ბრძანება N 4076

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.02.2024
№ დოკუმენტი 4076
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4076

26 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 29 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2024 წლის 29 იანვრის №87291/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №077-33 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ დარიცხვა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით. კერძოდ განმარტავს, რომ 2020-2021 წლებში „COVID-19“ ვირუსის გამო სავაჭრო ობიექტი იყო დაკეტილი, არ ხდებოდა საქონლის რეალიზაცია, ხოლო როდესაც განახლდა მუშაობა, სავაჭრო ობიექტში დახვდათ გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქტი, რომელიც გადამხდელის მიერ განადგურებულ იქნა საგადასახადო ორგანოს ჩარევის გარეშე და არ იქნა აღიარებული რეალიზებულად. გადამხდელი ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და ნაშთების გადასინჯვას პერიოდების მიხედვით „COVID-19“ ვირუსის პერიოდის გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №22878 და 29 ნოემბრის №29606 ბრძანებების საფუძველზე შპს „---“-ის (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №32561 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №077-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 124 951 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 74 732 ლარი, ჯარიმა 37 413 ლარი და საურავი 12 806 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, პირი არ სარგებლობს საბუღალტრო პროგრამით. შესაბამისად, აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მ.შ: სმფ-ის, დებიტორების, კრედიტორების, ფულისა და სხვა ნაშთები) მოწოდებულია ჯამური მონაცემებით ყოველი წლის ჭრილში არასრულყოფილად. შედეგად, მოწოდებული სმფ-ის ნაშთებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, დეკლარირებული ფასნამატი დადგინდა საშუალოდ 11%-ის ოდენობით. ანალიზის საფუძველზე, ასევე დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 26 081 ლარს. ამასთან, პირი აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებებს გამოწერს მხოლოდ სს ,,---ზე“ (სნ ----), ხოლო დოკუმენტებით მიწოდებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ ხდება, რადგანაც სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულია მხოლოდ „საკვები ულუფის“ მიწოდება. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სმფ-ების ნაშთი განსაზღვრული აქვს 149 425 ლარის ოდენობით.

შპს „----“-ს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22949 ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც აღირიცხა ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით (18 287 ლარის ოდენობით). გადამხდელის მიერ აღნიშნულ საქონელზე შესაბამისი თვითღირებულებების მიწერა არ მომხდარა. ანალიზის მიხედვით, 2023 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდზე 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულ იქნა 25 656 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირის შემოსავლები გამოანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი - დადგენილი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით (17 ჯგუფი). აღნიშნული მეთოდით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 20%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22949 ბრძანების საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ების ნაშთები. შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 197 929 ლარით. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე პირის წერილობითი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის 1 აგვისტოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ირიცხება. გადამხდელის მიერ სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოწოდებული არ არის. ამასთან, პირს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22410 ბრძანების საფუძველზე, ამავე წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით განესაზღვრა სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელმაც შეადგინა 625 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირად გამოანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, დადგინდა საწარმოს განკარგვადი თანხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი კანონით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი - დადგენილი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით (17 ჯგუფი). აღნიშნული მეთოდით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 20%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემებში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22949 ბრძანების საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ების ნაშთები. შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირად გამოანგარიშებულ იქნა ნაღდი ფულის ნაშთი. შედეგად, დადგინდა საწარმოს განკარგვადი თანხები, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, ჩაითვალა პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქტის გათვალისწინებას და სმფ-ების ნაშთების გადასინჯვას პერიოდების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №32561 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №077-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 124 951 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 74 732 ლარი, ჯარიმა 37 413 ლარი და საურავი 12 806 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145; 73 ( 4,5,9); 101; 154.