ბრძანება N 4736

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.03.2026
№ დოკუმენტი 4736
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4736

02 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 26 და 28 იანვრის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---3) 2026 წლის 26 იანვრის №100366/1/2026 და 28 იანვრის №100423/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №086-56 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ბრუნვა არ შეესაბამება რეალობას, რადგან კომპანიას არ ჰქონია იმ მოცულობის შემოსავალი, რაც ასახულია დარიცხვის შედეგებში, აღნიშნულს ასევე მოწმობს ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასების ანალიზი. განმარტავს, რომ აღნიშნული დარიცხვა შეუძლებელს ხდის ბიზნესის არსებობას და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5206 და 23 დეკემბრის №28174 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 29 მარტიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28504 ბრძანება და ამავე თარიღის №086-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 516 955 ლარი, მათ შორის, გადასახადი 829 765 ლარი, ჯარიმა 414 883 ლარი, საურავი 272 307 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარესტორნე და საკვებით მობილური მომსახურება. გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები და მენიუები თავისი კალკულაციით. გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 663 243 ლარის ოდენობით, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატისა და ტერმინალის მიხედვით 872 851 ლარი. გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დამატებით ჩასათვლელი თანხა არ გამოვლინდა. შემოწმებით შეძენილი სმფ-ების ჯამი შეადგენდა 483 117 ლარს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი 37%-ს. შემოწმების ჯგუფის მიერ გაანალიზდა შეძენილი საქონლის ოდენობა და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა შეიძინა 589 772 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით). გადამხდელის მიერ წარდგენილი მენიუსა და შესაბამისი კერძების კალკულაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დადგინდა 140%-ის ოდენობით. შეძენილი პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა დამზადებული კერძებით მისაღები შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს 2 373 000 ლარს, რაც აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს 1 709 000 ლარით. გადამხდელმა არ წარადგინა შესყიდვის აქტები, შესაბამისად, დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურები (დათვალიერება), რომლითაც დადგინდა საორიენტაციო მომხმარებელთა და გაყიდვადი კერძების ოდენობა. გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხების შესწავლით გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, გადამხდელის მიერ ჩათვლილია პირველადი კორექტირებული და მაკორექტირებელი, ასევე, საავანსო და მასზე გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სრულად. შემოწმებით შემცირდა შესაბამისი პერიოდის ჩასათვლელი დღგ-ის თანხები 1 284 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა, შესაბამის პერიოდებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 663 243 ლარის ოდენობით, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატისა და ტერმინალის მიხედვით 872 851 ლარი. შემოწმებით შეძენილი სმფ-ების ჯამი შეადგენდა 483 117 ლარს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი 37%-ს. შემოწმების ჯგუფის მიერ გაანალიზდა შეძენილი საქონლის ოდენობა და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ იქნა 589 772 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით). გადამხდელის მიერ წარდგენილი მენიუსა და შესაბამისი კერძების კალკულაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დადგინდა 140%-ის ოდენობით.

შეძენილი პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა დამზადებული კერძებით მისაღები შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს 2 373 000 ლარს, რაც აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს 1 709 000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართზლომიერად განხორციელდა შეძენილი პროდუქციის რაოდენობის მიხედვით დამზადებული კერძებით მისაღები შემოსავლის გაანგარიშება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დადგინდა, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის კალკულაციით, შეძენილი ფქვილის ოდენობით ნაწარმოებია სხვადასხვა დასახელების ხაჭაპური და ლობიანი, ისე რომ ხარჯში არ არის გათვალისწინებული ამ საქონლის საწარმოებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქტები, მაგ. ყველი, ლობიო და სხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის კალკულაციით ფქვილით ნაწარმოებ პროდუქტებზე ხარჯის კომპონენტი გაითვალისწინოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის კალკულაციით ფქვილით ნაწარმოებ პროდუქტებზე ხარჯის კომპონენტი გაითვალისწინოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 663 243 ლარის ოდენობით, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატისა და ტერმინალის მიხედვით 872 851 ლარი. შემოწმებით შეძენილი სმფ-ების ჯამი შეადგენდა 483 117 ლარს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი 37%-ს. შემოწმების ჯგუფის მიერ გაანალიზდა შეძენილი საქონლის ოდენობა და დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ იქნა 589 772 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით). გადამხდელის მიერ წარდგენილი მენიუსა და შესაბამისი კერძების კალკულაციების მიხედვით საშუალო ფასნამატი დადგინდა 140%-ის ოდენობით.

შეძენილი პროდუქციის რაოდენობის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გაანგარიშდა დამზადებული კერძებით მისაღები შემოსავალი, რომელიც წარმოადგენს 2 373 000 ლარს, რაც აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს 1 709 000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის კალკულაციით ფქვილით ნაწარმოებ პროდუქტებზე ხარჯის კომპონენტი გაითვალისწინოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).