გადაწყვეტილება №23679/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2024
№ დოკუმენტი 23679/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23679/2/2024

10 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---”-ს 8.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23679/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №007-109 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17215 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 177 316,12 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 102 664

დღგ - 11 577

საშემოსავლო გადასახადი - 86 596

ქონების გადასახადი - 4 491

ჯარიმა - 43 906

საურავი - 30 746,12

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია დიდი ზომის სატვირთო ავტომანქანები, რომელსაც იყენებს წარმოებული პროდუქციის გადასაზიდად ქვეკონტრაქტორის საქმიანობის განხორციელების პროცესში, თუმცა ასევე გასცემს იჯარით. საიჯარო მომსახურებაზე გამოიწერება საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სადაც მითითებულია სატვირთო ავტომობილის იჯარის დღიური საფასური. დღიური ფასი მერყეობს 150-დან 300 ლარამდე. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებული 10 სატვირთო ავტომობილის მოძრაობის მარშრუტები და იმ გადაზიდვებზე, რაზეც არ იყო გამოწერილი პირველადი დოკუმენტი და შესაბამისად, არ იყო დაბეგრილი დღგ-ით, გაანგარიშდა საიჯარო მომსახურების თანხა ავტომობილების დღიური მომსახურების ფასების (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) მიხედვით და ჯამურად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 64 322 ლარი, რომელიც გადანაწილდა მომსახურების გაწევის შესაბამის თვეებში და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება სალაროს ოპერაციები, თუმცა საწარმოს სამეურნეო ოპერაციების 99% უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდება. სალარო გამოყენებულია ანგარიშვალდებული პირების მიერ საქვეანგარიშო თანხების დასაბრუნებლად და ასევე, საწესდებო კაპიტალის ოპერაციებისთვის. 2023 წლის მაისის თვიდან სალაროს ნაშთი მზარდია და მერყეობს 14 000 ლარიდან 50 000 ლარამდე.

შემოწმებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ანგარიშვალდებულ პირებს საბანკო ანგარიშიდან გააქვთ თანხები საბანკო ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან. საბუღალტრო პროგრამაში ჩანს, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხებით იზრდება 1430 ანგარიშის (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) დებეტის მხარე. ამავე პროგრამის მიხედვით, ამ თანხების გასწორების მიზნით გატარებები განხორციელებულია შემოწმების დანიშვნის შემდგომი თარიღით.

საქვეანგარიშოდ ბანკიდან გასული თანხები დაბრუნებულია სალაროში, რაც იწვევს სალაროს ნაშთის გაზრდას. იმ მიზნით, რომ სალაროში არ დაფიქსირდეს არაგონივრული ნაშთი, კომპანიას შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი და საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალი კი გაზრდილი აქვს სალაროს ოპერაციებით წინა საანგარიშო პერიოდებში. ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ სამეურნეო საქმიანობიდან გადამხდელს უფიქსირდება ფულის დადებითი ნაშთი, შესაბამისად, სალაროში თანხის შეტანის საჭიროება აღარ ჰქონდა. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების დადგენის მიზნით ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები და დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა კაპიტალში თანხის შეტანის საჭიროება. კაპიტალში განხორციელებული ოპერაციები გრძელდება 2023 წლის მაისის თვემდე, შემდგომ პერიოდში კი იზრდება სალაროს ნაშთი. რაც შეეხება 2023 წლის მაისამდე ოპერაციებს, ის თანხები, რომლითაც შემცირებულია საწესდებო კაპიტალი და საჭიროება ვერ დადგინდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №007-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17215 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების მეშვეობით გაწეული საიჯარო მომსახურების ნაწილზე არ იყო გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და არ იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 3 მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისში, სადაც ხდება საქონლის მიღება და ჩამოწერა სამეურნეო ოპერაციების განხორციელების პროცესში. შპს-ს მიმართ შესამოწმებელ პერიოდში, შემმოწმებლის მიერ გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდის კუთხით, გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სალაროზე არსებული ფულის ნაშთი ჩათვლილი იქნა არაგონივრულ ნაშთად და თვეების ჭრილში ჩაითვალა საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს მიაჩია, რომ შემოწმებას არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან საზოგადოების სალაროზე არსებული ნაშთის ოდენობების შედარება მის ბრუნვასა და ხარჯით ნაწილთან მათი აზრით არ იძლეოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების მეშვეობით გაწეული საიჯარო მომსახურების ნაწილზე არ იყო გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და არ იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №92164-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სალაროს ოპერაციები, თუმცა საწარმოს სამეურნეო ოპერაციების 99% უნაღდო ანგარიშსწორებით ხორციელდება. პლასტიკური ბარათის თანხა გატანილია საბანკო ანგარიშიდან, ხოლო სალარო გამოყენებულია ანგარიშვალდებული პირების მიერ საქვეანგარიშო თანხების დასაბრუნებლად და ასევე, საწესდებო კაპიტალის ოპერაციებისთვის.

2023 წლის მაისის თვიდან სალაროს ნაშთი მზარდია და მერყეობს 14 000 ლარიდან 50 000 ლარამდე. შემოწმებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, სალაროს არაგონივრული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ანგარიშვალდებულ პირებს საბანკო ანგარიშიდან გააქვთ თანხები საბანკო ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან. საბუღალტრო პროგრამაში ჩანს, რომ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხებით იზრდება 1430 ანგარიშის (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) დებეტის მხარე. ამავე პროგრამის მიხედვით, ამ თანხების გასწორების მიზნით გატარებები განხორციელებულია შემოწმების დანიშვნის შემდგომი თარიღით. საქვეანგარიშოდ ბანკიდან გასული თანხები დაბრუნებულია სალაროში, რაც იწვევს სალაროს ნაშთის გაზრდას. იმ მიზნით, რომ სალაროში არ დაფიქსირდეს არაგონივრული ნაშთი, კომპანიას შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი და საწესდებო კაპიტალი.

საწესდებო კაპიტალი კი გაზრდილი აქვს სალაროს ოპერაციებით წინა საანგარიშო პერიოდებში. ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ სამეურნეო საქმიანობიდან გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფულის დადებითი ნაშთი, შესაბამისად, სალაროში თანხის შეტანის საჭიროება აღარ ჰქონდა. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების დადგენის მიზნით ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა კაპიტალში თანხის შეტანის საჭიროება.

კაპიტალში განხორციელებული ოპერაციები გრძელდება 2023 წლის მაისის თვემდე, შემდგომ პერიოდში კი იზრდება სალაროს ნაშთი. რაც შეეხება 2023 წლის მაისამდე ოპერაციებს, ის თანხები, რომლითაც შემცირებულია საწესდებო კაპიტალი და საჭიროება ვერ დადგინდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილი, რომელიც მოიცავდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების რეპორტს, თუმცა გადასახადის გადამხდელს აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოდგენილა მომჩივნის არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამგვარად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებული 10 სატვირთო ავტომობილის მოძრაობის მარშრუტები და იმ გადაზიდვებზე, რაზეც არ იყო გამოწერილი პირველადი დოკუმენტი და შესაბამისად, არ იყო დაბეგრილი დღგ-ით, გაანგარიშდა საიჯარო მომსახურების თანხა ავტომობილების დღიური მომსახურების ფასების (გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) მიხედვით და ჯამურად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 64 322 ლარი, რომელიც გადანაწილდა მომსახურების გაწევის შესაბამის თვეებში და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები.

ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ სამეურნეო საქმიანობიდან გადამხდელს უფიქსირდება ფულის დადებითი ნაშთი, შესაბამისად, სალაროში თანხის შეტანის საჭიროება აღარ ჰქონდა. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების დადგენის მიზნით ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები და დადგინდა, რომ გადამხდელს არ ჰქონდა კაპიტალში თანხის შეტანის საჭიროება. ის თანხები, რომლითაც შემცირებულია საწესდებო კაპიტალი და საჭიროება ვერ დადგინდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154.