გადაწყვეტილება №27507/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2026
№ დოკუმენტი 27507/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27507/2/2026

21 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 4.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27507/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის №007-59 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10875 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 211 697,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 116 820,47

დღგ - 21 703,47

საშემოსავლო გადასახადი - 95 117

ჯარიმა - 83 408,2

საურავი - 11 468,93

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩინეთიდან და ირანიდან იმპორტირებული შერეული საქონლის (მანქანის ზეთები, ტანსაცმელი, ელ. სკუტერი, ჭურჭელი) რეალიზაცია. საწარმო 14.08.2024 წელს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად და მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2026 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.08.2024 წლიდან 1.11.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ჩინეთიდან და ირანიდან განხორციელებულია 1 048 584 ლარის ღირებულების შერეული საქონლის იმპორტი. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებულია 688 997 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ აღნიშნული საქონლის რეალიზაციას ახდენდა საცალოდ 3-დან 5%-მდე ფასნამატით, რეალიზაცია ხდებოდა სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით, საქონლის საბოლოო ნაშთი არ გააჩნდა.

ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ იყო აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში, ვერ ხერხდებოდა კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. საწარმოს გამოწერილი ჰქონდა ერთი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადები ღირებულებით - 4 983 ლარი (რაც შეადგენდა საერთო ბრუნვის 5%-ზე ნაკლებს), არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატების დადგენა. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის თვითღირებულებაზე, 1 043 472 ლარზე, გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები და ჩაითვალა რეალიზებულად. კერძოდ, ავტომობილის ზეთები 25%, ელ. სკუტერი 30%, ესთეთიკა 47,55%, საყოფაცხოვრებო საქონელი/ჭურჭელი 40%, ტანსაცმელი 52,7%, განათება 56%. შემოწმების შედეგად განსაზღვრულმა დღგით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 383 238 ლარი. შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს წარმოდგენილი ჰქონდა საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებულ იქნა ფულის ნაშთი - 380 471 (აგროსილი 475 587) ლარის ოდენობით, რომელიც „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორისთვის გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის №007-59 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10875 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსხურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა მაინც ჩათვალა, რომ ყველა საქონელი რაც კი შემოჰქონდა კომპანიას უნდა განესაზღვრა საბაზრო ფასებით გაყიდული რის მიხედვითაც გამოვიდა რომ კომპანია იყო დიდ მოგებაზე გასული და დაეკისრა ეს გადასახადები.

საწარმო თანამშრომლობს სხვადასხვა წვრილ კომპანიასთან, რომელთაგანაც იღებს სხვადასხვა დასახელების საქონლის შეკვეთას. ჩინეთში წარმომადგენლის დახმარებით ახორციელებს საქონლის შესყიდვას და ტრანსპორტირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ერთ დეკლარაციაში შეიძლება იყოს რამდენიმე კომპანიის საქონელი, ამის გამო განბაჟებას ახორციელებს თავად კომპანია, განბაჟებულ საქონელს ფასნამატის სახით უმატებს 5%-ს და ისე აწვდის მომხმარებელს. ამ 5%-ში შედის კომპანიის მომსახურების საფასური, რასაც უხდიან დამკვეთები საქონლის ჩამოტანაში და ეს თანხა წარმოადგენს კომპანიის მოგებას, საიდანაც ნაწილდება თანამშრომლების ხელფასები, იჯარა და სხვადასხვა ხარჯი. ამასთან, მომჩივანი დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო მიზნებისთვის შემოსავლის საბაზრო ღირებულებით დათვლა შესაძლებელია მხოლოდ უსასყიდლო მიწოდებისას. მოცემულ შემთხვევაში მიწოდება არ მომხდარა უსასყიდლოდ, მხარის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც მითითებულია, რომ მიწოდება იყო სასყიდლიანი და მოგება განისაზღვრა თვითღირებულებაზე 5% ნამატით.

შემოწმებისას ფასების დათვლა მოხდა არა მითითებული მოგების ოდენობით, არამედ საბაზრო ღირებულებით. გარდა იმისა, რომ საბაზრო ღირებულების დათვლა/გამოანგარიშება განხორციელდა არასწორად. ასევე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო მიზნებისთვის შემოსავლის საბაზრო ღირებულებით დათვლა შესაძლებელია მხოლოდ უსასყიდლო მიწოდებისას. მოცემულ შემთხვევაში მიწოდება არ მომხდარა უსასყიდლოდ, მხარის მიე მიცემულ ახსნა განმარტებაშიც მითითებულია რომ მიწოდება იყო სასყიდლიანი და მოგება განისაზღვრა თვითღირებულებაზე 5% ნამატით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით განმარტა: შპს N1-ის ანგარიში ასახავს თუ როგორი იქნებოდა გადასახადის დარიცხვა იმ შემთხვევაში, თუ შემოწმება გაითვალისწინებდა მხოლოდ ფისკალური Z-ანგარიშების ნეტო ბრუნვას. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა გადასახადის გადამხდელის მიერ სააღრიცხვო დოკუმენტაციის არქონა. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკა. არაპირდაპირი მეთოდი გულისხმობს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას აქტივების მოცულობის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული სხვა ინფორმაციის, ანალოგიური საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელების მონაცემების შედარებისა და სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. არაპირდაპირი მეთოდის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ფასნამატის მეთოდი, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია სავაჭრო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ. ამავე მეთოდურ მითითებაში აღნიშნულია, რომ ფასნამატის დადგენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს: „გ) მესამე – შესადარისი პირის ან ამავე პირის სხვა საგადასახადო შემოწმების მასალები (შემდგომში – „სხვა შემოწმების ფასნამატი“).“ შესაბამისად, შემოწმების მიერ, მეთოდური მითითების მოთხოვნათა შესაბამისად, გამოყენებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელებთან საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი აუდირებული ფასნამატები, რის საფუძველზეც განისაზღვრა რეალიზებული საქონლის ღირებულება. გამოყენებული ფასნამატების შესახებ ინფორმაცია ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტშიც.

მეორე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მომსახურების ხელშეკრულება შპს „N2“ (ს/ნ „--------“), ზემოაღნიშნული კომპანია უმოქმედოა, მის მიერ წარმოდგენილი ყველა საგადასახადო დეკლარაცია ნულოვანია, კომპანიას მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ასევე, არ უფიქსირდება მიღებული ან გამოწერილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მხოლოდ მოცემული დოკუმენტების წარმოდგენა ვერ იქნება მიჩნეული შემოწმების ჯგუფისთვის საკმარის და სანდო მტკიცებულებად.

საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში ჩინეთიდან და ირანიდან განხორციელებულია შერეული საქონლის იმპორტი. შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით, საქონლის რეალიზაციით დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა დაფიქსირებულია 688 997 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა განმარტა, რომ აღნიშნული საქონლის რეალიზაციას ახდენდა საცალოდ 3-დან 5%-მდე ფასნამატით, რეალიზაცია ხდებოდა სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით, საქონლის საბოლოო ნაშთი არ გააჩნდა.ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტერიას, შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სმფ-ების რაოდენობრივი და სახეობრივი გაშიფვრა.საწარმოს გამოწერილი ჰქონდა ერთი რეალიზაციის სასაქონლო ზედნადები,არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დოკუმენტური ფასნამატების დადგენა.

შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს წარმოდგენილი ჰქონდა საშემოსავლო და მოგების გადასახადის ყოველთვიური ნულოვანი დეკლარაციები. შემოწმების შედეგად,გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. შესამოწმებელ პერიოდებში მიღებულ იქნა ფულის ნაშთი,რომელიც დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორისთვის გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ-ის 154-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ,საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,163,164.