გადაწყვეტილება №18646/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 8646/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18646/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "----------" (პ/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------14.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18646/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №024-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32978 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 64 325 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 43 205

ჯარიმა - 12 000

საურავი - 9 120

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორისა და დამატებული ღირებულების გადასახადში კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა 2022 წლის 15 ივლისის №18708 ბრძანება და №024-40 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2022 წლის №32978 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი

ფაქტების აღწერა:

მომჩივანმა დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საგადასახადო ორგანოში განაცხადი წარადგინა 2019 წლის 26 ივლისს, რომელზეც დადებითი პასუხიდან გამომდინარე 2019 წლის პირველი აგვისტოდან აღარ არის დღგ-ის გადამხდელი. შემოწმების პროცესში, ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს, მის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებსა და სხვა დოკუმენტებს (სალაროს შემოსავლის ორდერი, ჩგდ-ები), რის საფუძველზეც გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მიღებული აქვს შემოსავალი, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში გადააჭარბა 100 000 ლარს, თუმცა მომჩივანი ამ მომენტში დღგ-ის გადამხდელი აღარ იყო.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 24 დეკემბერი. ამავე კოდექსის 161-ე და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1651 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 47-ე მუხლით, ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით 12 უწყვეტი თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რაც მის მიერ არ არის შესრულებული.

ასევე, შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველ ნაწილისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი თანხმობას საგადასახადო ორგანოს აცნობებს №III-03 დანართით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის 26 ივლისს ერთხელ უკვე მიმართა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რომელზეც დადებითი პასუხიდან გამომდინარე 2019 წლის პირველი აგვისტოდან გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიხედვით დადგენილია, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელმა გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, რის გამოც საგადასახადო ორგანომ მოახდინა მისი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია და შესაბამისად, განახორციელა მომდევნო საანგარიშო პერიოდებზე, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი დამატებითი დარიცხვები. თუმცა აქ გასათვალისწინებელია შემდეგი:

მეწარმის მიერ მიღებული შემოსავლების (თვეების ჭრილში) ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო პირობებს აკმაყოფილებს 2019 წლის დეკემბრის თვიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით, ხოლო მაისის თვიდან მას წარმოეშობა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების კანონიერი საფუძველი, კერძოდ 2021 წლის მაისის თვიდან მას ჰქონდა კანონიერი საფუძველი, მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით

საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე ნაწილით განსაზღვრული პირობების დადგომისას, საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია. ამასთან, ხელთ არსებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების ჩატარების პროცესში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას ამ პირის რეგისტრაციაში გატარების, ასევე შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ან საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების პროცედურები არც კანონით და არც კანონქვემდებარე აქტით გაწერილი არ არის.

ვინაიდან შემოწმების პერიოდში, გადამხდელი არ სარგებლობდა კვალიფიციური საბუღალტრო და იურიდიული მომსახურებით; ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტის ჩაბარებამდე იგი დეტალურად ინფორმირებული არ იყო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ საკითხებზე, ამიტომ მოკლებული იყო შესაძლებლობას შემოწმებისათვის, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში, ახსნაგანმარტებით მოეთხოვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება იმ პერიოდზე, როცა ჰქონდა ამის კანონიერი საფუძველი (2021 წლის მაისიდან).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს და თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს სტანდარტულ შემთხვევებზე, კერძოდ მათი მსჯელობით:

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველ ნაწილსა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 47-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი თანხმობას საგადასახადო ორგანოს აცნობებს №III-03 დანართით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

თუმცა, შემთხვევა არ ჯდება კანონმდებლობით მითითებული და გათვალისწინებული სიტუაციის ჩარჩოებში, ვინაიდან ზემოაღნიშნული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისა თუ რეგისტრაციიდან შესაძლო მოხსნის პერიოდები რევიზიის მიერ იქნა განსაზღვრული.

კერძოდ, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღნიშნა, შემოწმების შედეგად განისაზღვრა მეწარმის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამავე შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში წარმოიშვა კანონიერი საფუძველი, როცა შეიძლებოდა მეწარმე არ ყოფილიყო დღგ-ის გადამხდელი.

ამასთან შემოწმების დროს არც შემმოწმებელს გამოუყენებია საგადასახადო კოდექსით მინიჭებული უფლება, რაც 1651 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირობების დადგომისას, საგადასახადო ორგანოს უფლებას აძლევს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში პირს წარმოეშვა, როგორც დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების კანონიერი საფუძველი, ითხოვს მიღებული იქნას, როგორც განცხადება ან თანხმობა საჩივარში მითითებულ პერიოდში მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტს გაუუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია იმ პერიოდიდან, როცა ჰქონდა აღნიშნულის კანონიერი საფუძველი.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა აგრეთვე, არსებობს გარემოებები, რომლებიც მისაღებია მხედველობაში, კერძოდ: მეწარმე საკმაოდ ასაკოვანია (80-ს გადაცილებული) და მიუხედავად ამისა თვითონ უძღვება სრულად საქმიანობას (არ აქვს მინდობილი არავისზე). არის ერთადერთი მარჩენალი მისი დიდი ოჯახის (შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები). შვილს დადგენილი აქვს

ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები (ავთვისებიანი სიმსივნე), რისთვისაც უწევს სოლიდური თანხების გაღება ყოველთვიურად; აღნიშნულის გამო ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა კვალიფიციური ბუღალტერი, ამითაც იყო განპირობებული, რომ ისარგებლა მცირე მეწარმის სტატუსით, რაც არ ავალდებულებდა ეწარმოებინა ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა

საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის თანხმობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს ამ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 47-ე მუხლის თანახმად:

1. თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამავე კოდექსის შესაბამისად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მიზნით გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (დანართი №III-03).

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:

ა) საწარმოს/ ორგანიზაციის ლიკვიდაციისას − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;

ბ) პირის გარდაცვალებისას − გარდაცვალების თარიღიდან;

გ) დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე პირის განცხადებისას ან თანხმობისას – პირის წერილობითი მიმართვის/თანხმობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნისას − სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.

5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიმართოს პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივით, თუ მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან და არ გაითვალისწინება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია არანაკლებ 1 წელი. დღგ-ის გადამხდელის თანხმობა საგადასახადო ორგანოს ეცნობება №III-03 დანართით.

შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია მისივე განაცხადის საფუძველზე გაუუქმდა 2019 წლის პირველი აგვისტოდან. თუმცა მის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებების, საბანკო ამონაწერების და სხვა დოკუმენტებს (სალაროს შემოსავლის ორდერი, ჩგდები), ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის 24 დეკემბერს გადააჭარბა 100 000 ლარს.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებაზე უარი, შესაბამისად, დღგ-ის დარიცხვა და ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №024-40 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 12 000 ლარი და საურავი - 9 120 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, ვინაიდან სახეზეა აშკარად არ ცოდნა და არა გამიზნულად გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტი, ითხოვს გამოყენებული იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და მოეხსნას დამატებით დარიცხული საგადასახადო სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს პირველი სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს პირველი სადავო საკითხის ნაწილში, ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დღგ-ში დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.