გადაწყვეტილება №27115/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2026
№ დოკუმენტი 27115/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27115/2/2026

23 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ფ/პ ---------- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ფ/პ -----------ის 6.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27115/2/2026).

 

დავის საგანი:

1. რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის №024-113 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6641 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 35 607.68 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 25 935,18

ჯარიმა - 7 426,30

საურავი - 2 246,20

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომანქანების შეძენარეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 22 ივლისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ოქტომბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 5 ნოემბრის №24403 ბრძანება და ამავე თარიღის №024-113 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 26 მარტის №6641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, რომლებიც გაყვანილია რეექსპორტით. შემოწმების პროცესში მეწარმეს არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი. შედეგად მისი საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული 5%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

თითოეულ შეძენაზე ისევე როგორც რეალიზაციაზე გააჩნია როგორც შეძენის ასევე რეალიზაციის ხელშეკრულებები და ინვოისები სადაც მითითებულია როგორც სარეალიზაციო ასევე შეძენის ფასები. შესაბამისად მის მიერ გაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის 2024 წლის საანგარიშო პერიოდის დასაბეგრი მოგება, რომელიც შეადგენს 9 597 ლარს, ხოლო შემოწმებით თითოეულ მანქანაზე დაბეგრილია დასაბეგრი მოგება 6 000 ლარის ოდენობით. ე. ი. 53 ერთეულ ავტომობილზე გაანგარიშებულია შემოწმებით დასაბეგრი შემოსავალი 53 ც* 6000 ლარი = 318 000 ლარი, რაც ყოვლად წარმოუდგენელია, მაშინ როდესაც სულ თავისუფლად შეიძლებოდა ელექტრონული ბაზებიდან ინფორმაციების გამოთხოვა გადამხდელის დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრა და არა როგორც „ფაქტობრივ გარემოებებში“-ია აღნიშნული „გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით.

აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი”, ე.ი შემოწმებით ყოვლად უსამართლოდ გამოყენებულია მესამე პირების დასაბეგრი მარჟა. აქედან გამომდინარე, ითხოვს მოეხსნას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მესამე პირებთან დაფიქსირებული ფასნამატით დამატებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმა საურავები და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს ავტომანქანების შეძენისა და სარეალიზაციო ფასებიდან გამომდინარე რომლებზეც არსებობს ინვოისები, შეძენისა და გაყიდვის ხელშეკრულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, რომლებიც გაყვანილია რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე.

მომჩივნის განმარტებით, თითოეულ შეძენაზე, ისევე როგორც რეალიზაციაზე გააჩნია როგორც შეძენის, ასევე რეალიზაციის ხელშეკრულებები და ინვოისები სადაც მითითებულია როგორც სარეალიზაციო ასევე შეძენის ფასები. აქედან გამომდინარე, ითხოვს მოეხსნას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მესამე პირებთან დაფიქსირებული ფასნამატით დამატებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმა-საურავები და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვროს ავტომანქანების შეძენისა და სარეალიზაციო ფასებიდან გამომდინარე რომლებზეც არსებობს ინვოისები, შეძენისა და გაყიდვის ხელშეკრულებები.

აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2026 წლის №----21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის სამსახურში წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელს დანართად წარმოდგენილი აქვს იგივე ერთ ფურცლიანი ცხრილის pdf, რომელიც რაოდენობრივად არ არის სრული და გარდა ამისა, გაუგებარია ცხრილში მითითებული მონაცემები რის საფუძველზეა აღებული. გადამხდელი შემოწმების პროცესში გასაუბრებაზე იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში და გაირკვა, რომ მას არ ჰქონდა შესამოწმებელი პერიოდის ეკონომიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება და არც ე.წ. ,,შავი ჩანაწერები’’ წიგნაკში მაინც.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის №024-113 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 7 426,30 ლარი და დაეკისრა საურავი - 2 246,20 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან გადასახადის გადამხდელი უცხოელია, არ იცნობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას, ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახდელი გადასახადის შემცირება, ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის 7-ე ნაწილის თანახმად მოეხსნას შემოწმებით დარიცხული სანქცია (ჯარიმა-საურავების თანხები).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 22 ივლისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდებში რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა №24403 ბრძანება და №024-113 საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №6641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 81(3); 269(7); 275;