გადაწყვეტილება №24395/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24395/2/2024
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 4.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24395/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით;
2. შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი, დამატებით რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
დარიცხული თანხა: 350 048.31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 217 518
დღგ - 66 124
საშემოსავლო გადასახადი - 151 394
ჯარიმა - 108 356
საურავი - 24 174.31
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით) ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის 4 იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 27 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 10 ოქტომბრის №22086 ბრძანება და ამავე თარიღის №024-66 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №24052 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა. შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი ჰქონდა სულ 1 076 553 ლარის საქონელი (თვითღირებულება დღგ-ის გარეშე), დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა დეკლარირებული ბრუნვის 9%-ს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი - 16%-ს. იმპორტირებულ საქონელი დაიყო 7 კატეგორიად.
შესამოწმებელ პერიოდში გამოიყო დოკუმენტური და საცალო რეალიზაცია კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაცია ჩაითვალა საბითუმოდ, ხოლო საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 7 ნოემბერს, 11:10 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს გაწერილი აქვს ზედნადებები, სადაც ფიქსირდება ფასი და თანხა. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ადგილი არ აქვს მოცემულ შემთხვევაში პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას, ეკონომიკური საქმიანობისთვის ან/და პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს შესამოწმებელ პერიოდში, არ ფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევა, არ არის გამოვლენილი არსებითი სხვაობა საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. ამ პუნქტში მოყვანილი ღონისძიებების შედეგად შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, რადგან არცერთი დებულება არ კმაყოფილდება.
ასევე აღნიშნულია, რომ შემოტანილი პროდუქცია არის 1 067 317 ლარის, რომელიც შემდგომში გაყიდულია 1 248 700 ლარად. ფაქტიურად 15-18 პროცენტი აქვს ფასნამატი, რაც გამოწვეული იყო იმით რომ გადამხდელს არ ჰქონდა ფართი ნაქირავები და ხდებოდა რეალიზაცია საბითუმოდ, ასევე კერძოდ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება.
ამასთან შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია - რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალ ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის. რეალურად მიყენებული მაღალი ფასნამატი არასწორია და ასევე ყველა პროდუქციაზე ერთი და იგივე ფასნამატი, თან ყველა პერიოდზე უფრო არარეალურია.
გადამხდელს არ ჰქონდა იმის გამოცდილება რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, ამაში ხელს უშლიდა ისიც რომ საველე პირობებში ახორციელებდა რეალიზაციას და არ ჰქონდა ფუფუნება რომ პარალელურად მყიდველის იდენტიფიცირებით აესახა პროგრამაში. გადახდის ქვითრებით ახდენდა რეალიზაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე -3 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა;
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
დადგენილია, რომ მომჩივანი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა შემმოწმებელთან, რის გამოც დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობაზე.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია, რომ შემოწმებას არ ჰქონია შესაძლებლობა განესაზღვრა ბაზარზე საქონლის ხარისხი ან მოდის ტენდენცია თუ რომელი საქონელი როდის შეიძლებოდა გადასულიყო მოდიდან და გაყიდულიყო დაბალი ფასნამატით.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. ამასთან დოკუმენტური რეალიზაციის საბითუმოდ მიჩნევა, საცალო რეალიზაციაზე კი მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, საბჭოს ასევე, მართლზომიერად მიაჩნია. შესაბამისად ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი, დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
კომპანიის შემოსავლის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით, რომლის შედეგად გაიზარდა გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი. სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 7 ნოემბერს, 11:10 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე ზედმეტად დარიცხული შემოსავალი, რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი არარეალურია და ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნო უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
გადამხდელის არგუმენტი, თითქოს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა თავისი ფულადი სახსრები უსაფუძვლოა, ვინაიდან მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ვერ დადასტურდა რაიმე სახის ოპერაცია. ამასთან, გადამხდელი არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატით;
2. შემოწმების ფარგლებში გამოვლენილი, დამატებით რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით) ვაჭრობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის 4 იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 27 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 10 ოქტომბრის №22086 ბრძანება და ამავე თარიღის №024-66 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №24052 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);