ს გარეშე) დააკლდა 24 501 ლარი და დოკუმენტურ რეალიზაციებზე ჩამოწერილი საქონლის ღირებულება (11 707 ლარი დღგ-ს გარეშე). აღნიშნული დასტურდება გადამხდელის წარმომადგენლისთვის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი დაანგარიშების ცხრილებით. ცხრილში შესაბამის უჯრას ახლავს კომენტარი - „საბოლოო ნაშთი დააკლდა და დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება“. ასევე, ცხრილის შესაბამის უჯრაში ჩაწერილ ფორმულაში ასახულია თვითღირებულებაზე დაკლებული თანხები.

. შპს „-----ი“ აკუმულატორებს, საბურავებს და ზეთებს ყიდულობდა შპს „-----სგან“ და შპს „-----გან“. 2024 წლის ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდში შპს „-----ის“ მიერ შპს „----გან“, შპს „------სგან“ და შპს „-------სგან“ შეძენილი საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების ფასები 12 და 26 ნოემბერს შეუდარდა აღნიშნული საწარმოების ვებგვერდებზე გაცხადებულ ფასებს. დადგინდა, რომ შპს „----ი“, შპს „-------ა“ და შპს „-------ი“ იმავე საქონელს საცალოდ ყიდდა შპს „-----თვის“ მიწოდებული საქონლის ღირებულებაზე გაცილებით მეტ ფასად.

. შპს „----ის“ მიერ აკუმულატორების, საბურავების და ზეთების რეალიზაციაზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები (ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებით ზეთის რეალიზაციის რამოდენიმე შემთხვევა, რომლის მიხედვით ფასნამატები შეადგენს 54,64%-ს, 64,84%-ს, 105,13%-ს, 150%-ს, 190,70%-ს). შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატი განისაზღვრა ზეთის რეალიზაციის ორი დოკუმენტისა და სხვა საქონლის რეალიზაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მონაცემების საფუძველზე (ძრავის ზეთი, ტრანსმისიის ზეთი, ზეთის ფილტრი, რკინის ხამუთი, გიტარის ტულკა, ნაკანეჩნიკი, ღერო (სტერჟინი), ჰიდრავლიკური ტუმბო, ძრავის ბალიში, ანტიფრიზი, საჭის წევის დაბოლოება, საქარე მინა, ამორტიზატორი, სტერჟინი, პილნიკი, ტაოტი, სამუხრუჭე ხუნდი, საყრდენი დისკი). ამასთან, საშუალო შეწონილი ფასნამატის განსაზღვრის დროს დაანგარიშებაში მონაწილეობა არ მიუღია 100%-ზე მაღალი მნიშვნელობის მქონე მონაცემებს.“

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ: „ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემით „--/1/------ძე“ ბუღალტრულ ანგარიშზე აღრიცხული იყო საწარმოში დიდი ოდენობით თანხის შეტანა-გატანა (შეტანა - 1 718 531 ლარი, გატანა - 265 749 ლარი) და თანხის წარმომავლობა საწარმოს დირექტორმა ვერ დაადასტურა.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ღირებულებაზე 39.06% საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება:

1.მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს .

2.სალაროს განკარგვადი თანხის (სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2582 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26769 ბრძანება და №081–246 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 036 502 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადამხდელმა დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სწორად და დროულად არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ასევე, არ იყო თანმიმდევრულად აღრიცხული ყველა ოპერაცია, რის გამოც ვერ კონტროლდებოდა მათი დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება. შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 1 834 578 ლარს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთის ღირებულება განისაზღვრა 102 749 ლარის ოდენობით, ხოლო საწყისი ნაშთის ღირებულება განისაზღვრა 7 790 ლარის ოდენობით. გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ საქონლის ნაწილის რეალიზაცია უნდა განხორციელებულიყო საკონტროლოსალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის გამოყენების გარეშე (მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტებით ). საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების მონაცემით, ბრუნვა შეადგენდა 9 589 ლარს, ხოლო საბანკო ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორების თანხა შეადგენდა 5 526 ლარს. დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი დღგ-ს გარეშე შეადგენდა 1 134 407 ლარს. აღნიშნულ თანხაში გაწეული მომსახურების ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 286 452 ლარს. ანალიზით გამოდის, რომ დოკუმენტური შემოსავლის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღო დღგ-ს გარეშე 284 119 ლარის ღირებულების საქონელმა. აღნიშნული მონაცემებით მხოლოდ საქონლის მიხედვით ფასნამატი შეადგენდა 198%-ს, ხოლო მომსახურების ჩათვლით ფასნამატი შეადგენდა 299%-ს. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე განსაზღვრულმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 39.06%.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედეგად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით 159-ე, 160-ე, 1601 , 162-ე, 1621 , 163-ე, 164-ე მუხლების საფუძველზე. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, ხარჯების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, საბანკო ანგარიშის ამონაწერის ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგინდა განკარგვადი თანხა, 932 005 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის ნაწილი (914 282), სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, ჩაითვალა 2023 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1); 269(1.7)