ბრძანება N 24052

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2024
№ დოკუმენტი 24052
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24052

13 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: ქ. ---------------------------------)

2024 წლის 31 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) 2024 წლის 31 ოქტომბრის №92641/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ოქტომბრის №024-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ გადამხდელის დოკუმენტაციით შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, გადამხდელს გაწერილი ჰქონდა სასაქონლო ზედნადებები, სადაც ფიქსირდებოდა ფასი და თანხა. ამდენად, არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა. ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საწარმოს მიერ პროდუქციის დაბალი ფასნამატით რეალიზაცია გამოწვეული იყო იმით, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ფართი ნაქირავები და საქონელს ყიდდა საბითუმოდ. ასევე, გადამხდელი ვაჭრობდა ისეთი პროდუქციით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებასთან. ზოგ შემთხვევაში შეკვეთა იგვიანებდა და ამის გამო სეზონურად და მოდელის თვალსაზრისითაც იყო აცდენა. ასევე, მიუთითებს, რომ შემოტანილი აქვს დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც დაბალი ხარისხისაა და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის.

2. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ გადამხდელმა არათუ სარგებელი მიიღო, არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №14429 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 4 იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 10 ოქტომბრის №22086 ბრძანება და ამავე თარიღის №024-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 350 048 ლარი, მათ შორის გადასახადი 217 518 ლარი, ჯარიმა 108 356 ლარი და საურავი 24 174 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „-----ის“ ძირითადი საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით) ვაჭრობა. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი ჰქონდა სულ 1 076 553 ლარის საქონელი (თვითღირებულება დღგ-ის გარეშე), დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა დეკლარირებული ბრუნვის 9%-ს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 16%-ს. კომპანიის მიერ იმპორტირებულ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 7 კატეგორია). საწარმო გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 4 იანვარს (შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 4 იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები), შესაბამისად, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარის ოდენობით. ხოლო გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ის ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში გამოიყო დოკუმენტური და საცალო რეალიზაცია კატეგორიების მიხედვით, დოკუმენტური რეალიზაცია შემოწმების მიერ ჩაითვალა საბითუმოდ, ხოლო საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი. საბოლოოდ დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შპს „----ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებით შპს „------ის“ შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი. აღნიშნულის და ასევე, კომპანიის მიერ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 7 ნოემბერს, -- საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას იმპორტის გზით შეძენილი ჰქონდა სულ 1 076 553 ლარის საქონელი (თვითღირებულება დღგ-ის გარეშე), დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა დეკლარირებული ბრუნვის 9%-ს, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 16%-ს. საწარმო გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 4 იანვარს (შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 4 იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები), შესაბამისად, საწყისი სმფ-ების ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარის ოდენობით. ხოლო გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირკვევა შემდეგი:

. შემოწმებისათვის გადამხდელს არ მიუწოდებია საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალური დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ამასთანავე, გადამხდელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდა, რის გამოც დაჯარიმებულია ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე. შემოწმების მიერ გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი. ამასთან, შემოწმებას არ ჰქონია შესაძლებლობა განესაზღვრა ბაზარზე საქონლის ხარისხი ან მოდის ტენდენცია თუ რომელი საქონელი როდის შეიძლებოდა გადასულიყო მოდიდან და გაყიდულიყო დაბალი ფასნამატით.

. გადამხდელის არგუმენტი, თითქოს საწარმოს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა თავისი ფულადი სახსრები უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ვერ დადასტურდა რაიმე სახის ოპერაცია. ამასთან, გადამხდელს საბანკო ამონაწერები არ მოუწოდებია სრულად, რის გამოც დაჯარიმდა და შემოწმებამ აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა სასამართლოს გზით.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ დოკუმენტური რეალიზაციის საბითუმოდ მიჩნევა, ხოლო საცალო რეალიზაციაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს და სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14429 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 4 იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №22086 ბრძანება და №024-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 350 048 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, შეუძლებელი იყო რეალური საგადასახადო ვალდებულებების დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, შემოწმებით მომჩივანის შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რომლის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის შემოსავალი. აღნიშნულის და ასევე, კომპანიის მიერ სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო, რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1 და მე-2); 164(1);

ასევე,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლს;