ბრძანება N 11254

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2023
№ დოკუმენტი 11254
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 11254

19.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 20 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №79811/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №041-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას. აღნიშნავს, რომ აღიარებს მის მიერ ფიქტიური გარიგებების/უსაქონლო ოპერაციების ნაწილში ჩადენილ დანაშაულს და ანაზღაურებს მიყენებულ ზიანს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №28316 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 22 ივლისიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 17 მარტის №5215 ბრძანება და ამავე თარიღის №041-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 204 487 ლარი, მათ შორის, შეუმცირდა გადასახადი 26 071 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 230 558 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

● შპს „----------“ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მიღებული სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ ი/მ ---------- მიღებული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, (ეა -------; ეა -------; ეა -------; ეა -------; ეა -------) დღგ-ის თანხით ჯამში 44 791 ლარი, იყო ფიქტიური და მასში განხორციელებული ოპერაციები - უსაქონლო. შემოწმების მიერ დაკორექტირდა შპს „----------“ დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, კერძოდ კომპანიის მიერ ფიქტიურ ოპერაციაზე მიღებული და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლებიდან ამოღებას (გაუქმებას), რამაც გამოიწვია დღგ-ში გადასახადის დარიცხვა. ამასთან, კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რადგან საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა აღემატებოდა ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას, გადასახადის გადამხდელს არ დაერიცხა ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შპს „----------“ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) და ი/მ ---------- (ს/ნ ----------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, (ეა -------; ეა -------; ეა -------; ეა -------; ეა -------; ეა -------) დღგ-ის თანხით ჯამში 70 864 ლარი, იყო ყალბი და მასში განხორციელებული ოპერაციები უსაქონლო და ფიქტიური. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხები კომპანიის მიერ ასახული და დაბეგრილი იყო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში, შესაბამისად შემოწმების მიერ შემცირდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დეკლარირებული გადასახადის შემცირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ კომპანიას უსაქონლო ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა, ასევე, მის მიერ უსაქონლო ოპერაციაზე გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ფარგლებში მიღებული და გაცემული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე შემოწმების მიერ სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი აღიარებს მის მიერ ფიქტიური გარიგებების/უსაქონლო ოპერაციების ნაწილში ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მიღებული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, იყო ფიქტიური და მასში განხორციელებული ოპერაციები - უსაქონლო. შემოწმების მიერ კომპანიის მიერ ფიქტიურ ოპერაციაზე მიღებული და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლებიდან ამოღებას (გაუქმებას), რამაც გამოიწვია დღგ-ში გადასახადის დარიცხვა. კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით;

კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, იყო ყალბი და მასში განხორციელებული ოპერაციები უსაქონლო და ფიქტიური. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხები კომპანიის მიერ ასახული და დაბეგრილი იყო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში, შესაბამისად შემოწმების მიერ შემცირდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დეკლარირებული გადასახადის შემცირება. კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ კომპანიას უსაქონლო ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა, ასევე, მის მიერ უსაქონლო ოპერაციაზე გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ფარგლებში მიღებული და გაცემული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე შემოწმების მიერ სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 280; 282(3)