გადაწყვეტილება №22426/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2024
№ დოკუმენტი 22426/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22426/2/2024

16 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22426/2/2024).

 

დავის საგანი:

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობა და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების საწარმოს დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №024-104 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 185 349 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 115 026

ჯარიმა - 57 513

საურავი - 12 810

 

სადავო საკითხები:

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობის სახეა საერთაშორისო გადაზიდვები საკუთარი ავტოტრანსპორტით.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება.

შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში - არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას/განულებას და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, შემმოწმებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე თუნდაც ბაზური მონაცემებით გაკეთებული გაანგარიშების საფუძველზე დამფუძნებლის მიმართ ვალდებულებების განულება მათემატიკური თვალსაზრისითაც კი არ არის სწორი კერძოდ, 2012 წლიდან 2020 წლამდე (შესამოწმებელი პერიოდამდე) საწარმოს უფიქსირდება - 2,355,110.96 ლარის იმპორტი (დღგ-ის გარეშე) + 10 012 529 შეძენა (დღგ-ის გარეშე) + 638 828.41 (ბიუჯეტში გადახდა) + 360 195 (საწვავის შეძენა დღგ-ის გარეშე) +60 000 (სახელფასო განაცემი) = 13 396 666, ამავე პერიოდში საწარმოს უფიქსირდება 13 131 077 რეალიზაცია (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად ბაზური მონაცემით, რომელსაც ეყრდნობა შემმოწმებელი ხარჯი აჭარბებს შემოსავალს 265 589 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც აღნიშნული თანხა შემმოწმებელს უნდა დაეტოვებინა. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საჩივარი და აღნიშნულ გარემოებაზე საერთოდ არ იმსჯელა, ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს საერთოდ არ ჰქონდა გამოქვითული საწვავის ხარჯები, ხოლო საწვავის გარეშე მომჩივნის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება არის შეუძლებელი.

მომჩივანი 25.03.2024 წელს, 1.03.2024 წლის №22426/2/2024 საჩივრის დაზუსტების მიზნით წარმოადგენს exel-ის ფორმატში ცხრილს და განმარტავს, რომ აღნიშნულით დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავების ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს, ხოლო საწვავის ღირებულების დადგენის მიზნით ცხრილში არის მითითებული იმავე პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულება.

ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საწვავის ღირებულების 75%-ის გათვალისწინება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად.

მომჩივანი 25.03.2024 წელს, 1.03.2024 წლის №22426/2/2024 საჩივრის დაზუსტების მიზნით წარმოადგენს exel-ის ფორმატში ცხრილს და განმარტავს, რომ აღნიშნულით დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავების ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს, ხოლო საწვავის ღირებულების დადგენის მიზნით ცხრილში არის მითითებული იმავე პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საწვავის ღირებულების 75%-ის გათვალისწინება.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიერ ზემოთ მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით სალაროს ფულის ნაშთის განსაზღვრის საკითხზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ საკითხზე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანება;

3. საჩივარი, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობა და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების საწარმოს დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება.

შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში - არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნის მიერ ზემოთ მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ, საწვავის ღირებულების არაპირდაპირი მეთოდით სალაროს ფულის ნაშთის განსაზღვრის საკითხზე შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი აღნიშნულ საკითხზე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა, 9 „ბ“); 101(1) ; 154(1 „ა“, 2 „ა“ და „ბ“);