გადაწყვეტილება №20801/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20801/2/2023
09 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20801/2/2023).
დავის საგანი:
ავანსის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ოპერაციის გაუქმების საანგარიშო პერიოდში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
207 394,51 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 102 733
ჯარიმა - 51 367
საურავი - 53 294,51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.12.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება შპს ------ან (ს/ნ ------). ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა. ბინის ღირებულება შეადგენს 250 000 აშშ დოლარს (გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით).
ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით.
მომჩივანმა შპს -----ს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 673 475 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე შპს -----მა მიიღო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირობები - საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტში განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი, ღირებულება და ცნობილია, რომ განსახორციელებელი ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი და შედეგად ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მართლზომიერია.
დამატებითი შესწავლით დგინდება, რომ შპს -----ის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება (შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით), ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის გადაცემული სამშენებლო ნებართვის განახლება არ მომხდარა. 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას შპს -------ის ცნობილ გახდა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება.
საგადასახადო კოდექსის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, მოხდა ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-4 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს ------სა და შპს -------ს (ს/ნ -------) შორის 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენასთან დაკავშირებით. ბინის ღირებულებამ შეადგინა 250 000 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით), რაც გადამხდელის მიერ გადახდილ იქნა და აღნიშნულ ოპერაციაზე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15%-ის მოცულობით. შემოწმებით დგინდება, რომ შპს -------ის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, როდესაც მხარეთათვის ცნობილ იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია შემოსავლების სამსახურის პოზიციაში საერთოდ არ არის დაფიქსირებული ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შპს ------ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ და კომპანია პროკურატურის მიერ ცნობილია როგორც დაზარალებული კომპანია (შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია შემოსავლების სამსახურში და ასევე თანდართულია საჩივარზე), აღნიშნული ფაქტი იგნორირებული აქვს შემოსავლების სამსახურს და არანაირი პოზიცია შესაბამის ბრძანებაში არ დაუფიქსირებია, ასევე წარმოდგენილია იგივე საჩივარი, რაც წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში.
საწარმოს მიერ 2019 წლის აპრილში შპს -------ან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად უძრავი ქონების შესაძენად გადახდილია ავანსის თანხა 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, შპს -------ის მიერ აღნიშნულ თანხაზე გამოწერილია საავანსო დღგ-ის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმადაც კომპანიამ ჩაითვალა დღგ შესაბამის საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული ჩათვლა აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა მართლზომიერად, მაგრამ 2019 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გააუქმა დღგ-ის ჩათვლა და კომპანიას დაარიცხა თანხა სანქცია-საურავთან ერთად, ხოლო გაუქმების საფუძვლად მიუთითა, რომ 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას შპს ------ის ცნობილი იქნა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია მოხდეს განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან და გადახდილი თანხის დაბრუნება. აღნიშნული მიზეზით დღგ-ის ჩათვლის საფუძველი არ არსებობს, როცა საწარმომ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რომ შპს ------- არ აბრუნებდა გადახდილ თანხას და არც ხელშეკრულებით ნაკისრ უძრავ ქონებას აწვდიდა საწარმოს, საქართველოს პროკურატურის მიერ კომპანია ცნობილია დაზარალებულად, რის გამოც საწარმო არის დაზარალებული და შპს -------ის მიერ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული საფუძველი, საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლი, საერთოდ არ ესადაგება ამ შემთხვევას და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების კანონიერი საფუძველი აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონია, აქედან გამომდინარე აღდგენილი უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლა და შესაბამისად გაუქმებული იქნას დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული დღგ-ის თანხა სანქცია-საურავთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შპს ------ან (ს/ნ -------) 2019 წლის აპრილში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა. ბინის ღირებულება შეადგენს 250 000 აშშ დოლარს (გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით). ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 30.12.2019 წლამდე. ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით. შპს ------ს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 673 475 ლარი, მიიღო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. შპს ------ის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ავანსის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ოპერაციის გაუქმების საანგარიშო პერიოდში.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება კომპანიასთან. ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით. კომპანიის მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას მომჩივანისთვის ცნობილ გახდა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, მოხდა ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარისთვის ცნობილი იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19724 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173' 174; 179; 275;
“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.10.2010 წლის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები;
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილება.