გადაწყვეტილება №18995/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 18995/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18995/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18995/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №086-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №086-8 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №086-9 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 53 914 ლარი (8.02.2023 წლის №086-7 საგადასახადო მოთხოვნით).

 

დარიცხული თანხა: 320 770 ლარი (9.02.2023 წლის №086-8 საგადასახადო მოთხოვნით).

მათ შორის:

გადასახადი - 162 869

დღგ - 82 241

მოგების გადასახადი - 80 628

ჯარიმა - 81 435

საურავი - 76 466

 

დარიცხული თანხა: 94 511 ლარი (9.02.2023 წლის №086-9 საგადასახადო მოთხოვნით).

მათ შორის:

გადასახადი - 45 341

დღგ - 24 732

მოგების გადასახადი - 20 609

ჯარიმა - 20 876

საურავი - 28 294

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა იმპორტირებული მანქანების (ფორდ ტრანზიტი, მერსედესი სპრინტერი) მეორადი ნაწილებით ვაჭრობა ----------, იჯარით აღებულ ფართში.

1. აუდიტის დეპარტამენტის მერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წელს გადამხდელს იმპორტით შემოტანილი აქვს 273 791 ლარის ღირებულების მეორადი ნაწილები -----. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს როგორც სასაქონლო სალარო აპარატით, ასევე, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებზე დაყრდნობით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გამოყენებულ იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი ფასნამატი (62%).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს მიერ 2016 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრა 476 099 ლარით, ნაცვლად დეკლარირებული 338 706 ლარისა, შედეგად, 137 393 ლარით გაიზარდა, როგორც ერთობლივი შემოსავალი, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დამატებით მიღებული შემოსავალი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად).

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 31.12.2019 წლის №47622 ბრძანება და №086-77 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.08.2020 წლის №24211 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები საქონლის სახეობების მიხედვით. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.08.2020 წლის №24211 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2.11.2021 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 1.12.2021 წლის №37269 ბრძანება და №086-69 საგადასახადო მოთხოვნა.

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.09.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 3 დეკემბრის №42060 ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. ინვენტარიზაციის შედეგებით გადამხდელს 2019 წლის 4 დეკემბერს უფიქსირდებოდა 543 480 ლარის (საბაზრო ღირებულება) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა და გაანგარიშებები. საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე და 61-ე მუხლების და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებამ გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტში ჩატარებული სხვა ანალოგიური მსგავსი საქმიანობის შემოწმების დროს გამოვლენილი ფასნამატი (62%). რომლითაც გაანგარიშდა კომპანიის ბუღალტრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, 2019 წლის 4 დეკემბრისთვის. კერძოდ, 2017 წლის საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება გაზრდილ იქნა 1.01.2017-4.12.2019 წლებში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებით და შემცირებულ იქნა ამავე პერიოდში რეალიზებული (დეკლარირებული) საქონლის თვითღირებულებით (62%-იანი ფასნამატით). შედეგად, 2019 წლის 4 დეკემბერს დაფიქსირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი თვითღირებულებით 282 033 ლარის, ხოლო საბაზრო ღირებულებით - 539 135 ლარი. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელი დაჯარიმდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 6.07.2020 წლის №18228 ბრძანება და №086-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.12.2020 წლის №38739 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.12.2020 წლის №38739 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2021 წლის დასკვნის საფუძველზე გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხი დამატებით გადაანგარიშებას/შესწავლას არ დაექვემდებარა. მომჩივანს წარედგინა 1.12.2021 წლის №37262 ბრძანება და №086-68 საგადასახადო მოთხოვნა.

3. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 17 ივლისის №23158 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილ 2020 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის მოგებისა და დღგ-ის შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 539 135 ლარი, კომპანიას არ აქვს დეკლარირებული. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.08.2020 წლის №23663 ბრძანება და №086-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №303 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 25 დეკემბრის №38739 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №303 ბრძანების აღსრულების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება არ შეცვლილა. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2021 წლის დასკვნა რომლის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა 1.12.2021 წლის №37275 ბრძანება და №086-70 საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2021 წლის №086-68, №086-69 და №086-70 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.03.2022 წლის №7304 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები (საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ან სხვა მსგავსი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებული მონაცემები, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქონლის (ავტონაწილების) ფასნამატის დადგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №2132 ბრძანება, 8.02.2023 წლის №2245 ბრძანება, 8.02.2023 წლის №2275 ბრძანება და შესაბამისად, 8.02.2023 წლის №086-7, 9.02.2023 წლის №086-8, 9.02.2023 წლის №086-9 საგადასახადო მოთხოვნები, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილებით მას არ უნდა დავალებოდა მტკიცებულებების წარდგენა, ვინაიდან კანონით მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.

ასევე, არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ აღნიშნული თანხების დარიცხვა გამოწვეულია წინა წლების შემოწმების შედეგებით, რომლებიც გასაჩივრებულია სასამართლოში, მიაჩნია, რომ სასამართლოში გასაჩივრება აჩერებს ადმინისტრაციული აქტების მოქმედებას და სანამ გასაჩივრებულ აქტებზე არ დასრულდება სასამართლოში დავა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის უფლება არ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

2.ა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები (საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ან სხვა მსგავსი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებული მონაცემები, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქონლის (ავტონაწილების) ფასნამატის დადგენა), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას), ვინაიდან, მომჩივანს საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება.

დაუსაბუთებელია მომჩივნის არგუმენტები სასამართლოში გასაჩივრებისას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შეჩერებაზე, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მოქმედება არ ჩერდება, თუ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების გადახდასთან.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, საგადასახადო ორგანოს მიერ საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა იმპორტირებული მანქანების მეორადი ნაწილებით ვაჭრობა იჯარით აღებულ ფართში. გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს როგორც სასაქონლო სალარო აპარატით, ასევე, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრულყოფილი ბუღალტრული პროგრამა და გაანგარიშებები, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებულ იქნა სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი ფასნამატი;

მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები (საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ან სხვა მსგავსი ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებული მონაცემები, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქონლის (ავტონაწილების) ფასნამატის დადგენა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება). საბჭოს 20.10.2022 წლის №16503/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);136; 8; 49; 61; 275; 286(9)