გადაწყვეტილება №20821/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 20821/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20821/2/2023

12 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ს“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------სის 13.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20821/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №EL216485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21153 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

20.06.2023 წელს შპს „---------სის“ (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობში (WH---------) შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ №C--------/------ დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახულ იქნა 6 110,7 აშშ დოლარის ღირებულების, 1 257 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (საპოხი ზეთი – 60 ერთეული, საერთო წონა 38 კგ; სადეზინფექციო სითხე – 672 ერთეული, საერთო წონა 1 219 კგ).

21.06.2023 წელს ზემოაღნიშნული საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულება – 23 036,84 ლარი) შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა №C---------/------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციის მე-2 პოზიციაში მითითებული 672 ერთეული სადეზინფექციო სითხის ნაცვლად აღმოჩნდა 612 ერთეული (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი №--------/23).

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, რაზეც მომჩივანს 14.07.2023 წლის №EL216485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №21153 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე და მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ 17.06.2023 წელს შპს „---------სის“ (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობში (WH----------) შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ №C-----/------ დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახულ იქნა 6 110,7 აშშ დოლარის ღირებულების, 1 257 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელიც 21.06.2023 წელს დეკლარირებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №------/------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

დადგენილია ასევე, რომ კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი. შესაბამისად, სახეზეა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

17.07.2023 წელს შპს „---------სის“ (ს/ნ ---------------) (GE-----) გადამზიდავი კომპანია შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ შემოტანილი იქნა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) კუთვნილი ტვირთი/საქონელი, რომელზედაც დაიბეჭდა დროებითი შენახვის განაცხადი (C------ 17.06.2023 წ) და საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით საბაჟო საწყობმა მოახდინა ტვირთის (2 ადგილი) განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში (CMR) მითითებული 2 ადგილი (2 Pallet). ამავე წლის 21 ივნისს შპს --------ის სახელზე დარეგისტრირდა იმპორტის საბაჟო დეკლარაცია (C------) ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით, რომელსაც განესაზღვრა წითელი დერეფანი.

წითელ დერეფანში მოხვედრილი საქონლის დათვალიერება განახორციელა გეზ თბილისის მებაჟე ოფიცერმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. საქონლის ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, კერძოდ შესყიდვის დოკუმენტში №------ მე-4 პოზიცია ----- NUMBER ---- 2025-12/COMMPDITY:------ საერთოდ არ აღმოჩნდა ჩამოსულ 2 პალეტში, ტვირთი აღმოჩნდა ნაკლები ვიდრე დეკლარირებულ იქნა, რის თაობაზეც იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელსა და გეზ თბილისის მებაჟე ოფიცერს შორის შედგა საქონლის დათვალიერების აქტი №------/23, 21.06.2023 წ.

ტვირთის დანაკლისის შესახებ ექსპორტიორმა კომპანია „Topdental“-მა გამოაგზავნა წერილობითი დადასტურება, რომელშიც განმარტავდა, რომ ტვირთის რაოდენობრივი დანაკლისი მათი მხრიდან დაშვებული შეცდომით იყო გამოწვეული. ექსპორტიორი მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საბაჟო ორგანომ მოახდინა იმპორტის დეკლარაციაში ტვირთის რაოდენობრივი ჩასწორება და დეკლარაციაში იქნა შეყვანილი ფაქტობრივი რაოდენობა, ხოლო ტვირთის დანაკლისი ღირებულების ნაწილში საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ამავე წლის 14 ივლისს შპს ------სს (ს/ნ -------) ელექტრონულად გამოეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL216485, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან საბაჟო საწყობმა დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს დროებითი შენახვის დეკლარაციაში ასახული მონაცემების შეუსაბამობა ფაქტიურ მონაცემებთან, კერძოდ იმის შესახებ, რომ ტვირთი აღმოჩნდა ნაკლები ვიდრე დეკლარირებულ იქნა. შპს -----სს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული მე-8 მუხლის „გ“, „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის პირობების დარღვევის გამო და დაეკისრა ჯარიმა 6 000 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 28.03.2023 წლის №21153 ბრძანება და სამართალდარღვევის ოქმი №EL216485 დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო და ისინი უნდა გაუქმდეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დადგენილი წესით ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

განსახილველ დავაში ადგილი არ აქვს სამართალდარღვევას ზოგადად, კომპანიის ბრალეულ ქმედებას. მით უფრო გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საბაჟო დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური კანონშეუსაბამოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას. კერძოდ, როგორც სადავო გადაწყვეტილებებით ირკვევა, ადმინისტრაციული ორგანოები მიიჩნევენ, რომ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტები, რაც არასწორია.

საბაჟო საწყობში ტვირთის განთავსება კონტროლის ზონაში მოხდა წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 2 ადგილი (2 Pallet). ამ 2 ადგილის/პალეტის შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ იყო და შესაბამისად, ცნობილი ვერ იქნებოდა საქონლის დანაკლისი, რაც ცალსახად გამორიცხავს პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოები უგულებელყოფენ იმ გარემოებას, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ არასწორად იყო გამოგზავნილი ტვირთი, რაც დასტურდება მომწოდებლის მიერ წერილობითი და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციით. გამომგზავნი კომპანია გარკვევით განმარტავს და ადასტურებს, რომ მოხდა შეცდომა და ტვირთი იქნა არასრულად გამოგზავნილი. საბაჟო ორგანოში იმპორტიორი კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა შესწორებული ექსპორტის დეკლარაცია, დანაკლისის აქტი, რის საფუძველზეც მოხდა იმპორტის დეკლარაციაში ტვირთის რაოდენობრივი ჩასწორება და დეკლარაციაში იქნა შეყვანილი ფაქტობრივი რაოდენობა, ხოლო ტვირთის დანაკლისი ღირებულების ნაწილში საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. საბაჟო ფორმალობების სრული დაცვით საბაჟო საწყობმა მოახდინა ტვირთის (2 ადგილი) განთავსება საბაჟო კონტროლის ზონაში დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობების მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში მითითებულ იყო 2 ადგილი.

ტვირთის შენახვა მოხდა სწორედ ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით. სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 2 ადგილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განხორციელდა საქონლის იდენტიფიკაცია წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოხდა მისი აღრიცხვა და შენახვა და განისაზღვრა სტატუსი.

ადმინისტრაციული ორგანოები არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ საქონელი წარმოდგენილი იყო შეფუთული, თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული იყო 2 ადგილი, შესანახად წარმოდგენილი ტვირთის ფუთების რაოდენობა ემთხვეოდა სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული საქონლის სახეობასა და შეფუთვის რაოდენობას, შეფუთვა დარღვეული არ იყო, რაც გამორიცხავდა შეფუთვების შიგნით არსებული საქონლის რაოდენობის გადათვლას.

საქონელი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ვერ ჩაერევა კერძო მესაკუთრის საკუთრების ინტერესებში. უფრო მეტიც, თვით საბაჟო ორგანოები საქონლის განბაჟების დროს არ არღვევენ შეფუთვების მთლიანობას, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია „წითელი დერეფანი“.

ადმინისტრაციული ორგანოები მიიჩნევენ, რომ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტები.

საბაჟო საწყობმა ტვირთის განთავსება კონტროლის ზონაში მოახდინა წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობის მიხედვით, კერძოდ სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული იყო 2 ადგილი (2 Pallet). ამ 2 ადგილის/პალეტის შეფუთვის მთლიანობა დარღვეული არ იყო და შესაბამისად, ცნობილი ვერ იქნებოდა საქონლის დანაკლისი. შესაბამისად, ვერც საბაჟო ორგანოს ვერ შეატყობინებდა კომპანია იმას, რაც მისთვის ცნობილი არ იყო და ვერც იქნებოდა.

მითითებული ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ მაშინ უნდა გამოყენებულიყო, როდესაც კომპანიისთვის ცნობილი იყო საქონლის დანაკლისის შესახებ და არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, რასაც ადგილი არ აქვს აღნიშნულ შემთხვევაში.

აღნიშნული კი ცალსახად გამორიცხავს კომპანიის პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას მითითებული ქვეპუნქტის მიხედვით.

საჩივარში მითითებული ფაქტებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა და არც არაჯეროვან შესრულებას ჰქონია ადგილი. მით უფრო, რომ ადმინისტრაციული ორგანოები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში ვერ მიუთითებენ, რაში გამოიხატა კომპანიის მიერ უფლება-მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

დადგენილია, რომ 20.06.2023 წელს მომჩივნის საბაჟო საწყობში (WHS------) შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ №C-----/------ დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახულ იქნა 6 110,7 აშშ დოლარის ღირებულების, 1 257 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (საპოხი ზეთი – 60 ერთეული, საერთო წონა 38 კგ; სადეზინფექციო სითხე – 672 ერთეული, საერთო წონა 1 219 კგ). 21.06.2023 წელს შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) მიერ №C------/------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ იქნა ზემოაღნიშნული საქონელი (საერთო საბაჟო ღირებულება – 23 036,84 ლარი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას გამოვლენილ იქნა საქონლის დანაკლისი, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციის მე-2 პოზიციაში მითითებული 672 ერთეული სადეზინფექციო სითხის ნაცვლად აღმოჩნდა 612 ერთეული.

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საბაჟო ორგანოს მიერ გამოვლენილი იქნა საქონლის დანაკლისი და აღნიშნული საქონელი წარმოადგენდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელს, დასტურდება მომჩივნის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა შესრულებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები, რაზეც მომჩივანს 14.07.2023 წლის №EL216485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.08.2023 წლის №21153 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საბაჟო ორგანოს მიერ გამოვლენილი იქნა საქონლის დანაკლისი და აღნიშნული საქონელი წარმოადგენდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელს, დასტურდება მომჩივნის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1,2); 176(1,.2);