გადაწყვეტილება №22408/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22408/2/2024
28 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 28.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22408/2/2024).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №033-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2639 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 107 789,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 63 612
დღგ - 38 508
საშემოსავლო გადასახადი - 24 537
ქონების გადასახადი - 567
ჯარიმა - 26 634
საურავი - 17 543,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და სამშენებლო-სარემონტო მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
------- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 11.06.2019 წელს. 1.07.2019 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, რომელიც გაუქმებულია 1.01.2022 წლიდან. საქმიანობას ახორციელებს ------- შპს ------- იჯარით აღებულ 162 კვ. მეტრ ფართის მაღაზიაში. საიჯარო ქირა შეადგენს 710 ლარს დღგ-ის ჩათვლით. 2023 წლის აგვისტოში ------- შეისყიდა აღნიშნული შენობა 38 000 აშშ დოლარად. ინდმეწარმეს არ აქვს ნაწარმები ბუღალტრული აღრიცხვა. შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზები.
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს შორის, რაც გადასახადის გადამხდელს სრულად არ აუსახავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში.
შემოწმებით დადგენილი ბრუნვების მიხედვით მეწარმემ 500 000 ლარიან ზღვარს გადააჭარბა 2020 წლის ნოემბერში და 2021 წლის აგვისტოში, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 79-ე, 90-ე და 93-ე მუხლების საფუძველზე მცირე მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგრა 3 %-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. მეწარმეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე. ექსპორტ/იმპორტის ოპერაციები არ ფიქსირდება. რეალიზაციას ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. ტენდერის ფარგლებში განხორციელებული აქვს სამშენებლო მასალების და სამშენებლო იარაღის მიწოდება: 1) ------- 2020 წელს (რეალიზებული აქვს ფიზიკური პირების სახლის სარემონტო სამუშაოებზე მოთუთიებული თუნუქის ტალღოვანი ფურცლები) 7 717 ლარის ოდენობით; 2) ------- 2021 წელს 30 340 ლარის ოდენობით; 3) ------- მიწოდებული აქვს ონკანები 7 843 ლარის ოდენობით; სამშენებლო მასალები რეალიზებული აქვს ------- სკოლებისათვის; შესამოწმებელ პერიოდში 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 840 343 ლარს. შესყიდულია 1 831 666 ლარის (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 1.08.2023 წლისათვის შემოწმებით განსაზღვრული საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს 233 072 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს რეალიზებულ 31 572 ლარის (37 255 ლარი დღგ-ის ჩათვლით) პროდუქციაზე მისაღები აქვს ანაზღაურება 46 ფიზიკური პირისაგან. გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხა არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი დღგ-ით. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს მთლიანი რეალიზაციის 24%-ს. 2023 წლის აპრილის თვეში განხორციელებული აქვს 4 576 (5 400/1,18) ლარის მარკეტინგული მომსახურება. გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით მეწარმე მუშაობს 25%-იანი ფასნამატით, რაც შესაბამისობაშია დარგისთვის დამახასიათებელ ფასნამატთან. შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა 25%- იანი ფასნამატი. გადამხდელის მიერ არ არის დეკლარირებული 2020 წლის აპრილის თვეში №------- სასაქონლო ზედნადებით შპს ------- (ს/ნ -------) განხორციელებული რეალიზაცია 220 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 158-ე, 159 და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და კუთვნილი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №033-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე და 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
------- არის მაღალმთიანი, დაბალ შემოსავლიანი, მცირე რიცხოვანი პატარა რაიონი (ერთმანეთის ნათესაობა და ნაცნობობა), ყოველივე ამის გათვალისწინების შედეგად მოუწია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს საქონლის გარკვეული ნაწილის ნისიად გაცემა, რის შედეგადაც წარდგენილ წლიურ დეკლარაციებში გაეპარა შეცდომები, რის შედეგადაც გამოიკვეთა გარკვეული სახის დარღვევები, რის გამოც დაუდგინდა ბიუჯეტის მიმართ გადასახადის გადახდა, თუმცა მთელი სამეწარმეო საქმიანობის პერიოდში პატიოსნად და დროულად იხდიდა ბიუჯეტში ყველა სახის გადასახადს.
ვინაიდან ------- არის დაბალ შემოსავლიანი რაიონი და ვაჭრობს კონკურენციის პირობებში, ბიუჯეტში გადასახდელად დადგენილ გადასახადზე დარიცხული ჯარიმის და საურავის გადახდა შეუძლებელია იმ მიზეზით, რომ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს დაბალი შემოსავლით (12-25%-ის ფასნამატით) და ასევე იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რასაც საბანკო სესხი წარმოადგენს (თვეში 14 500 ლარამდე გადახდის ვალდებულება), აქედან გამომდინარე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას არსებული მდგომარეობა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს ეპატიოს გამოუცდელობით გამოწვეული შეცდომა და მოეხსნას დარიცხული ჯარიმა-საურავი.
ითხოვს სრულად მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა 26 634 ლარი და საურავი 17 543 ლარი, სულ 44 177 ლარის ოდენობით.
სურს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელება, საქმიანობის გაფართოება-განვითარება და ამის შედეგად მეტი ადამიანის დასაქმება.
მომჩივანი, საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №033-11 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ 12.02.2024 წლის №2639 ბრძანებით მიღებულ გადაწყვტილებას საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე არ ეთანხმება, რაც გამოიხატება კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად ბიუჯეტში გადასახდელ ძირ (63 612 ლარი) თანხაზე დარიცხული ჯარიმის (26 634 ლარი) და საურავის (17 543 ლარი) ნაწილში.
აქედან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს შემოწმების შედეგად დადგენილი გადასახადი 63 612 ლარი დარიცხული ჯარიმისა და საურავის გარეშე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-16 მუხლის შესაბამისად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, უფლებამოსილია არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების სხვაგვარად აღრიცხვა, გარდა ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №999 ბრძანებით დამტკიცებული „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის ფორმისა და წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის მიხედვით:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მცირე ბიზნესი, ხარჯების აღრიცხვის მიზნით, ვალდებულია აწარმოოს აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ამ ინსტრუქციის დანართი №1-ის შესაბამისად.
2. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შეიძლება იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.
3. მცირე ბიზნესი ხარჯის გაწევის შესახებ ინფორმაციას აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში ასახავს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომელშიც დაცული უნდა იყოს მაჩვენებლების უწყვეტობა და უტყუარობა.
4. ქაღალდზე ნაბეჭდი აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში შეცდომის დაშვების შემთხვევაში შენიშვნის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით.
5. აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი შესაძლებელია გაიხსნას როგორც ერთ კალენდარულ წელზე, ასევე უვადოდ.
6. კალენდარულ წელზე გახსნილი ჟურნალი იხურება შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღეს.
7. ჟურნალის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 11.06.2019 წელს, ხოლო 1.07.2019 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, რომელიც გაუქმებულია 1.01.2022 წლიდან. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველია ის გარემოება, რომ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღრიცხვის სპეციალურ წესებს. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი მოითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რასაც ასევე ითხოვდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, დამატებითი მსჯელობის შედეგების გათვალისწინებით, ხელახლა შეფასებას საჭიროებს მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2639 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს სანქციებისგან გათავისუფლება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი მოითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რასაც ასევე ითხოვდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, დამატებითი მსჯელობის შედეგების გათვალისწინებით, ხელახლა შეფასებას საჭიროებს მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)