გადაწყვეტილება №25890/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25890/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25890/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------")

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 23.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25890/2/2025).

 

დავის საგანი:

1. უარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებით დავის განახლებაზე;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.09.2025 წლის №19202 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 13 980 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

26.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში №"-------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოსულმა მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას მომჩივანს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში არსებულ სათავსოში, აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი: მედიკამენტი „VIAGRA“ – 100 ფირფიტა, მედიკამენტი „PREGNYL“ – 133 კოლოფი და მედიკამენტი „CIALIS“ – 191 ფირფიტა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 29.03.2025 წლის №003082/2025 დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13 980 ლარი.

გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 980 ლარი.

გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილ მედიკამენტებზე არ იყო წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მომჩივნის განცხადებით (29.03.2025 წლის №------- განცხადება) საქონელი გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.05.2025 წლის №10350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.

მომჩივანმა 8.08.2025 წელს საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე და ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებაზე, მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 1.09.2025 წლის №19202 ბრძანებით, საჩივარი 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.09.2025 წლის №19202 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო 28.04.2025 წელს (რეგ. №64228/21). აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 16.05.2025 წლის (ოქმი №40) სხდომაზე. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10350 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

შემოსავლების სამსახური ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 308-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, ხოლო მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოსაყენებელი ფასის ინფორმაციის მონაცემები უნდა ემყარებოდეს სარეზერვო მეთოდის პრინციპებს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შეფასების პროცესში გამოყენებულია „მსგავსი საქონლის მოქნილობის მოთხოვნები“, როგორც განსაზღვრულია სარეზერვო მეთოდის პრინციპებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დავის განახლების საფუძველი და ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

29.03.2025 წელს მომჩივნის მიმართ გამოიწერა №EL280568 საბჟო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად, 29.03.2025 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი "-------"-ის კონტროლის ზონიდან "-------"-ის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ მომჩივანს ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა 3 სახეობის მედიკამენტი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული დასახელების მედიკამენტების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13 890 ლარი, რომელის მომჩივანს სანქციის სახით შეაფარდა. გარდა სანქციისა, საბაჟო გამშვებ პუნქტში მოტყუებით მოაწერინეს ხელი საქონლის გადაცემის თაობაზე დოკუმენტზე. სამართალდარღვევის საფუძველს წარმოადგენდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლში პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწლით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებების 100 პროცენტით ან საქონლის ან/და ტრანსპორტის საშუალების უსაყიდლოდ ჩამორთმევას. აღნიშნული აქტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, სადაც მის მოთხოვნას წარმოადგენდა აქტის ბათილობა, ვინაიდან აქტს საფუძვლად ედო №------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მომჩივნისთვის ბუნდოვანი იყო საქონლის ღირებულების დადგენის საფუძვლები, ვინაიდან ბაზარზე არსებული საქონლის ფასები ექსპერტის მიერ დადგენილ ფასებთან შედარებით თითქმის ნახვარია. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10350 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომლის სამოტივაციო ნაწილიც ასევე ბუნდოვანი, უკანონო და დაუსაბუთებელია. ადმინისტრაციულ ორგანოს ჯეროვნად და ობიექტურად არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები და მისი დასაბუთება ისევ და ისევ მხოლოდ სამართლებრივ ნორმებზე მითითებით მოხდა, რაც გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის არ არის საკმარისი. როგორ შეიძლება, რომ დავის განმხილველი ორგანო მიუთითებდეს მომჩივნისთვის გაურკვეველ ელექტრონულ პორტალზე და მსგავს პროდუქტებზე, როდესაც არცერთი მათგანი არაა დაკონკრეტებული. ასევე, როდესაც ექსპერტიზა ადგენს დასკვნას, იგი ისე უნდა იქნეს შედგენილი, რომ ნებისმიერი ობიექტური მკითხველისთვის არ ტოვებდეს რამე კითხვებს.

როგორც ზემოთ აღნიშნა, პირვანდელ საჩივარში მომჩივნისთვის სრულად გაურკვეველია ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ინფორმაცია, ვინაიდან მასში არ არის ასახული ჩამორთმეული პროდუქტის აღწერა, როგორი იყო შეფუთვა, ფასი დადგენილია შეფუთვის თუ აბების რაოდენობის მიხედვით, ასევე არაფერია დაკონკრეტებული თანდართული წყაროს თაობაზე, რომელის საფუძვლად დაედო ფასების განსაზღვრას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჯარო პორტალებსა თუ აფთიაქებში განსხავებული ფასებია. როგორ შეიძლება პროდუქტის ღირებულება დეკლარირების მიზნებისთვის უფრო მეტი იყოს, ვიდრე სარეალიზაციოდ გამოტანილისა?

8.08.2025 წელს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ახლად გამოვოლენილი გარემოებების საფუძველზე დავის ხელახალი განხილვის მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა და სწორედ აღნიშნულის ბათილობას ითხოვს წინამდებარე საჩივრით. ის გარემოება, რომელსაც საჩივარში მიუთითებდა, დასტურდება საბაჟო გამშვებ პუნქტში შედგენილი №EL291489 სამართალდარღვევის ოქმით. აღნიშნული ოქმი წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტივის გამოცემას, როგორც ამას მოითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. კერძოდ, 30.07.2025 წლის №EL291489 ოქმით, სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი "-------" (პ/ნ "-------"), რომლის ავტომობილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა არადეკლარირებული საქონელი - პრეგნილი 5 000 IU - 110 კოლოფი, რომლის საბაჟო ღირებულებამაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 3 300 ლარი. შესაბამად, ერთი კოლოფის ღირებულებამ შეადგინა 30 ლარი.

ერთ-ერთ საქონელი, რომელიც მომჩივნის შემთხვევაშიც იქნა ამოღებული, არის იდენტიური - მედიკამენტი პრეგნილი 5 000 IU, რაოდენობა 133, ჯამური ღირებულებით 9 350 ლარი. აღნიშნული ორი ოქმის საფუძველზე ჩნდება ლოგიკური კითხვა - როგორ დგინდება ფასები? მომჩივნის შემთხვევაში, 2025 წლის მარტში თუ ექსპერტმა გამოიყენა სარეზევრო მეთოდი და ელექტრონული პორტალი, ვინაიდან მანამდე არ ყოფილა პრაქტიკა, რატომ შეფასდა სხვა პირის მიმართ იდენტიური საქონელი ნახევრზე ნაკლებ ღირებულებად? "-------"-ის შემთხვევაში, ერთი კოლოფის ღირებულებამ შეადგენა 30 ლარი, ხოლო მომჩივნის შემთხვევაში კი 70.3 ლარი. რამ განაპირობა ექსპერტისთვის ერთსა და იმავე საქონელზე დროის ძალიან მცირე მონაკვეთში 100%-ზე მეტი ფასთა სხვაობა?! აღნიშნული გარემოება მიუთითებს ექსპერტის არაკვალიფიციურობაზე და წარმოადგენს მის მიმართ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პასუხისმგებლობის საფუძველს.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული არ მიეჩნია ახლად გამოვლენილ გარემოებად, ბრძანების დასაბუთება კი აზრს მოკლებული და სამართლებრივად გაუმართავია. ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინიდან არსებებს იმავე მომჩივნის მიმრთ იმავე დავისის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლს „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ბრძანების დასაბუთების ნაწილში ასევე მითითებულია, რომ ამავე კოდექსის 299-ე მუხლს მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ამავე საკანონმდებლო აქტის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში. ამასთან, ფასდადგენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს სარეზევრო მეთოდზე, რომელიც გამოყენებულ იქნა როგორც მომჩივნის მიმართ, ასევე ახლად გამოვლენილ გარემოებად მითითებულ ოქმშიც, რომ სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებას, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოსაყენებელი ფასის ინფორმაციის მონაცემები უნდა ემყარებოდეს სარეზერვო მეთოდის პრინციპებს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შეფასების პროცესში გამოყენებულია მსგავსი საქონლის მოქნილობის მოთხოვნები, როგორც განსაზღვრულია სარეზერვო მეთოდის პრინციპებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნულ მსჯელობაში შემოსავლების სამსახური არის არათანმიმდევრული და არალოგიკური. ნორმების განმარტება ზუსტად ასახავს იმ გარემოებას, რომელზე დაფუძნებითაც მომჩივანმა მოითხოვა ხელახალი განხილვა. პირველი გარემოება არის ფასის დადგენის მეთოდი. მომჩივნის შემთხვევაში გამოყენებული სარეზევრო მეთოდი და დადგენილი ფასი, უკვე წარმოადგენს ადრე განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებას. მეორე გარემოება მეტად დაუსაბუთებელია - როდესაც შემოსავლების სამსახური უთითებს, რომ ახალი სამართალდარღვევის ოქმი არ ყოფილა ის გარემოება თუ მტკიცებულება, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა გადაწყვეტილების მიღებამდე, სრული აბსურდია. როგორ შეიძლებოდა სცოდნოდა 2025 წლის მარტში 30.07.2025 წელს დადგენილი გარემოება? დასაბუთებაში არ ჩანს, თუ რატომ არ შეიძლება იქნას აღნიშნული მტკიცებულება გამოყენებული, როდესაც იდენტურ პროდუქციაზე დროის მცირე მონაკვეთში ორჯერ მეტი ღირებულებაა დაანგარიშებული და თუკი დავუშვებთ, რომ ფასები მართლაც ასე მკვეთრად შეიცვალა, რატომ არ არის იგი შემოსავლების სამსახურის მხრიდან დასაბუთებული და დართული დასაბუთებაში.

დასაბუთებულობის სტანდარტის მიხედვით, როდესაც ინდივიდუალურ აქტზეა საუბარი, საქართველოს ზოგადი ადმინიოსტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. და კიდევ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია დასაბუთებულობის ყველა მოთხოვნა. მხოლოდ ნორმებზე მითითება არ წარმოადგენს დასაბუთებას, ვინაიდან მასში არ არის მითითებული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და კვლავ მუხლების გათვალისწინებით მეთოდოლოგიაზეა საუბარი, რაც არ არის დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებებით. ბრძანებაში მითითებული განმარტება შინაარსობრივად წინააღდმეგობაში მოდის იმ მცირე განმარტებასთან, რაც დასაბუთების ბოლოს არის ერთი წინადადებით წარმოდგენილი. გარდა ამისა, საქართველოსა თუ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება სხვადასხვა პირი უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენო და ამით მას მიაყენო ზიანი. ზემოაღნიშნული სხვაობა სახელმწიფოს მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრებასაც ემსახურება და გარდა იმისა, რომ მოტყუებით ჩამოართვეს ქონება, რომელიც სამართალდარღვევის საფუძვლად მითითებული ნორმის მიხედვით არ იყო შესაძლებელი, საქონლის ღირებულების შეფასება მომჩივნის მიმართ აშკარად დამაზიანებელი აღმოჩნდა, რაზეც საჩივარში ასევე მიუთითებდა და რაც ამჟამად იმავე სამსახურის ექსპერტის დასკვნის შედეგად, ცალსახად დასტურდება. ამით კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმის გარემოებების არაჯეროვან გამოკვლევასაც, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა საქმეში არ ჩართო დარგის (სამსახურის) ექსპერტები, არ მომხდარა მათი გამოკითხვა, არ მომხდარა საქმის ზეპირი განხილვა, არ დაურთავს და არ მიუთითებია პრაქტიკაზე და სხვა. როგორც აღნიშნა, 30.07.2025 წელს გამოცემული სამართადარღვევის ოქმით ცხადდება, რომ მომჩივანი, როგორც სამართალდამრღვევი, იყო არასამართლიან და უთანასწორო პირობებში, მის მიმართ დადგენილი დასკვნის და სანქციის შედეგად, სახელმწიფო უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ახლად გამოვლენილი აქტი განაპირობებს მომჩივნის მიამრთ უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ექსპერტები თავისმხრივ არიან არაკვალიფიციურნი და სავარაუდოდ, მათი მხრიდან ჩადენილია სისხსლისამართლებრივი დანაშაული. ის ფაქტი, რომ აღნიშნული მტკიცებულება შეცვლიდა მის მიმართ არასასურველ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებისა, მაშინ, როდესაც არსებობს უკვე დადგენილი სარეზევრო ფასი, არ შეიძლება განსხვავებულად განიხილო ორი სხვადასხვა პირის შემთხვევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოადგენს საჩივარს და ითხოვს შემოსავლების სამსახურის №19202 ბრძანების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი განმარტავს, რომ საჩივარზე დართული "-------"-ის (პ/ნ "-------") მიმართ შედგენილი №EL291489 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც განაპირობებს მომჩივნისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას."-------"-ის სატრანსპორტო საშუალებაში აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (Pregnyl 5 000 UI – 110 კოლოფი) საბაჟო ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეადგინა 3 300 ლარი. შესაბამისად, ერთი კოლოფის ღირებულება შეადგენს 30 ლარს.

მის შემთხვევაში კი ერთი კოლოფის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 70.3 ლარი. გაუგებარია, თუ რამ განაპირობა ექსპერტისთვის ერთსა და იმავე საქონელზე დროის მცირე მონაკვეთში ფასთა ასეთი სხვაობა. მომჩივნის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს საქმის გარემოებების არაჯეროვან გამოკვლევას.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოსაყენებელი ფასის ინფორმაციის მონაცემები უნდა ემყარებოდეს სარეზერვო მეთოდის პრინციპებს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების შეფასების პროცესში გამოყენებულია „მსგავსი საქონლის მოქნილობის მოთხოვნები“, როგორც განსაზღვრულია სარეზერვო მეთოდის პრინციპებით.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და განმარტავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვებას საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ 28.04.2025 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით, სადავო იყო საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელზეც არსებობს შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10350 ბრძანება.

გადასახადის გადამხდელმა 8.08.2025 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2025 წლის №EL280568 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული, გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 1.09.2025 წლის №19202 ბრძანებით, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მართებულია და ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის №19202 ბრძანების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. მომჩივანს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში არსებულ სათავსოში, აღმოაჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი.არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 13 980 ლარი. მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 13 980 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო, 1.09.2025 წლის №19202 ბრძანებით, საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მართებულია და ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ზ).