გადაწყვეტილება №21746/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21746/2/2023
04 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“-ის 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21746/2/2023).
დავის საგანი:
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 სექტემბრის №081-194 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29524 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 157 483 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 101 341
დღგ - 71 989
საშემოსავლო გადასახადი - 29 352
ჯარიმა - 50 671
საურავი - 5 471
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო და საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, ქ. -----------ში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №21260 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 21 ივლისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 11 აგვისტოს, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა 0 ლარით. საწარმოს დირექტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, კომპანია საქმიანობას აღარ ახორციელებდა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად გამოყენებულია დირექტორის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასნამატი და ქ. --------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 8%, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის შემთხვევაში დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 1.64%, რომელიც გამოყენებულ იქნა საბითუმო რეალიზაციისთვის. ასევე, გათვალისწინებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის წესს, შესაბამისი პერიოდების ცვლილებებისა და სახეობების გათვალისწინებით. ამდენად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, აგრეთვე, გამოსაქვითი ხარჯების ანალიზით და კომპანიის შემოსავლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებით დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 სექტემბრის №23599 ბრძანება და 27 სექტემბრის №081-194 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 157 483 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 ნოემბრის №29524 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე კომპანიის დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასნამატისა და ქ. --------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატის, ხოლო საბითუმო რეალიზაციის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენება და აღნიშნულის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების დადგენა მართლზომიერია. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა კანონშესაბამისია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილ საჩივარზე გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ნოემბრის №21-04/86043 წერილით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-15 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე, დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრა 7 დღე. აღნიშნული წერილის პასუხად გადასახადის გადამხდელმა დადგენილ ვადაში 2023 წლის 2 და 8 ნოემბერს წარადგინა დაზუსტებული საჩივრები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივრებში არ იყო მითითებული კონკრეტული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებდა თავის მოთხოვნებს.
ამგვარად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას. მიაჩნია დაუსაბუთებლად და უკანონოდ. მაღალია როგორც ჯარიმა, ასევე საურავი. ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდეს საკითხის ხელახლა შესწავლა/გადახედვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ასევე, მართებულია საცალოდ რეალიზებულ საქონელზე საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასნამატისა და ქ. --------- მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატის - 8%-ის, ხოლო საბითუმო რეალიზაციის შემთხვევაში კომპანიის დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის საშუალო შეწონილი ფასნამატის - 1.64%-ის გამოყენება. აგრეთვე, მართლზომიერია არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შესაბამისად, საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად გამოყენებულია დირექტორის მიერ დოკუმენტში დაფიქსირებული ფასნამატი რომელმაც შეადგინა 8%, ხოლო დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის შემთხვევაში დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 1.64%, რომელიც გამოყენებულ იქნა საბითუმო რეალიზაციისთვის. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);158(1);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);