გადაწყვეტილება №21416/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21416/2/2023
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 26.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21416/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. სსიპ „-------- სგან “ შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №021-47 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27453 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 99 700 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 901
დღგ - 16 553
მოგების გადასახადი - 12 713
საშემოსავლო გადასახადი - 32 635
ჯარიმა - 31 211
საურავი - 6 588
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 24.06.2021 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 4.07.2023 წლის №15738 ბრძანება და №021-47 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27453 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა შემოწმებით სსიპ „------- სგან“ შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №021-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27453 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესაძენად გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენარეალიზაცია. კომპანიის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, ზემოხსენებული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციით. აღნიშნულზე შემოწმებით დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საინტერესოა, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლი არ ითვალისწინებს ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის ვალდებულებას საქონლის „შემძენის“ მიერ, კერძოდ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ამასთან, ჯართის ფიზიკური პირებისაგან შეძენის პროცესი რეალობაში არის ძალიან სპეციფიკური. გროვდება ან დასახლებულ პუნქტებში ჩამოვლით, ან ობიექტზე ფიზიკური პირის მიერ მოტანით. უმეტეს შემთხვევაში თითოეული პირისგან შეძენილი ჯართის ღირებულება არის ძალიან მცირე, რისთვისაც ურთულდებათ პირადობის მოწმობის მოძიება, ჯამში კი აღნიშნული პირების რაოდენობა არის საკმაოდ დიდი, რაც ბიზნესისთვის ძალიან ართულებს გადასახადის დეკლარირების შესაძლებლობას, რადგან შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია ტექნიკურად არ ითვალისწინებს თითოეული პირის იდენტიფიკაციის გარეშე აღნიშნული გადასახადის დეკლარირების შესაძლებლობას. შესაბამისად აღნიშნულ სეგმენტში ბიზნეს რეალობა და კანონმდებლობა ერთმანეთისგან აცდენილია. ზემოთ განხილული ორი ფაქტორი ქმნის იმ მომენტს, რის გამოც აღნიშნული გადასახადის დეკლარირება კომპანიის მიერ ვერ მოხდა.
ითხოვს მსჯელობას აღნიშნული საკითხის ირგვლივ, რათა შემუშავებული იქნეს უფრო მარტივი გზა ზემოთ დასახელებული მუხლით გათვალისწინებული გადასახადის დეკლარირებისთვის. ამასთან, დაბეგვრა რომ ვერ განახორციელა, არ იყო გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით განხორციელებული და გარკვეულწილად კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ზემოთ მოყვანილ საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ისევ ასაჩივრებს აღნიშნულ საკითხს და ითხოვს შემოწმების მიერ დარიცხული ჯარიმის 13382 ლარის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 996 ბრძანების 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოწმებისას დადგენილია, რომ მომჩივნის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს ფიზიკური პირებისგან შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენაზე გადახდილი თანხის შესაბამისი დაბეგვრა არ მოუხდენია, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
2. სსიპ „----- სგან“ შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას 2021 წლის ივლისის პერიოდში სსიპ "-------"-სგან შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა. სსიპ "------"-სგან შესყიდული საქონელი გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და წარმოადგენს ჯართს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის ჩათვლა გაუუქმდა, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, პირს შეძენილი აქვს საქონელი (შავი ლითონის ჯართი), რომელზედაც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მართლზომიერად მიიჩნია შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ასევე, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, სსიპ „--------სგან “ შეძენილ საქონელზე გამყიდველის მიერ ფასი განსაზღვრულია დღგ-ის ჩათვლით, შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც გამორიცხავს იმ მომენტს, რომ აღნიშნული ოპერაცია არ იყოს დაბეგრილი გამყიდველი მხარის მიერ და შესაბამისი თანხა არ იყოს გადახდილი ბიუჯეტში. გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო დღგ-ის ჩათვლის შედეგად სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა შეაფასა და გაანალიზა გადამხდელის მიერ განხორციელებული ქმედებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი და მიიჩნია, რომ მომჩივანი განსახილველ შემთხვევაში, მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით სსიპ „------ სგან “ შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №021-47 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
სსიპ „-----ს გან“ შეძენილ საქონელზე, გამყიდველის მიერ საქონლის სარეალიზაციო ფასი დღგ-ს ჩათვლით, რაზედაც შედგენილი აქვს შესაბამისი იურიდიული და საგადასახადო დოკუმენტაცია, მ.შ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც გამორიცხავს იმ მომენტს, რომ აღნიშნული ოპერაცია არ იყოს დაბეგრილი „გამყიდველი“ მხარის მიერ შესაბამისი დეკლარაციით და ასევე აღნიშნული დღგ-ის თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც დასტურდება იმით, რომ მისი ქონება დღეის მდგომარეობით დატვირთული არ არის იპოთეკა/გირავნობით და რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში, რისი გადამოწმებაც მარტივადაა შესაძლებელი თუნდაც შემოსავლების სამსახურის ოფიციალურს გვერდზე განთავსებული რეესტრების საშუალებით. შესაბამისად შპს "--------"-ის მიერ აღნიშნული დღგ-ს თანხის ჩათვლით, სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიუღია, რადგან აუდიტის მსჯელობიდანვე გამომდინარე - საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის დარღვევითაა ოპერაცია დაბეგრილი გამყიდველი მხარის მიერ, რომლიდან მიღებული თანხა ისედაც არ ეკუთვნოდა სახელმწიფო ბიუჯეტს, რადგან აღნიშნული ოპერაცია საერთოდ არ ითვალისწინებდა დღგ-თი დაბეგვრას.
ასევე განხილვისთვის საინტერესოა ის მომენტი, რომ თუ საგადასახადო შემოწმების მიდგომა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროს იყო ის მოტივი, რომ სახელმწიფო დაზარალდა მის მიერ, ზემოთ აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის მიღების შედეგად და დაარიცხა მას ჩათვლილი თანხა, მიმართა თუ არა ოფიციალურად სსიპ „-------- ს“, აღნიშნული ოპერაციის დაკორექტირების და დღგ-ის უკან დაბრუნების მიზნით, რადგან გამოდის რომ ბიუჯეტში ზედმეტად დარჩა „გამყიდველი“ მხარის მიერ დეკლარირებული და გადახდილი თანხა, რის შესახებაც შემოწმება ფლობდა ინფორმაციას, მაგრამ რეაგირება არ მოახდინა. რაც თავის მხრივ არასწორი მიდგომაა გადასახადების სამართლიანი დათვლის პრინციპების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის ივლისის პერიოდში სსიპ ------ -სგან შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა. სსიპ "-------"-სგან შესყიდული საქონელი გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და წარმოადგენს ჯართს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს დღგის ჩათვლა გაუუქმდა, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში მომჩივნის მიერ შესყიდული საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან, აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართებულია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურმა 7.11.2023 წლის №27453 ბრძანებით ამავე მოტივით მომჩივანი გაათავისუფლა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში (სსიპ „------- -სგან “ შეძენილ შავი ლითონის ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება), ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე (დღგ-ში) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის მე-2 სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე (დღგ-ში) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი თხოვს შემოწმების მიერ დარიცხული ჯარიმის შემცირებას.
2.მომჩივანი თვლის,რომ საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის დარღვევითაა ოპერაცია დაბეგრილი გამყიდველი მხარის მიერ და აღნიშნული ოპერაცია საერთოდ არ ითვალისწინებდა დღგ-თი დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივ ბაზარზე შავი და ფერადი ლითონის ჯართის შეძენარეალიზაცია. კომპანიის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი, რომლის შეძენაზე გადახდილი თანხა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.ზემოხსენებული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
2.კომპანიას სსიპ-ის შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი, რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა.სსიპ-სგან შესყიდული საქონელი გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის,მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და წარმოადგენს ჯართს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის ჩათვლა გაუქმდა, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას აღნიშნული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურმა 7.11.2023 წლის №27453 ბრძანებით ამავე მოტივით მომჩივანი გაათავისუფლა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 275-ე მუხლით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნულ ნაწილში.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
1333,163,164,174,175,176,269(7).