ბრძანება N 21290

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.08.2023
№ დოკუმენტი 21290
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21290

30 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ ------)

(მის.: --------)

2023 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა ფ/პ -------ს (პ/ნ -----) №82900/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №025-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ შპს „-------ს“ შესყიდვის აქტებზე გაყალბებულია მისი ხელმოწერა და მას მიწოდებული აქვს მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქცია, რომელთა საერთო ღირებულებაც არ აღემატება 100 000 ლარს. აგრეთვე, აცხადებს, რომ შესყიდვის აქტებში ხილის ფასები არის ზედმეტად გაზრდილი და არასდროს არ ჰქონია აღნიშნული ღირებულება. გადამხდელი ასევე ითხოვს ჯარიმის და საურავების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №13986 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------ს (პ/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „------თვის“ (ს/ნ ------) მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 3 ივლისის №15652 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №025-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 31 516 ლარი, მათ შორის გადასახადი 16 483 ლარი, ჯარიმა 8 242 ლარი და საურავი 6 791 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს "-------ს“, ფ/პ -----გან (პ/ნ -----) შეძენილი აქვს 329 663 ლარის ხილი. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აქედან გამომდინარე, შემოწმებით 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%, რამაც შეადგინა 247 247 ლარი. კუთვნილი საშემოსავლო გადასახადია 16 483 ლარი. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 8 242 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

დადგენილი გარემოებაა, რომ 2020 წელს შპს "-------ს“ ფ/პ -------გან შეძენილი აქვს 329 663 ლარის ხილი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს ვერ წარუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ ხარჯი განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და აცხადებს, რომ შპს -ს შესყიდვის აქტებზე გაყალბებულია მისი ხელმოწერა და მას მიწოდებული აქვს მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქცია, რომელთა საერთო ღირებულებაც არ აღემატება 100 000 ლარს. აგრეთვე, აცხადებს, რომ შესყიდვის აქტებში ხილის ფასები არის ზედმეტად გაზრდილი და არასდროს არ ჰქონია აღნიშნული ღირებულება. გადამხდელი ასევე ითხოვს ჯარიმის და საურავების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს -ს მომჩივნისგან შეძენილი აქვს 329 663 ლარის ხილი. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ამიტომ გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აქედან გამომდინარე, შემოწმებით 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%, რამაც შეადგინა 247 247 ლარი. კუთვნილი საშემოსავლო გადასახადია 16 483 ლარი. პირი ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, 8 242 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 136(1)(3), 61(3), 73(5"ა"), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 72(1), 270(1)(2), 272(1), 275(2).