გადაწყვეტილება №18148/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18148/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18148/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 8.11.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18148/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ადგილობრივი სიმინდის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №041-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2022 წლის №26936 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 40 166 ლარი.

მათ შორის: დღგ - 26 423

ჯარიმა - 11 457

საურავი - 2 286

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა მეფრინველეობა, ახორციელებს ქათმისა და კვერცხის რეალიზაციას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „-----------“ ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, ჩათვლილი დღგ-ის თანხების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 17 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა 2022 წლის 5 ივლისის №17486 ბრძანება და №041-20 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.10.2022 წლის №26936 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ადგილობრივი სიმინდის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებში შპს „----------“ შეძენილი აქვს 173 225.4 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მარცვლეული სახელწოდებით -------- სიმინდი, აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა სულ 26 424.21 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი. საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შპს „----------“ მიერ ჩათვლილი დღგ (26 424.21 ლარის ოდენობით) დაექვემდებარა გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით და 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიიჩნია, რომ შემოწმებით შპს „---------“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგის ჩათვლის გაუქმება და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მართლზომიერია, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მეფრინველეობის დარგში. კერძოდ, წარმოადგენს მეფრინველეობის სანაშენე საჯიშე რეპროდუქტორს. ჰყავს მეკვერცხული, მეკვერცხულმეხორცული და მეხორცული მიმართულების სანაშენე-საჯიშე ფრინველი, როგორც ფერმერული ისე საკარმიდამო მეურნეობისთვის. რეალიზაციას უწევს ძირთადად ერთდღიანი წიწილს და მოზარდ ან გაზრდილ ფრინველს. წიწილის გაზრდით ღებულობს სადედე ფრინველს, რომელიც 6 თვის შემდეგ აძლევს საინკუბაციო და სასურსათო კვერცხს, რომლის რეალიზაციას ახდენს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საზღვარგარეთ.

საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოებაში ხდება -------- (იმპორტირებული) სიმინდის მოხმარება, ვინაიდან ქართულ ხორბალთან დაკავშრებით გააჩნია ცუდი გამოცდილება. დაბინძურებული ქართული ხორბლის წარმოებაში გამოყენების შედეგად, დაეხოცა ფრინველი და მიიღო მნიშვნელოვანი ზარალი. ჰქონდა რა მწარე გამოცდილება შეძლებისდაგვარად, გამოკითხვით, ხდება გადაკონტროლება მომწოდებელი კომპანია ახდენს თუ არა სიმინდის იმპორტს. მხოლოდ ამის შემდგომ იღებს ამა თუ იმ კომპანიისგან მარცვლეულის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას. სწორედ ასე გადამოწმდა მის მიერ აღნიშნული კომპანია შპს „----------“, კერძოდ, ახდენდა თუ არა სიმინდის იმპორტს -------- დან და აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემდგომ, განხორციელდა --------- სიმინდის შესყიდვა. გარდა ამისა, მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში და ანგარიშ-ფაქტურებში აღნიშნულია, რომ შესყიდული პროდუქცია წარმოადგენს ---------- სიმინდს. მიღებული საქონლის შესაბამისი ღირებულება ანაზღაურებულ იქნა დღგ-ის ჩათვლით და სრულ შესაბამისობაშია იმ პერიოდში არსებულ საბაზრო ფასებთან. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას რომ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, დღგ ჩათვლილია მის მიერ არასწორად, რადგან მომწოდებლის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე პასუხს არ აგებს. მითუმეტეს, რომ კომპანიის ფუნქციაა მიიღოს ხარისხიანი მარცვლეული შესაბამისი დოკუმენტაციით და მოახდინოს მისი დროული ანაზღაურება, და ვერ მოირგებს მაკონტროლებელი ორგანოს როლს, რომ აკონტროლოს მომწოდებლები. აქედან გამომდინარე, ვერ დაუშვებს პრეცენდენტს, პასუხი აგოს სხვის არაკეთილსინდისიერ ქცევასა თუ დანაშაულზე. მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 174 მუხლის თანახმად, მოახდინა გადახდილი დღგ-ის თანხების ჩათვლა და ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, მისი ქმედება სრულ შესაბამისობაშია არსებულ კანონმდებლობასთან.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნაა გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები (გადასახადი და ჯარიმა).

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებში შპს „-----------“ შეძენილი აქვს 173 225.4 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მარცვლეული სახელწოდებით -------- სიმინდი, აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა სულ 26 424.21 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №----------21-14 წერილის მიხედვით, შპს „---------“ (ს/ნ ---------) შეძენილი აქვს მარცვლეული სახელწოდებით „--------- სიმინდი“ შპს „-----“-სგან (ს/ნ --------), ხოლო შპს „--------“ უფიქსირდება მარცვლეულის შეძენა სამი სხვადასხვა გადასახადის გადამხდელისგან, რომელთაც მარცვლეულის წარმოშობაზე არ უფიქსირდებათ იმპორტის განხორციელების დოკუმენტი, რიგ შემთხვევაში კი მომწოდებელს საერთოდ არ უფიქსირდება საკმარისი რაოდენობის შეძენილი პროდუქცია.

მხარეთა არგუმენტების, საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, მომჩივნის მიერ შეძენილია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი (სიმინდი), რომლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით, ხოლო, მომჩივანს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ მიწოდებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების და შესაბამისი სანქციის დაკისრების თაობაზე.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №041-20 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 11 457 ლარი და საურავი - 2 286 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტის გათვალისწინებით, უდავოა საწარმოს კეთილსინდისიერების საკითხი შესაბამისად, მომჩივანი მოითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.