ბრძანება N 11374
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11374
25 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2026 წლის პირველი მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის პირველი მაისის №102127/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ საწარმოს დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 22%-ს, დეკლარირებული ბრუნვის 45% დოკუმენტურია, ხოლო მიღებული საქონლის 100% არის იმპორტირებული. გადასახადის გადამხდელის პოზიციით, შემმოწმებლების მხრიდან შესაძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა და საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგენილიყო საწარმოს ფასნამატი. ამასთანავე, განმარტავს, რომ შემმოწმებელმა არარეალურად მაღალი ფასნამატი გაავრცელა და აცხადებს, რომ ----- მუნიციპალიტეტში არ არსებობდა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომლის ფასნამატსაც გამოიყენებდა შემმოწმებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ფასნამატის საკითხის განმეორებით შესწავლას. ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3622 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 16 იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7749 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 069 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 582 ლარი, ჯარიმა 25 036 ლარი და საურავი 7 451 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 16 იანვარს. 2024 წლის 9 აპრილს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია ----- (პ/ნ -----). შპს „------“ (ს/ნ ------) საქმიანობის საგანია ------ იმპორტირებული სათამაშოებით საბითუმო ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით იჯარით ჰქონდა აღებული სასაწყობე ფართი შპს „------ შპს ------“ (ს/ნ ------), ხოლო 2025 წლის ივლისში ხელშეკრულება სასაწყობე ფართის იჯარაზე გააფორმა შპს „------“ (ს/ნ ------). სასაწყობე ფართი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ------. შპს „------“ (ს/ნ ------) სავაჭრო ობიექტი არ გააჩნია. შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 22%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის 45% დოკუმენტურია, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის განსაზღრა ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა „-----“ ასლი. აღნიშნული საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელია განხორციელდეს კონტროლი გადასახადის გადამხდელის საქონლის მოძრაობაზე, რადგან საქონელი აღრიცხული და ჩამოწერილია ჯამურად, რის გამოც წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამას საგადასახადო შემოწმება დღგ-ის ნაწილში არ დაეყრდნო. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარმოედგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილი
ან/და დოკუმენტური რეალიზაცია შეძენებთან დაეკავშირებინა ფასნამატის დადგენის მიზნებისთვის, თუმცა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ცხრილი შემოწმებას ვერ წარმოუდგინა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის №3513 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 18 თებერვალს შპს „-----“ (ს/ნ -----) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რა დროსაც გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა საქონლის ნაშთი 659 965.06 ლარის ოდენობით საბაზრო ღირებულებით. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი საქონლის ნაწილზე (საბაჟო დეკლარაცია №-----) არ ჰქონდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საგადასახადო შემოწმების შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 18 თებერვალს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგებისა და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით, დადგინდა გადასახადის გადამხდელის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ზემოაღნიშნული აუდირებული ფასნამატი და მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმებით, №----- საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების, შპს „----“ (ს/ნ -----) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მესამე მხარისგან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ ------) ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავლები, ავტომანქანის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და ხარჯი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 7 459.72 ლარს. გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 16 თებერვლის №3361 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 18 თებერვალს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგი, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, ხოლო გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ნაღდი ფული 600 აშშ დოლარის ოდენობით ინახება შპს „-----“ (ს/ნ ------) დირექტორის, ----- (პ/ნ -----) საცხოვრებელ ბინაში, ქალაქ -----, ----- ნომერში, რომელიც კავშირში არ არის შპს „----“ (ს/ნ -----) ეკონომიკურ საქმიანობასთან. აღნიშნული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, გამოვლინდა ფულის ნაშთი, განკარგვადი თანხა, რომელიც არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არც გადასახადის გადამხდელის სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგად, განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ----- (პ/ნ -----) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „----“ (ს/ნ -----) სავაჭრო ობიექტი არ გააჩნდა, მის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 22%-ს, დეკლარირებული ბრუნვის 45% იყო დოკუმენტური, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი ვერც შემოწმების და ვერც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ დადგინდა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით შეუძლებელი იყო კონტროლის განხორციელება გადასახადის გადამხდელის საქონლის მოძრაობაზე, რადგან საქონელი აღრიცხული და ჩამოწერილი იყო ჯამურად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შპს „----“ (სნ -----) მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი და მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ხოლო, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატის გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რადგან ვერ გაიმიჯნა და დაიდენტიფიცირდა/ვერ დაკავშირდა შეძენილი საქონელი დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი ითხოვს ფასნამატის საკითხის განმეორებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის საგანია იმპორტირებული სათამაშოებით საბითუმო ვაჭრობა. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარმოედგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი ცხრილი ან/და დოკუმენტური რეალიზაცია შეძენებთან დაეკავშირებინა ფასნამატის დადგენის მიზნებისთვის, თუმცა გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ცხრილი შემოწმებას ვერ წარმოუდგინა. ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურა, რა დროსაც გადასახადის გადამხდელთან გამოვლინდა საქონლის ნაშთი 659 965.06 ლარის ოდენობით საბაზრო ღირებულებით. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი საქონლის ნაწილზე არ ჰქონდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დადგინდა გადასახადის გადამხდელის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, დაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ზემოაღნიშნული აუდირებული ფასნამატი და მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა. განხორციელდა შპს-ს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში, ხოლო გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ნაღდი ფული 600 აშშ დოლარის ოდენობით ინახება შპს-ს დირექტორის საცხოვრებელ ბინაში რომელიც კავშირში არ არის
შპს-ს ეკონომიკურ საქმიანობასთან. საგადასახადო შემოწმების შედეგად, განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158;159;163;164;101;154