გადაწყვეტილება №20443/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20443/2/2023
27 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 1.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20443/2/2023).
დავის საგანი:
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №028-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16897 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 592 095 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 657 209 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 1 606 685
მოგების გადასახადი - 61 295
დღგ - 989 229
ჯარიმა - 1 327 883
საურავი - 1 607 003
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საქონლის (ტექსტილი, ავეჯი, სარეცხი საშუალებები და სხვა) როგორც იმპორტი, ასევე ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია. ასევე ტექსტილის წარმოება და რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 13.04.2018 წლის №15-04-11/204 წერილის და 12.04.2018 წლის დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.10.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2 431 839 ლარს (შემოსავალი საქონლის რეალიზაციისგან 2 308 869 ლარი და არასაოპერაციო შემოსავალი კურსთა შორის სხვაობიდან 122 970 ლარი).
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული და საარქივო სამმართველოდან მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით საწარმოს რამდენჯერმე უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დარღვევა და ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით, რამაც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელი (3 000-ზე მეტი დასახელების) დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად (373 ჯგუფი) და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი, ხოლო რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, კონკრეტული ჯგუფის/კატეგორიის საშუალო შეწონილი ფასნამატი, შესაბამისად, გაანგარიშდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი, რომელმაც შეადგინა 2 673 151 ლარი. არასაოპერაციო შემოსავლის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა (2016 წლის არასაოპერაციო შემოსავალი შეადგენს 122 970 ლარს).
გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სხვაობა, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით.
2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალის ის ნაწილი რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულ შემოსავლად არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად (2017-2018 წლებში საანგარიშო პერიოდში ე.წ. „ესტონური მოდელის“ პრინციპებიდან გამომდინარე), განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ყველა ზემოხსენებულ ეპიზოდზე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ წარდგენილ საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ საწარმოს 2016 წლის დასაწყისში უფიქსირდება დირექტორის მიმართ სასესხო ვალდებულება 456 815 ლარის ოდენობით, აღნიშნული ვალდებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემცირებულია და შეადგენს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ასევე წინა საგადასახადო შემოწმების მასალებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ აღნიშნული ვალდებულება საწარმოს დირექტორის მიმართ არ გააჩნდა, შესაბამისად ვალდებულების შემცირება (თანხის გატანა სალაროდან) 356 815 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის ----------- (პ/ნ -----------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2019 წლის N31004 ბრძანება და №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.12.2019 წლის №44462 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კომპანიამ სარჩელით მიმართა ----------- საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2019 წლის N31004 ბრძანების და №028-18 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 18.12.2019 წლის №44462 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
----------- საქალაქო სასამართლოს 28.09.2021 წლის გადაწყვეტილებით (საქმე № -----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა -------- სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე № -----------) გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა --------- სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 სექტემბრის №31004 ბრძანება და ამავე თარიღის №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №44462 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.10.2022 წლის განჩინებით (საქმე № -----------) უცვლელი დარჩა --------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის განჩინება (საქმე № -----------).
---------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის გადაწყვეტილების (საქმე № -----------) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 მარტის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა - 15 798 ლარი.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №7226 ბრძანება და №028-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16897 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის პირველი ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-9 ნაწილებით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ წარმოების ნარჩენები გათვალისწინებულია შემოწმების დროს, კერძოდ, ნარჩენის რეალიზაცია არ მომხდარა, რადგან საქონლის წარმოება და შესაბამისი ნედლეულის ჩამოწერა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი კალკულაციების შესაბამისად. ასევე, საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა კონკრეტული სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ჯგუფში გაერთიანდა იდენტური/მსგავსი საქონელი, ხოლო ფასნამატის გავრცელება მხოლოდ დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა.
2. სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შესამოწმებელ პერიოდამდე (2013 წლის 15 სექტემბერს), შესაბამისად მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობა ვერ გახდება დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციას კვალიფიკაციის შეცვლა მართებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლები ზერელედ მიუდგნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასმული საკითხების გადაწყვეტას. სასამართლომ გაითვალისწინა მოყვანილი არგუმენტები შემოწმების დროს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის დროს არარეალურად მაღალი ფასნამატების გამოყენების შესახებ, რომლის დროსაც საწარმოს სხვადასხვა ობიექტებზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის ნაშთები შემმოწმებლების მიერ დაყოფილ იქნა სხვადასხვა ჯგუფებად და გამოყვანილ იქნა საქონლის ფასნამატები, რომელიც იყო საშუალოდ 100%, ხოლო ზოგიერთი სახის პროდუქციაზე - 300-400% და 756%-ის ოდენობით. მიუთითებს შემმოწმებლების მიერ საქონლის ფასნამატის გაანგარიშების ამონარიდზე (დანართი 14).
საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურმა მხარესთან შეთანხმებით განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების აუდიტის მიერ არჩეული მეთოდოლოგიის შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან. შემმოწმებლებმა გადამხდელის გარეშე განიხილეს აღნიშნული საკითხი და არ გაითვალისწინეს წარდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ვერსია, რომელშიც ფასნამატი გაანგარიშებულია საწარმოში ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის სარეალიზაციო ფასების შეპირისპირებით ამავე საქონლის შეძენის დოკუმენტებში მითითებულ ფასებთან, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებაში მკაფიოდაა მინიშნებული:
„პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადო ვალდებულებების დადგენისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა“.
მომჩივანი მოითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის სწორად გაანგარიშება ან მის მიერ გაანგარიშებული და წარდგენილი ფასნამატის ცხრილის გათვალისწინებას, რომლის მიხედვით საშუალო ფასნამატი შეადგენს 48,5%-ს.
რაც შეეხება შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლას, საწარმოს 1.01.2016 წლის მდგომარეობით დირექტორის მიმართ გააჩნდა სასესხო ვალდებულება 456 816 ლარის ოდენობით, რომელიც 2016 წლის განმავლობაში შემცირებულია და წლის ბოლოსათვის შეადგენს 100 000 ლარს, რაც დასტურდება საბუღალტრო პროგრამა „ -----------“ ჩანაწერებით. შემმოწმებლებმა ჩათვალეს, რომ 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს დირექტორის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და 2016 წლის განმავლობაში დირექტორზე სესხის ვალის დასაფარად გაცემული 356 816 ლარი ჩაუთვალეს დირექტორს მიღებულად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „პალატა დადგენილად მიიჩნევს საწარმოსა და ----------- შორის საგადასახადო შემოწმების დროს არსებობდა სასესხო ვალდებულებები“. შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი და დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება არ მოახდინეს.
მომჩივანი მოითხოვს ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
----------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე № -----------) გადაწყვეტილების თანახმად:
„სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საგადასახადო ვალდებულების დადგენისას იხელმძღვანელოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განახორციელოს მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურმა მხარესთან შეთანხმებით განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების აუდიტის მიერ არჩეული მეთოდოლოგიის შესაბამისობა რეალურ ფაქტობრივ გარემოებებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა დადგენილია, რომ კომპანია საწარმოო დანიშნულებით აწარმოებს არასტანდარტული ქსოვილის ნაჭრების იმპორტს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის წუნდებული. წარმოების ფუნქციონირების პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას დაუგროვდა ქსოვილის საწარმოო ნარჩენები პირვანდელი ღირებულებით 297 780 ლარის ოდენობით, რაც სასაქონლო მატერიალური მარაგის საბოლოო ნაშთის დადგენისას შემმოწმებლის მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რამაც გავლენა იქონია რეალიზებული პროდუქციის მოცულობაზე და ხელოვნურად იქნა გაზრდილი დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
სსიპ ----------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.10.2019 წლის № ----------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სხვადასხვა ზომის და ფაქტურის ქსოვილის ნაჭრების (ტექსტილი) საერთო წონამ შეადგინა 86995 კგ. აღნიშნულიდან დასტურდება, რომ საზოგადოებას ნამდვილად გააჩნდა საწარმოო ნარჩენები და კანონმდებლობის შესაბამისად თვითღირებულებით აღრიცხული ჰქონდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მარაგებში.
რაც შეეხება შემცირებულ სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის გაუგებარია შპს-ს დირექტორის ----------- მიმართ არსებული 456 816 ლარის სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებით აუდიტორის შეფასება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს-ს სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა. ასევე, გაუგებარია რაზე დაყრდნობით ჩათვალა შემმოწმებელმა, რომ დირექტორის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულება, რომლის არსებობა დადგენილია 2015 წლის 15 სექტემბრის №1 სესხის ხელშეკრულებით კომპანიამ 2016 წლის 01 იანვრამდე გაისტუმრა, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული 15.09.2016 წლის შეთანხმებით დადგენილია, რომ ცვლილება მოხდა 15.09.2016 წლის №1 სესხის ხელშეკრულებაში და 3.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაიზარდა 2 წლით - 2018 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო მხარეებს შორის 2015 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ოდენობა დარჩა უცვლელი 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.
ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „------------“-სა და ----------- შორის საგადასახადო შემოწმების დროს არსებობდა სასესხო ვალდებულებები.“
----------- საქალაქო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე № -----------) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 მარტის დასკვნის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შედეგად არ დგინდება შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები (გარდა აღურიცხველი საქონლის გამოვლენისათვის დაკისრებული ჯარიმისა) არ დაექვემდებარა შემცირებას.
1. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული წარმოების ნარჩენები გათვალისწინებულია შემოწმების დროს, ნარჩენის რეალიზაცია არ მომხდარა, რადგან საქონლის წარმოება და შესაბამისი ნედლეულის ჩამოწერა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად (გადასახადის გადამხდელს თვითონ ჰქონდა აღრიცხული საქონლის წარმოებისას რა რაოდენობის მასალას იყენებდა და რა რჩებოდა ნარჩენების სახით, რაც გათვალისწინებულია შემოწმებისას). ასევე, საშუალო შეწონილი ფასნამატი გავრცელდა კონკრეტული სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ჯგუფში გაერთიანდა იდენტური/მსგავსი საქონელი, ხოლო ფასნამატის გავრცელება მხოლოდ დოკუმენტების გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და დოკუმენტებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა ამ ნაწილში არ დაკორექტირდა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პალატა დადგენილად მიიჩნევს შპს „----------“-სა და ----------- შორის სასესხო ვალდებულებების არსებობის ფაქტს. შემოწმების მიმდინარეობისას ჩაითვალა, რომ შპს „----------“-სა და ----------- შორის შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სასესხო ვალდებულებები არ არსებობდა. მოცემულ შემთხევაში, სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია შესამოწმებელ პერიოდამდე (შესამოწმებელი პერიოდი 01.01.2016 - 01.10.2018) 2013 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად მხოლოდ სესხის ხელშეკრულების არსებობა ვერ გახდება დარიცხული თანხის შემცირების საფუძველი, რადგან როგორც წინა საგადასახადო შემოწმებით, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და გაზრდილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის არასწორად/არასრულად წარმოების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენება და სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით ოპერაციას კვალიფიკაციის შეცვლა მართებულია, შესაბამისად შემოწმების შედეგად ამ ნაწილში დარიცხული თანხა შემცირებას არ დაექვემდებარა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საწარმოს 2016 წელს შეძენილი აქვს (იმპორტის სასაქონლო რეჟიმით) ფარდა-ჟალუზები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული საბაჟო დეკლარაცია და შესაბამისი ინვოისი წარმოადგენს შემოწმების შედეგად აღურიცხავი საქონლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად აღნიშნულ საკითხში შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა 15 798 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს --------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე № -----------) გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ და დადგენილ გარემოებებზე, ასევე, მომჩივნის არგუმენტებზე და იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16897 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმო აწარმოებს არასტანდარტული ქსოვილის ნაჭრების იმპორტს, რომლიდანაც საკმაოდ დიდი ნაწილი არის წუნდებული.
საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და გაზრდილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, რაც გამოწვეული იყო ბუღალტრული აღრიცხვის არასწორად/არასრულად წარმოების გამო.
რაც შეეხება შემცირებულ სასესხო ვალდებულების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მასალიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შპს-ს სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9)