ბრძანება N 21825
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21825
06 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" )
(მის.: "------")
2023 წლის 17 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") №81069/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №259-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული არ არის თანხების დაბრუნება დამფუძნებელზე და ფიზიკური პირისთვის სესხის დაბრუნება, რომლითაც საწარმომ შეიძინა სატრანსპორტო საშუალებები. გადასახადის გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმებამ 2020 წლის შემოსავლების გაანგარიშებაში შეიყვანა დამატებითი შემოსავლები, რაც შემდგომში გაცემულ ხელფასში აისახა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ მისაბმელები 2020 წლის განმავლობაში გაქირავებული იყო და კომპანია არ იყენებდა გადაზიდვებში. ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2389 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------- - ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 აპრილის №7765 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №259-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 75 593 ლარი, მათ შორის გადასახადი 42 466 ლარი, ჯარიმა 21 072 ლარი და საურავი 12 055 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------- - ის “ საქმიანობის სახეს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების გაწევა (შედარებით არაარსებითი პროცენტული წილით ახორციელებს შიდა გადაზიდვებსაც). აღნიშნული მომსახურების დამკვეთებს ძირითადად წარმოადგენდნენ ადგილობრივი კომპანიები. გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდებოდა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მეშვეობით ახდენდა ტვირთების საერთაშორისო და ადგილობრივ გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ იყო წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად. ასევე, საწარმოს არ ჰქონდა სრულად აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. იქიდან გამომდინარე, რომ აღრიცხვის ინფორმაცია არ არსებობდა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, შემოწმებამ საწარმოს მიერ რეალურად მიღებული შემოსავლების/ხარჯების დასადგენად გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან, სსიპ "-------"-დან და შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავების/ანალიზის შედეგად, დადგინდა საწარმოს მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა (სხვაობა გამოვლინდა 2020 წელს, კერძოდ, დამატებით გამოვლინდა 14 რეისი და დამატებითი შემოსავალი ამ რეისებიდან განისაზღვრა 61 275 ლარის ოდენობით) და განისაზღვრა ამ რეისებიდან მისაღები შესაბამისი შემოსავლები. ამასთან, გადაზიდვებთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ საწვავის ხარჯები, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ხოლო, მივლინების ხარჯი შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირ, მივლინების დღიური ნორმების მიხედვით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N220 ბრძანების საფუძველზე). შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი საერთო შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით არსებული ფულადი ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით აღწერილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ საწარმოს მიერ რეალურად მიღებული შემოსავლების/ხარჯების დასადგენად ინფორმაცია გამოითხოვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან და სსიპ "-------" -დან . მიღებული ინფორმაციის დამუშავების/ანალიზის შედეგად, შემოწმებამ დაადგინა საწარმოს მიერ განხორციელებული რეისების რაოდენობა, კერძოდ, 2020 წელს დამატებით გამოვლინდა 14 რეისი და დამატებითი შემოსავალი ამ რეისებიდან განისაზღვრა 61 275 ლარის ოდენობით. ამდენად, შემოწმების მიერ განისაზღვრა კომპანიის მისაღები შემოსავლები გადაზიდვებთან უშუალოდ დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გათვალისწინებით და მიღებული ფულადი ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს ფულადი ნაშთის განსაზღვრის ნაწილში. აღნიშნავს, რომ თანხები, რომელიც შემოწმებამ დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად ჩათვალა და დაარიცხა დამატებით საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენდა არა ხელფასს, არამედ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილი თანხის (160 000 ლარი) დაბრუნებას და კომპანიის დირექტორისაგან აღებული სესხის (20 000 აშშ დოლარი) დაბრუნებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი საერთაშორისო გადაზიდვებიდან დამატებით გამოვლენილ შემოსავალთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოწმებამ მის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო მომსახურების ინვოისების გარდა დამატებით აღმოაჩინა კომპანიის კუთვნილი ფურგუნით საზღვრის კვეთა, თუმცა კომპანიას აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იჯარით ჰქონდა გაცემული და 2020 წლის განმავლობაში გასხვისებული. მიუთითებს, რომ იჯარის ხელშეკრულებები წარუდგინა შემოწმებას, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა. ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას მის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორისგან აღებულ სესხთან, კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებასა და იჯარით გაცემულ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდზე არ იყო წარმოდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად. ასევე, საწარმოს არ ჰქონდა სრულად აღრიცხული სამეურნეო ოპერაციები, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად.
გადაზიდვებთან უშუალოდ დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ საწვავის ხარჯები, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ხოლო, მივლინების ხარჯი შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირ, მივლინების დღიური ნორმების მიხედვით. შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით არსებული ფულადი ნაშთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9)101,136,154,275.