გადაწყვეტილება №26245/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26245/2/2025
26 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ამხანაგობა „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა „-----“ 01.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26245/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2025 წლის N 066-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის N 24003 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
41 460,31 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 26 482, 95 ლარი;
დღგ - 25 982,95 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 500 ლარი;
ჯარიმა - 13 241,50 ლარი;
საურავი - 1735,86 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.06.2024 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. პირის საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 19.06.2024 წლიდან 01.05.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 01.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში ამხანაგობას ჰქონდა ერთი მიმდინარე სახელმწიფო ტენდერი, რომლის მიხედვითაც ----- ახორციელებდა საბავშვო ბაღების მშენებლობას. საბავშვო ბაღების მშენებლობის მომსახურებას უწევდა შპს „-----“ (ს.ნ. -----).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები აჭარბებს დეკლარირებულ ბრუნვას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შემმოწმებელთა მიერ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს მიღებული ჰქონდა ანგარიშ - ფაქტურა ----- (დღგ-ს თანხა 21 286 ლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ანგარიშ - ფაქტურა არ იყო ჩათვლილი. საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულმა 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 21 286 ლარი.
შემმოწმებელთათვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბანკიდან გაიცა გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი თანხები. კერძოდ, დირექტორზე 2024 წლის სექტემბერში გაცემულ იქნა 2 000 ლარი, დანიშნულებით „სამეურნეო ხარჯები", რომელთა მიზნობრიობა ვერ დადასტურდა. შედეგად, შემმოწმებელთა მიერ დირექტორზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე 11.09.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N 19963 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის N 066-11 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.10.2025 წლის N 24003 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2025 წლის თებერვლის თვეში ამხანაგობა „-----“ შპს „-----" (ს/კ ----- ) გაუწია 72,595,84 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურება. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის ნოემბრის თვემდე მომწოდებელმა მომსახურების მიმღებს არ გამოუწერა შასაბამისი ანგარიშ - ფაქტურა. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ მომსახურებაზე გამოწერილია შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა ნომრით -----, რომლის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 11,073.94 ლარს.
ზემოთ ხსენებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დააკორექტიროს გადასახადის თანხა 11 073,94 ლარით და შესაბამისად დაკორექტირდეს ამ მოთხოვნით დარიცხული ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
მომჩივანი ითხოვს მისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას შესამოწმებელ პერიოდში მიღებული მომსახურებისთვის მოგვიანებით გამოწერილი ანგარიშ - ფაქტურის ----- გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
მომჩივნის მოთხოვნაზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასთან დაკავშირებით საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილი იყო მხოლოდ დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება და შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება (31.10.2025 წლის N 24003 ბრძანება) ეხებოდა მხოლოდ აღნიშნულ საკითხს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დაკისრებული სანქციებისგან განთავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხელს შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა ერთი მიმდინარე სახელმწიფო ტენდერი, რომლის მიხედვითაც ახორციელებდა საბავშვო ბაღების მშენებლობას. შემმოწმებელთათვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები აჭარბებს დეკლარირებულ ბრუნვას. 2025 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს მიღებული ჰქონდა ჩაუთვლელი ანგარიშ - ფაქტურა. ბანკიდან გაიცა გადახდის წყაროსთან დაუბეგრავი თანხები, რომელთა მიზნობრიობა ვერ დადასტურდა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და წარედგინა ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
მომჩივნის მოთხოვნაზე საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასთან დაკავშირებით საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილი იყო მხოლოდ დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება და შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ეხებოდა მხოლოდ აღნიშნულ საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275 (2); 269 (7);.