გადაწყვეტილება №21014/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21014/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21014/2/2023).
დავის საგანი:
1. ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №16689 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 431 914 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 230 493
დღგ - 66 646
მოგების გადასახადი - 753
საშემოსავლო გადასახადი - 163 276
ჯარიმა - 118 265
საურავი - 83 156
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის №16689 ბრძანება და ამავე თარიღის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 29.07.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.02.2023 წლის №18544/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.12.2022 წლის №30573 ბრძანება, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია;
ბ) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საჩივარში მითითებულია, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი მწვანე ნარგავებით შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს (ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებისთვის).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ტენდერის ფარგლებში ქ. ------ს მერიისთვის აქვს შესრულებული გამწვანების სამუშაოები. ხარჯი, რაც ფიქსირდებოდა დოკუმენტურად, ეს იყო გაზონის დასარგავად თესლი, მიწა და ა.შ., ხოლო კონკრეტულად ნარგავები არ ფიქსირდება მიღება-ჩაბარების და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში, მითითებულია მხოლოდ გამწვანების (გაზონის) კვადრატული ოდენობა (თუ რამდენი დაიგო).
საჩივრის განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეუძლია წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს საქმიანობის წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, აღნიშნულ მომსახურებას მოგებული ტენდერის შედეგად უწევს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და -------ს მერიას, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა ხდება სხვადსხვა ფიზიკური პირებისაგან. აღნიშნული მწვანე ნარგავებით შესრულებულია სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად, ასევე თუ გავაანალიზებთ, რომ საწარმოს მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე შეადგენს - 740 015,3 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დარიცხული ხელფასი შეადგენს - 804 689,0 ლარს, რაც მთლიან შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება, აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამდასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს, იმიტომ, რომ ჩაბარებულია სახელმწიფოსთვის.
ამ სამუშაოებზე გაწეულია/შეძენილია მწვანე ნარგავები ე.წ. ბიოლოგიური აქტივი, რომლიც შეძენილია სხვადსხვა ფიზიკური პირებისაგან და აღნიშნული საქონელი (გამწვანება) როგორც სოფლის მეურნეობის პირველადი მიწოდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. აქედან გამომდინარე, მის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს რეალური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი და გადაანგარიშდეს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა.
ასევე, სადაოა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი აღებულია 25%-ის ოდენობით, როცა საგადასახადო კოდექსით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20% აქედან გამომდინარე, შესაცვლელია განაკვეთი და უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.02.2023 წლის №18544/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21547 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოთ აღნიშნულიდან და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებულია ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. ------ს მერიის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე). -საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც საწარმოს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე. ასევე, არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელის მოთხოვნაა აღნიშნული საკითხის საწარმოს წარმომადგენელთან ერთად შესწავლა, გაანალიზება და დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 5 დეკემბრის №30573 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ჩასათვლელ დღგ-ის თანხაში, რის შედეგადაც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება) 7 057 ლარის ოდენობით.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად მოახდინა დღგ-ის გაანგარიშება, არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები, რომლებიც საწარმოს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე, ასევე არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები. მისი მოთხოვნაა აღნიშნული საკითხი შესწავლილი და გაანალიზებული იქნას საწარმოს წარმომადგენელთან ერთად და მოხდეს დამატებით დარიცხული გადასახადის გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 16.02.2023 წლის №18544/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს მისივე 5.12.2022 წლის №30573 ბრძანებაზე, რომლითაც დღგის ჩათვლებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე მიუთითებს, აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ჩასათვლელ დღგ-ის თანხაში, რის შედეგადაც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება) 7 057 ლარის ოდენობით. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნულიდან და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
2. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებულია ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება ამ ნაწილში საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.
საჩივრის მეორე ნაწილთან დაკავშირებით საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1)(2"ა"), 174(1"ა").