გადაწყვეტილება №21633/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21633/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----ის 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21633/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის №007-241 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27734 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 29 806 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 18 268
ჯარიმა - 5 074
საურავი - 6 464
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 18.07.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბანკის ამონაწერების და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი 2020 წლის აგვისტოს თვიდან სარგებლობს მცირე მეწარმის სტატუსით. საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, ი/მ ----ს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 15 ივნისი, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.09.2023 წლის №23290 ბრძანება და №007-241 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე იქნა დადგენილი, რომ 2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, მაშინ როდესაც შემოწმების აქტში მითითებულია, შემოსავლის ოდენობები და თარიღები, კერძოდ:
- 2021 წლის ივნისი - 4237 ლარი - 2021 წლის ივლისი - 0 - 2021 წლის აგვისტო - 62 712 ლარი - 2021 წლის სექტემბერი - 16 805 ლარი - 2021 წლის ოქტომბერი - 14 407 ლარი - 2021 წლის ნოემბერი - დეკემბერი - 0 ◼ ჯამი: 98 161 ლარი - 2022 წლის იანვარი - აგვისტო -0 - 2022 წლის სექტემბერი - 253 ლარი - 2022 წლის ოქტომბერი - 882 ლარი - 2022 წლის ნოემბერი - 462 ლარი ◼ ჯამი: 1597 ლარი 3 - 2023 წლის იანვარი - 267 ლარი - 2023 წლის თებერვალი - 1009 ლარი - 2023 წლის მარტი - 456 ლარი - 2023 წლის აპრილი - მაისი - 0 ◼ ჯამი: 1732 ლარი საერთო ჯამის თანხა მითითებულია 101 489 ლარი.
ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სრულიად გაურკვეველია აუდიტის დეპარტამენტის განმარტება, იმის შესახებ, რომ „2021 წლის 15 ივნისისთვის მეწარმის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს.“ მაშინ როდესაც აღნიშნული ინფორმაცია მითითებული არ არის თავად შემოწმების აქტში, უფრო კონკრეტულად კი შემოწმების აქტის მე-10 გვერდზე 2020 წლიდან - 2021 წლის 15 ივნისის ჩათვლით ფიქსირდება შემოსავალი მხოლოდ 4237 ლარი.
გამომდინარე ზემოთქმულიდან მიაჩნია, რომ სრულად ხსენებული 11.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც გახდა შემდგომში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისა და საგადახადო მოთხოვნის წარდგენის საფუძველი არის ყოვლად უკანონო და დაუსაბუთებელი, რომელიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ასეთ პირობებში კი ასევე ბათილად ცნობას ექვემდებარება მის საფუძველზე გამოცემული ინდ. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმებას აქტის მე-13 გვერდზე შენიშვნის სახით მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი მონაწილეობას იღებდა შემოწმების პროცესში, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან --- არათუ არ ესწრებოდა აღნიშნულ პროცესს, არამედ მისთვის ზოგადად ამ პროცესების შესახებ ცნობილი გახდა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მას ჩაბარდა სადავო დარიცხვის საფუძვლები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27734 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.09.2023 წლის №23290 ბრძანება და №007-241 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).