გადაწყვეტილება №25877/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25877/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25877/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №058-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19131 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 222 321,91 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 144 234,34
ჯარიმა - 72 117,20
საურავი - 5 970,37
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2025 წლის №058-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19131 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უნდა გააჩნდეს - 216 547 ლარის ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გროს თანხა 270 684 ლარის ოდენობით, შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 80-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე ---------ზე (------) გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს უფიქსირდება გადარიცხული ხელფასები, რომლებიც არ აქვს დეკლარაციებში სრულად ასახული. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების შესაბამისად, გაანალიზებულ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ხელფასის სახით განაცემებმა შეადგინა დეკლარირებულზე - 360 391 ლარით მეტი. გროს თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმებისთვის არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დადგინდა ფულის ნაშთი 216 547 ლარის ოდენობით, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული:
- ი/მ ------სგან ბეტონის ტრანსპორტირების მომსახურების საფასური ჯამში 42 450 ლარი.
- ფ/პ --------სგან მსუბუქი სატვირთო (-------) ავტომანქანის შესყიდვა განბაჟების ჩათვლით. ამასთან, ხელშეკრულების მიხედვით, --------ძეს თანხა ჩაერიცხა ორ ტრანშად, პირველი 2024 წლის 14 მაისს 9 381 ლარი ავტომანქანის საფასური და მეორე 2024 წლის 10 ივლისს 2 381 ლარი, ავტომანქანის ბაჟი ჯამში 11 762 ლარი.
- ფ/პ -------სგან 2024 წლის 26 დეკემბერს შესყიდვის აქტის საფუძველზე განხორციელდა 2 ცალი, ჯამურად 800 ლარის ღირებულების ავტომანქანის აკუმულატორის შეძენა.
- ფ/პ -------სგან 2024 წლის 31 მაისს, შესყიდვის აქტის საფუძველზე განხორციელდა ჯამში 300 ლარის ღირებულების ავტომანქანის საპოხი საშუალების შესყიდვა (შესყიდვის აქტში მოხსენიებულია როგორც ------).
- ფ/პ --------სგან 2024 წლის 24 აგვისტოს შესყიდვის აქტის საფუძველზე, განხორციელდა 2 ცალი ავტომანქანის საბურავის შეძენა, ჯამური ღირებულებით 170 ლარი.
ამასთან, საჩივარზე თანდართულია გარკვეული დოკუმენტაცია და ითხოვს მის ხარჯებში გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალის ხელფასად კვალიფიკაცია და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
15.07.2025 წლის ჩაიბარა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარატამენტის მიერ გამოცემული ბრძანება №15825 (14.07.2025) და საგადასახადო მოთხოვნა №058-16 (14.07.2025), რომლის მიხედვითაც დამატებით გადასახდელი დაერიცხა 222 321,91 ლარი. შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში დარიცხვა მოხდა 2024 წლის მე-4 კვარტალში გაცემულ ხელფასებზე, რომელიც არ იყო დეკლარირებული, მაგრამ გადამხდელის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი გადარიცხული იყო, სულ ჯამში 89 223 ლარი. დარიცხვა მოხდა ასევე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლენილ სალაროს ნაშთზე - 216 547 ლარზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. არ დაეთანხმა დარიცხვას და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, საიდანაც ჩაბარდა გადაწყვეტილება 27.08.2025 წლის №19131 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილება არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით დათვლილ სალაროს ნაშთის გაანგარიშების დროს შემმოწმებლებს არ აქვთ გათვალისიწინებული შემდეგი თანხები/ხარჯების გასვლა კომპანიიდან: 1. ინდივიდუალური მეწარმის ------ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 42 450 ლარი (ეა------, ეკ ----- კორექტირების სხვაობა, ეა-----, ეა-----), რომლის თანხაც გადარიცხულია; 2. გადახდილი საპენსიო გადასახადი. სულ ჯამში გადახდილია საპენსიო თანხა 50 306 ლარი, აქედან შემმოწმებელს გატარებული აქვს ხარჯში დადეკლარირებულ ხელფასებთან ერთად მხოლოდ 15 793 ლარი. დასამატებელია ხარჯების ნაწილში - 34 513 ლარი საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა, 3. კომპანიამ შეისყიდა ფიზიკურ პირ ------გან მსუბუქი სატვირთო ----- ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანხა გადარიცხა ორ ტრანშად: 14.05.2024 წ9 381 ლარი და მეორე 10.07.2024 წ - 2 381 ლარი. სულ ჯამში ------ეს ჩაერიცხა - 11 762 ლარი მანქანის საფასური განბაჟების ჩათვლით. 4. შესყიდვის აქტის საფუძველზე შეძენილია 2 ცალი 800 ლარის ღირებულების მანქანის აკუმულატორი (გადარიცხული 26.12.2024) -----სგან. ასევე შეძენილი მანქანის ---- 300 ლარის -------სგან (გადარიცხვა 31.05.2024) და სატვირთო სუზუკის 2 ცალი საბურავის შეძენა განხორციელდა ------სგან 170 ლარად (გადარიცხვა 24.08.2024). სულ ხარჯვით ნაწილში სალაროს ნაშთის დათვლის დროს გასათვალისწინებელია დამატებით 89 995 ლარი. საჩივარში აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს შემცირებულ იქნას ძირითადი გადასახადის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი სალაროს ნაშთი ზემოთ აღნიშნული გამოტოვებული ხარჯები (სულ ჯამში 89 995/0,8*0,2=22 498 ლარი - საშემოსავლო გადასახადი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2025 წლის №---- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს--------- (ს/კ--------) არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უნდა გააჩნდეს - 216 547 ლარის ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გროს თანხა 270 684 ლარის ოდენობით შინაარსის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 80-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე -------ზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოსავლების სამსახურში აღნიშნული თემა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღნიშნულ თემაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19131 ბრძანებით, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19131 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 14.07.2025 წლის №058-16 საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაერიცხა სულ 222 321,91 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 234,34 ლარი, ჯარიმა 72 117,20 ლარი და საურავი 5 970,37ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2024 წლის მე-4 კვარტლის დაუდეკლარირებელი გაცემული ხელფასების ნაწილში, რომლის საშემოსავლო გადასახადი გადახდილი იყო გადამხდელის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდებში და დღეის მდგომარეობით საგადასახადო ბარათზე ზედმეტობაში არის ეს თანხა - 89 223 ლარი, აღნიშნულ ნაწილში მომჩივანი ითხოვს მოხსნილი იქნას დარიცხული ჯარიმის თანხა 44 611 ლარი და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლის თანხმად „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადი გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №4484 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, რაც გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს 216 547 ლარის ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, განკარგვადი თანხა 270 684 ლარის ოდენობით (დარიცხული) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს უფიქსირდება გადარიცხული ხელფასები, რომლებიც არ აქვს დეკლარაციებში სრულად ასახული. შემოწმებით გაანალიზებულ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ხელფასის სახით განაცემმა შეადგინა დეკლარირებულზე 360 391 ლარით მეტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №058-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №19131 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №19131 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ხოლო, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2„ა“.„ბ“); 269(7);