გადაწყვეტილება №23899/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23899/2/2024
14 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 10.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23899/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №075-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19045 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 92 229,43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 59 367
დღგ - 38 717
საშემოსავლო გადასახადი - 20 650
ჯარიმა - 29 684
საურავი - 3 178,43
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ფეხსაცმლის (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთების და ქუდების იმპორტი ჩინეთიდან, ირანიდან და ადგილობრივ ბაზარზე მათი საცალო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 18.04.2022 წლიდან 1.04.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 18.04.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. კომპანიამ შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბანკო ცნობა და ამონაწერები, ახსნა განმარტება, გადასახადის გადამხდელის ხელთ არსებული შემოწმების მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა „ფინა“. აღნიშნული პროგრამა საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანომ არასანდოდ მიიჩნია, იმ მიზეზით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ეკონომიკური ოპერაციებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად/სრულყოფილად განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 18.04.2024 წლის ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მასალების, უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და ასევე, გადასახადის გადამხდელის შესახებ სხვა ამგვარი მონაცემების და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
18.04.2024 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 1.04.2024 წლის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ფეხსაცმელზე 26%; ქუდზე 26% და ჩანთაზე 26%).
შემოწმებით დაანგარიშებული რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 767 002 ლარს (დღგ-ის გარეშე), საიდანაც არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საბითუმო რეალიზაციის ბრუნვა შეადგენს 763 861 ლარს. შესაბამისად, დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების პროცესში ჩატარდა შესამოწმებელი პერიოდის საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, საბაჟო ინვოისებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ჩეკი, შედარების აქტი და ა.შ. და მათი ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი), თუმცა უცხოური საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებთან საინვოისო თანხების ნაწილის გადახდა უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. სალაროდან გადახდილად ჩათვლილი საინვოისო თანხების 75% გამოქვითულია ხარჯად განკარგვადი ფულადი სახსრების დაანგარიშებისთვის. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად, გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს, შეადგენს 82 600 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე, 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №075-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19045 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ფინა“ შემოწმების მიერ, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, არასანდოდ იქნა მიჩნეული, კერძოდ, ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ეკონომიკური ოპერაციებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად/სრულყოფილად განსაზღვრა, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 2024 წლის პირველი აპრილისთვის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რაზეც გავრცელდა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შესაბამისად, გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე არ არის დადგენილი უცხოური საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებთან საინვოისო თანხების ნაწილის გადახდა უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. სალაროდან გადახდილად ჩათვლილი საინვოისო თანხების 75% გამოქვითულია ხარჯად განკარგვადი ფულადი სახსრების დაანგარიშებისთვის. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები, რის შედეგადაც გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოყოფა, სხვაობის საბითუმო რეალიზაციად განხილვა და აღნიშნულზე მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი ქვეპუნქტის მოთხოვნა, შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლებისათვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა არ იქნა მიჩნეული სანდოდ. ისმის კითხვა თუ რატომ არ მოიპოვა შემმოწმებლების სანდოობა აღნიშნულმა ბუღალტრულმა ჩანაწერებმა? აღნიშნულ პროგრამაში სრულად არის აღწერილი სამეურნეო საქმიანობის ყველა ასპექტი, მათი დაწყებაც და დასრულებაც იმ პერიოდების მიხედვით, როდესაც მოხდა ესა თუ ის სამეურნეო ოპერაციები აღნუსხულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ყველა შემოსვლა პერიოდების მიხედვით, ასევე მათი გასვლაც, პროგრამულად დაფიქსირებულია ყველა ის შემოსავალი რომელიც გადამხდელმა მიიღო პერიოდების მიხედვით და ყველა ხარჯი რაც გაიწია ამ შემოსავლის მისაღებად. ამასთან შემოწმების აქტში წერია, რომ გადასახადი გადამხდელი ეწევა საცალო ვაჭრობას, აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან გადამხდელი ეწევა სახლის ჩუსტების, წინდების, ჩანთების და სხვა მსგავსი საქონლის საბითუმო რეალიზაციას, რაც დასტურდება სალარო აპარატის ჩეკებით. კერძოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებით გადასახადი გადამხდელს მიღებული აქვს 515 403 ლარი, აქედან ჩეკებით აკუმულირებული თანხა, სადაც თანხა არის 45-დან 200 ლარამდე არის მხოლოდ 19 670 ლარი, რაც არის ნაღდი ფულით რეალიზებული საქონლის მთლიანი ღირებულების 3,81%. რადგან გადასახადის გადამხდელი ეწევა საბითუმო ვაჭრობას ალბათ მიზანშეუწონელია იმ ფასნამატის გავრცელება რაც ვრცელდება საცალო რეალიზაციაზე მათ შემთხვევაში 26% და ეს ფასნამატი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა მოდურ ტენდენციებთან, კერძოდ შეიძლება სარეალიზაციო პროდუქცია უცებ გამოდის მოდიდან და გადამხდელი იძულებული გახდეს მოდიდან გასული პროდუქცია გაყიდოს თვითღირებულებაზე ნაკლებად რათა მცირედი ხარჯები მაინც აინაზღაუროს. ესეც გასათვალისწინებელია ფასნამატის განსაზღვრისათვის. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 18.04.2024 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 1.04.2024 წლის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ფეხსაცმელზე 26%; ქუდზე 26% და ჩანთაზე 26%). შემოწმებით გაანგარიშებული დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
შემოწმების პროცესში, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით, საბაჟო ინვოისებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები). შედეგად, გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე, 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი ქვეპუნქტის მოთხოვნა, შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლებისათვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამაში სრულად არის აღწერილი სამეურნეო საქმიანობის ყველა ასპექტი, მათი დაწყებაც და დასრულებაც იმ პერიოდების მიხედვით, როდესაც მოხდა ესა თუ ის სამეურნეო ოპერაციები აღნუსხულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ყველა შემოსვლა პერიოდების მიხედვით, ასევე მათი გასვლაც, პროგრამულად დაფიქსირებულია ყველა ის შემოსავალი რომელიც გადამხდელმა მიიღო პერიოდების მიხედვით და ყველა ხარჯი რაც გაიწია ამ შემოსავლის მისაღებად. ამასთან, მტკიცება რომ გადასახადი გადამხდელი ეწევა საცალო ვაჭრობას, მცდარია, რადგან გადამხდელი ეწევა სახლის ჩუსტების, წინდების, ჩანთების და სხვა მსგავსი საქონლის საბითუმო რეალიზაციას, რაც დასტურდება სალარო აპარატის ჩეკებით. გადასახადის გადამხდელი ეწევა საბითუმო ვაჭრობას ალბათ მიზანშეუწონელია იმ ფასნამატის გავრცელება რაც ვრცელდება საცალო რეალიზაციაზე მათ შემთხვევაში 26% და ეს ფასნამატი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა მოდურ ტენდენციებთან, კერძოდ შეიძლება სარეალიზაციო პროდუქცია უცებ გამოდის მოდიდან და გადამხდელი იძულებული გახდეს მოდიდან გასული პროდუქცია გაყიდოს თვითღირებულებაზე ნაკლებად რათა მცირედი ხარჯები მაინც აინაზღაუროს. ესეც გასათვალისწინებელია ფასნამატის განსაზღვრისათვის.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.08.2024 წლის №19045 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხი
მომჩივანი აღნიშნავს ,რომ კომპანიის მიერ არ დარღვეულა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც ერთი ქვეპუნქტის მოთხოვნა, შესაბამისად, შემმოწმებელს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.
18.04.2024 წლის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებით დადგინდა 1.04.2024 წლის სმფ-ების ნაშთის და შესამოწმებელი პერიოდის რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომლიდანაც გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საბითუმო რეალიზაციად, რომელზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული საბითუმო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით.შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და შედეგად,გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები,თუმცა უცხოური საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებლებთან საინვოისო თანხების ნაწილის გადახდა უფიქსირდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. სალაროდან გადახდილად ჩათვლილი საინვოისო თანხების 75% გამოქვითულია ხარჯად განკარგვადი ფულადი სახსრების დაანგარიშებისთვის. ფულადი სახსრების ანალიზში გათვალისწინებულ იქნა საბანკო დაწესებულებაში და სალაროში არსებული ფულისა და დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, გაწეული ხარჯი/გადახდები
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს განკარგვადი თანხა, რომელზეც სხვა სახის ინფორმაცია არ არსებობს, შეადგენს 82 600 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე, 2024 წლის მარტის ბოლოს გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,154.