ბრძანება N 23321

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2024
№ დოკუმენტი 23321
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23321

01 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 18 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 18 სექტემბრის №91996/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს №039-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ შემოწმების დაწყებისას წარდგენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, კერძოდ, პროგრამა „ორისის“ ჩანაწერები, სადაც აღრიცხულია საწარმოს ყველა სამეურნეო ოპერაცია, ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია ყველა საქონლის შემოსვლა პერიოდების მიხედვით, ასევე ჩამოწერილია რეალიზებული საქონელი ყოველთვიურად, შემოსავლები აღრიცხულია მისი მიღების პერიოდის მიხედვით და ზუსტად არის აღრიცხული როგორც დებიტორები, ასევე კრედიტორები, შესაბამისად, შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგი 210 230 ლარის, შესაბამისად, მათი რეალიზებულად განხილვა შეუსაბამოა, ვინაიდან, საწარმოში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ აუდირებული ფასნამატის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ აქვს საბუღალტრო პროგრამა, სადაც ნაჩვენებია სამეურნეო ოპერაციის როგორც დაწყება, ასევე დასრულება პერიოდების მიხედვით. ასევე, მიუთითებს შემოწმების აქტში დაფიქსირებულ უზუსტობებზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს გადახდილ ავანსებს, რასაც ადასტურებს მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, რომლებიც ასევე თანდართულია საჩივარზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14438 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 10 ივლისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 აგვისტოს №19052 ბრძანება და ამავე თარიღის №039-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 859 598 ლარი, მათ შორის, გადასახადი 548 810 ლარი, ჯარიმა 274 405 ლარი და საურავი 36 383 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ჩინეთიდან ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია. პირის ახსნა-განმარტებით საქმიანობს --ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელს აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო 10 კატეგორიად, ამასთან, პირთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისი №16859 ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, საკონტროლო შესყიდვა, პროცედურის განხორციელების დროს სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე, ქ. ----, ვერ მოიძებნა შპს „----''.

ბაზრობის ადმინისტრაციის შპს „---ის“ განმარტებით შპს „---“ მათ ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებს და არასდროს არ ყოფილა სახელშეკრულებო (საიჯარო) ურთიერთობებში, შესაბამისად, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქონლის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა ნულის ტოლად. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გავრცელა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 554 007 ლარით. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული შემოსავალი პირს არ ჰქონდა ასახული არც საბანკო ამონაწერებში და არც სალაროში, ასევე არ ფიქსირდება მოთხოვნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით გამოვლენილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. პირს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე, --- -ზე 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვლის თვეში. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოცემული კომპანიებიდან იმპორტი აღარ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა, რის გამოც დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე. აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კომპანიებზე გადარიცხული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივლისი №16859 ბრძანებით დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა საკონტროლო შესყიდვა, თუმცა გადამხდელის ადგილმდებარეობა ვერ მოიძებნა, რის გამოც ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქონლის ნაშთი შემოწმებით ჩაითვალა ნულის ტოლად. შემოწმებით, შეძენილი საქონელი დაიყო 10 კატეგორიად, ამასთან, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, დარჩენილ ნაწილზე გავრცელა აუდირებული ფასნამატი, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე, რომლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2023 წლის დეკემბრის და 2024 წლის თებერვლის თვეში პირს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოცემული კომპანიებიდან იმპორტი არ განხორციელებულა. აღნიშნული თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შესაბამისად, გადარიცხული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით არარეზიდენტ პირებზე გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა და მოგების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და არარეზიდენტ მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, ხოლო დარჩენილ ნაწილზე გავრცელა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

პირს გადარიცხული აქვს თანხები ჩინეთში სამ კომპანიაზე, ხოლო თანხების გადარიცხვის მიზნობრიობის შესახებ შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებზე გადარიცხული თანხები შემოწმებით განხილულ იქნა არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 98 2.