გადაწყვეტილება №24317/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 24317/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24317/2/2024

27 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------21.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24317/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეძენაზე გაწეული ხარჯის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის №037-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23889 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 323 448,96 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 189 017

დღგ - (-2 286)

მოგების გადასახადი - 143 277

საშემოსავლო გადასახადი - 48 026

ჯარიმა - 98 579

საურავი - 35 852,96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 12.09.2024 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება მოთხოვნა ანგარიშვალდებული პირის მიმართ 559 826 ლარის ოდენობით. გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების მიხედვით, ფიქსირდება მასალების ხარჯი, რაზეც არ აქვს შეძენის დოკუმენტი. აღნიშნული ხარჯი, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, შეადგენს 972 209 ლარს, ხოლო შემოწმებით განხორციელებული ანალიზის შედეგად შეადგენს - 1 014 230 ლარს. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით 972 209 ლარი, კომპანიას ანაზღაურებული აქვს ანგარიშვალდებული პირის მეშვეობით. შესაბამისად, შემოწმებით ანგარიშვალდებული პირის მიმართ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული მოთხოვნა განისაზღვრა 517 805 ლარის ოდენობით. ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება 965 153 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს დივიდენდს.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 130-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების პროცესში გაანალიზდა გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად გახარჯული მასალების ოდენობები. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. დადგინდა, რომ მომსახურებაზე გახარჯული მასალების ოდენობა აღემატება შეძენილს. აღნიშნულის ფარგლებში, შემოწმებით დადგენილმა მასალების ღირებულებამ, რაზეც პირს არ აქვს შეძენის დოკუმენტები, შეადგინა

1 014 230 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში შეადგენს 972 209 ლარს. ამასთან, სააღრიცხვო ჩანაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოთხოვნა შეადგენს 559 826 ლარს. ბუღალტრული აღრიცხვის თანახმად, 972 209 ლარი კომპანიას უფიქსირდება ანგარიშვალდებული პირის მიერ ანაზღაურებულად. ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 965 153 ლარს. შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, შემოწმებით, ანაზღაურებულად ჩაითვალა 1 014 230 ლარის 75%, ხოლო 25% - გაცემულ დივიდენდად, პერიოდების შესაბამისად. ამრიგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2024 წლის №037-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23889 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფორმა 2-ებში დაფიქსირებული გახარჯული სამშენებლო მასალების ღირებულება აღემატება შემოწმებით განსაზღვრულ ოდენობას, მომჩივანი ითხოვს დამატებით გაიაროს მონაცემები შემმოწმებლებთან. ითხოვს მისი მონაწილეობით შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სათითაოდ ტენდერების მიხედვით არის გავლილი თუ რა საქონელი გაიხარჯა. მომჩივანს სულ 1 014 230 ლარის ოდენობის საქონელზე არ ჰქონდა შეძენის დოკუმენტი.

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით:

შპს "----------" (ს/ნ -----------) საქმიანობას წარმოადგენს ტენდერების ფარგლებში სკვერების მოწყობარეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. შემოწმების პროცესში გაანალიზებულ იქნა გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად გახარჯული მასალების ოდენობები. ასევე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ მომსახურებაზე გახარჯული მასალების ოდენობა აღემატება შეძენილს. აღნიშნულის ფარგლებში, შემოწმებით დადგენილმა მასალების ღირებულებამ, რაზეც პირს არ აქვს შეძენის დოკუმენტები, შეადგინა 1 014 230 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში კი შეადგენს 972 209 ლარს.

ამასთან, სააღრიცხვო ჩანაწერების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ანგარიშვალდებული პირის მიმართ მოთხოვნა შეადგენს 559 826 ლარს. ბუღალტრული აღრიცხვის თანახმად, 972 209 ლარი კომპანიას უფიქსირდება ანგარიშვალდებული პირის მიერ ანაზღაურებულად. ამავე სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, კომპანიის გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 965 153 ლარს. შედეგად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, შემოწმებით, ანაზღაურებულად ჩაითვალა 1 014 230 ლარის 75%, ხოლო 25% - გაცემულ დივიდენდად, პერიოდების შესაბამისად.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23889 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეძენაზე გაწეული ხარჯის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს საქმიანობას წარმოადგენს ტენდერების ფარგლებში სკვერების მოწყობარეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება. შემოწმების პროცესში გაანალიზებულ იქნა გაწეულ მომსახურებებზე შედგენილი ფორმა 2-ების შესაბამისად გახარჯული მასალების ოდენობები. ასევე, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაცია, ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ მომსახურებაზე გახარჯული მასალების ოდენობა აღემატება შეძენილს. შემოწმებით, ანაზღაურებულად ჩაითვალა თანხის 75%, ხოლო 25% - გაცემულ დივიდენდად, პერიოდების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23889 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(9);97(1);8(12);130(1)'154(1);105(2);