გადაწყვეტილება №87188/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.05.2024
№ დოკუმენტი 87188/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№ 87188/1/2024

15 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------29.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87188/1/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19528/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-443 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 141 937 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 82 423

დღგ - 32 761

საშემოსავლო გადასახადი - 49 662

ჯარიმა - 28 286

საურავი - 31 228

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 სექტემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატია 19%, 2021 წლის ბოლოს დეკლარირებულია 1 911 420 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. 2021 წლის 17 მარტს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, შედეგად დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი საბაზრო ფასით 2 585 035 ლარი (აღნიშნული ემთხვევა ბუღალტერიაში 17 მარტისთვის დაფიქსირებულ ნაშთს). გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია სამი საკონტროლო შესყიდვა და სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმებული არ არის. რეალიზაციების 35%- ზე მეტი დოკუმენტურია, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლი, მაგრამ როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელი გახდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება (მაგ.: არსებობს ერთიდაიგივე დასახელების 3 საქონელი (--------,(--------, (-------- და ა.შ.) განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგებითაც შეუძლებელი გახდა ფასნამატის გამოთვლა აღნიშნული პრობლემის გამო. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ვერ ხერხდება საქონლის მოძრაობის აღრიცხვა. კერძოდ, ვერ ხდება რეალიზებული საქონლის სახეობის და თვითღირებულების იდენტიფიკაცია. საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ვინაიდან, შემოწმებით ვერ განხორციელდა დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენა, საქონლის იდენტიფიცირების პრობლემის გამო, აღებული იქნა მსგავსი ტიპის აუდირებული პირის საცალო რეალიზაციის ფასნამატი 40% და გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26048 ბრძანება და №007-264 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7528 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.06.2023 წლის №19528/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორივე ინვენტარიზაციის და დოკუმენტური ფასნამატის ანალიზის საფუძველზე, ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძველის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19528/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-443 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 26 იანვარს წარდგენილი №87188/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 29.01.2024 წლის № 7362-21-04 წერილით, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებას, აღნიშნავს, რომ მოხდა დავების საბჭოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული ჯარიმის სისწორის, რადგან იქ ზუსტად მეწარმის მიერ წარდგენილი ფასნამატია გათვალისწინებული. საბჭოს გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელთან ერთად უნდა მომხდარიყო გავლა და გადაანგარიშებულიყო დარიცხვა. შემმოწმებელთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და ეცნობა, რომ სავარაუდოდ, გადაანგარიშებით საბოლოოო შედეგი ნულის ტოლი იქნებოდა. მოულოდნელად, 2023 წლის 29 დეკემბერს მიიღო საგადასახადო მოთხოვნა, რაშიც არ არის გათვალისწინებული დავების საბჭოს გადაწყვეტილება.

ითხოვს ინვენტარიზაციის და სასაქონლო ზედნადებებით დაფიქსირებული ფანამატების გათვალისწინებას. უსამართლოდ მიაჩნია სხვა პირის ფასნამატის გავრცელება, რადგან ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, ასევე ახორცილებს რეალიზაციებს სასაქონლო ზედნადებებით, რაც მთლიანი ბრუნვის 35%-ს შეადგენს. 2021 წლის ნოემბრის თვიდან, შემოწმების პერიოდის ბოლომდე, სასაქონლო ზედნადებებით ახორციელებს რეალიზაციას ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო კოდებით და საშუალო ფასნამატი, ამ პერიოდის სასაქონლო ზედნადებებით, არ აღემატება 15- 16%-ს. ასევე, სრული შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 16-17%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციის ფასნამატი საშუალოდ 19-21%-ს. ამდენად, საშუალო ფასნამატი (საცალო+სასაქონლო ზედნადებით) 19%- ია. შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩატარებულია ინვენტარიზაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ და არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის. ასევე, საშუალო ფასნამატი ორივე შემთხვევაში არ აღემატებოდა 19%-ს, რაც იდენტურია ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საშუალო ფასნამატისა. ასევე, ბუღალტრული ნაშთი ინვენტარიზაციამდე შეადგენდა: 2018 წლის აგვისტოს თვეში 1 190 257 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2022 წლის 17 მარტს, 1 902 542 ლარს, რაც იდენტურია შემოწმებისათვის მიწოდებული ბუღალტრული ნაშთის თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასების. სრული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ფასი 2 585 035 ლარია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი და ბუღალტრული მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2018 წელს არ აღემატება დეკლარირებულ ფასნამატს. შემოწმების პერიოდში მიწოდებული იქნა საცალო და დოკუმენტებით რეალიზებული პროდუქციის ცხრილი, სადაც მითითებული იყო, პერიოდების მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელება, რაოდენობა, თვითღირებულება და სარეალიზაციო ფასები, რაც ედრება ბუღალტრულ პროგრამაში, რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობას, დასახელებას და თვითღირებულებას.

არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. ობიექტში ჩატარებულია სამი საკონტროლო შესყიდვა და სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე დაჯარიმებული არ არის, რაც შემოწმების აქტშიც არის აღნიშნული. ამდენად, გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება და სხვა აუდირებული მეწარმის მონაცემის, 40%-იანი ფასნამატის გამოყენება მის სასაქონლომატერიალური ფასეულობებზე, ვინაიდან, თუნდაც ერთობლივი შემოსავლის დადგენის მიზნით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების აუცილებლობისა, შემმოწმებელს გააჩნდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და მიწოდებული, ინდივიდუალურად აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთები (დასახელების, თვითღირებულების, რაოდენობის) და ასევე ქონდა იგივე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი საბაზრო ფასები 2018 და 2022 წლებში.

ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, მეწარმის მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ჯგუფური ფასნამატის დადგენას, განსაზღვრას და საცალო რეალიზაციაზე გავრცელებას.

მართებულად და სამართლიანად მიაჩნია, წარმოდგენილი არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებით, დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7528 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.06.2023 წლის №19528/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ორივე ინვენტარიზაციის და დოკუმენტური ფასნამატის ანალიზის საფუძველზე, ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

2021 წლის 17 მარტს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, მიიჩნია, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა გაფრთხილება ფასების გამოუკვრელობაზე. ვერც შემოწმების და ვერც გადაანგარიშების ეტაპზე ვერ ხდება ინვენტარიზაციის აღწერის მასალების შესწავლა, რადგან ჩამოთვლილ საქონელში ვერ ხდება სახეობების იდენტიფიცირება, რისი მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეალიზაციო ან შეძენის ფასის შედარება რომელიმე პირველად დოკუმენტთან მაინც. შესაბამისად, ვერ დგინდება ვერც შეძენის და ვერც სარეალიზაციო ფასების რეალობა. იგივე სახის პრობლემაა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში. როგორც სასაქონლო ზედნადებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება (მაგ. არსებობს ერთი და იგივე დასახელების 3 საქონელი ((--------, (--------, (-------- და ა.შ.) განსხვავებული ფასით, როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში). აღნიშნული სახით წარმოებული აღრიცხვა არ წარმოადგენს ბუღალტრული სტანდარტის ან საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებით წარმოებულ ბუღალტრულ აღრიცხვას, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ოპერაციის დაწყება/დასრულების კონტროლი ან/და დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას.

მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხული თანხების არ გადაანგარიშებას, აღნიშნავს, რომ მოხდა დავების საბჭოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა, ასევე მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული ჯარიმის სისწორის, რადგან იქ ზუსტად მეწარმის მიერ წარდგენილი ფასნამატია გათვალისწინებული. საბჭოს გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელთან ერთად უნდა მომხდარიყო გავლა და გადაანგარიშებულიყო დარიცხვა. შემმოწმებელთან მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია და მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაანგარიშებით არ მოხდა საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინება. ითხოვს ინვენტარიზაციის და სასაქონლო ზედნადებებით დაფიქსირებული ფანამატების გათვალისწინებას და აღნიშნავს, რომ უსამართლოდ მიაჩნია სხვა პირის ფასნამატის გავრცელება. წარმოადგენს არგუმენტებს, მის პოზიციებს ფასნამატის ოდენობების შესახებ სასაქონლო ზედნადებებში, ბუღალტრულ პროგრამაში არსებული მონაცემებით და აღნიშნავს, რომ იგი არ აღემატება 15-16%-ს, ასევე შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩატარებულია ინვენტარიზაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ და არსებითი სხვაობა არ გამოვლენილა ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის და რომ საშუალო ფასნამატი ორივე შემთხვევაში არ აღემატებოდა 19%-ს, რაც იდენტურია ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატის საშუალო ფასნამატის. ასევე, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2018 წელს არ აღემატება დეკლარირებულ ფასნამატს. გაუგებრად მიაჩნია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საჭიროება და სხვა აუდირებული მეწარმის მონაცემის, 40%-იანი ფასნამატის გამოყენება მის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე, იმ პირობებში, როდესაც შემმოწმებელს გააჩნდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული და მიწოდებული, ინდივიდუალურად აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები (დასახელების, თვითღირებულების, რაოდენობის) და ასევე ქონდა იგივე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი საბაზრო ფასები 2018 და 2022 წლებში. ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით, მიწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ჯგუფური ფასნამატის დადგენას, განსაზღვრას და საცალო რეალიზაციაზე გავრცელებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 2 სატელეფონო ზარი განახორციელა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, მაგრამ ისე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომ მათთან შეთანხმება არ მომხდარა, კავშირი მხოლოდ სატელეფონო საუბრით შემოიფარგლა. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა როგორც დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა, ისე ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გაუთვალისწინებლობა.

საბჭო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო დაეყრდნო მომჩივნის არგუმენტს, რომ ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორი ინვენტარიზაცია, საქონლის რეალიზაციის 35% დოკუმენტური რეალიზაციაა და რომ დადგენილია დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც საცალოდ რეალიზებულზე დადგენილ ფასნამატზე მეტია.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით (№19528/2/2023) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორივე ინვენტარიზაციის და დოკუმენტური ფასნამატის ანალიზის საფუძველზე, ფასნამატის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), რაც როგორც ირკვევა არ არის შესრულებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება (№19528/2/2023) არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, ამდენად აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების შესრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 16.06.2023 წლის №19528/2/2023 გადაწყვეტილების შესრულება ამავე გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2023 წლის №19528/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2021 წლის 17 მარტს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია, მიიჩნია, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და შეეფარდა გაფრთხილება ფასების გამოუკვრელობაზე. ვერ დგინდება ვერც შეძენის და ვერც სარეალიზაციო ფასების რეალობა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

43(ზ); 306(2);