ბრძანება N 18758

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.08.2026
№ დოკუმენტი 18758
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18758

19 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 20 და 29 ივლისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისს (ოქმი №69) და 12 აგვისტოს (ოქმი №72) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ-----) №103552/1/2026 და №103737/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. აცხადებს, რომ გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის ხარჯი, ბანკის და კერძო მევახშისგან აღებული სესხის ხარჯი, ბარტერით აღებული ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების ხარჯი და სხვა. აცხადებს, რომ შეუძლია წარადგინოს აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №23065 და 2026 წლის 17 აპრილის №8609 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 23 იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 30 ივნისის №14601 ბრძანება და პირველი ივლისის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 97 859 ლარი, მათ შორის, გადასახადი 63 299 ლარი, ჯარიმა 31 649 ლარი და საურავი 2 911 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „----“-ის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით სპეციალიზებულ მაღაზიებში, ქალაქ ------. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, კერძოდ: ტერმინალის ტრანზაქციები, სალაროს ამონაწერი და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და შესყიდვის აქტები, ასევე, მიღებული სასაქონლო ზედნადები და მიღებული საგადასახადო ელექტრონული ანგარიშფაქტურები.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს 1 145 376 ლარის საქონელი, ხოლო სალაროსა და პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავლის ოდენობა შეადგენს - 1 250 337 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდებით გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასი მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატები. აღნიშნული საქონლის (ხილ-ბოსტანი) კატეგორიებად დაყოფის შედეგად, სადაც ვერ მოხერხდა კონკრეტული საქონლის დაჯგუფება, გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი - 27.61%. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებით გაიზარდა მიღებული შემოსავლის ოდენობა და საწარმოს მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 467 467 ლარი.

შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა 316 497 (აგროსილი) ლარის ოდენობით, ნაღდი ფულის ანგარიშით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით 2026 წლის 31 ივლისს 12:40 სთ-ზე. გადასახადის გადამხდელის 2026 წლის 29 ივლისის №103737/1/2026 განცხადების საფუძველზე საკითხის განხილვა გადაიდო 2026 წლის 12 აგვისტოს, თუმცა წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ასევე, არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე განცხადება.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების,პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდებით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა 316 497 (აგროსილი) ლარის ოდენობით, ნაღდი ფულის ანგარიშით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმებისას გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. მათ შორის: ანგარიშ-ფაქტურებით დადასტურებული ელექტროენერგიის საფასური - 4 770 ლარის ოდენობით, საიჯარო მომსახურების საფასური - 25 070 ლარის ოდენობით. ინტერნეტის მომსახურების საფასური, საბანკო ამონაწერით, 205 ლარის ოდენობითაა გადახდილი. რაც შეეხება ავტომობილსა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კომპანიის სახელზე ავტომობილის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, რომელთა შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ბანკის მიერ სესხის სახით თანხის გაცემის ფაქტი. ხოლო, კერძო მევახშისგან სესხად აღებულ თანხაზე გადასახადის გადამხდელს ინფორმაცია არ მოუწოდებია შემოწმების მიმდინარეობისას.

გარდა ამისა, საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად სრულად იქნა გათვალისწინებული სამეურნეო ხარჯი 11 879 ლარის ოდენობით, საკომისიო თანხა 1 019 ლარი და თანამშრომელზე გაცემული ხელფასი 1 200 ლარი. ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა საქონლის შეძენა შესყიდვის აქტით - 1 145 376 ლარის ოდენობით და დოკუმენტური შეძენა 24 955 ლარი. შედეგად, 1 214 269 ლარის ოდენობით ხარჯი სრულად გაითვალისწინა შემოწმებამ, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში ნახსენები ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებული არ წარმოდგენილა შემოწმების მიმდინარეობისას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“-ის (ს/ნ ----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ხილითა და ბოსტნეულით სპეციალიზებულ მაღაზიებში. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს 1 145 376 ლარის საქონელი, ხოლო სალაროსა და პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი შეადგენს 1 250 337 ლარს. შესაბამისად, შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, აუდირებული ფასი მსგავსი დასახელებისა და იდენტურ სარეალიზაციო ბაზარზე არსებული საქონლის ფასნამატების საფუძველზე. კატეგორიების მიხედვით დაანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგინა 27.61%-ს, რის გამოც შესაძენი საქონლის თვითღირებულებაზე ფასნამატის გამოყენებით გაანგარიშებულმა შემოსავალმა შეადგინა

1 467 467 ლარი. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა 316 497 ლარის სხვაობა ნაღდი ფულის ანგარიშით, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101;154;