გადაწყვეტილება №19699/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19699/2/2023
05.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19699/2/2023).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №EL200038 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6436 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 750 ლარი.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 13 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა --------ში რეგისტრირებული „DAEWOO LANOS“ მარკის (სახელმწიფო ნომრით №--------) მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში დადგინდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 30 ნოემბერს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 29 იანვარი.
აღნიშნულ ვადაში მომჩივანს არ წარუდგენია სატრანსპორტო საშუალება საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში, რაზეც 2023 წლის 13 თებერვლის №EL200038 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 750 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6436 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლზე, 165-ე მუხლზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მისი ავტომობილი დაზიანებული იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. საქართველოში DAEWOO LANOS ამ მარკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილებს ვერ შოულობდა. აღნიშნულის შესახებ აცნობა შემოსავლების სამსახურს წერილობით და განაცხადა, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა საზღვრის კვეთას. მიუხედავად მისი წერილობითი განმარტებისა მაინც შეუდგინეს ოქმი. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანი იმავე სატრანსპორტო საშუალებით პირველად არ გადაადგილდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ამასთან, წარსულში დაჯარიმებულია იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო (2022 წლის 30 ნოემბრის №EL192778 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) და მისთვის კარგად იყო ცნობილი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადები და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ვინაიდან სადავო სატრანსპორტო საშუალება მომჩივანს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარუდგენია დანიშნულების საბაჟო ორგანოში, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 13 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. საბაჟო კონტროლის ფარგლებში დადგინდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 2022 წლის 30 ნოემბერს და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 29 იანვარი. აღნიშნულ ვადაში მომჩივანს არ წარუდგენია სატრანსპორტო საშუალება საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში, რაზეც 2023 წლის 13 თებერვლის №EL200038 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 750 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6436 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1)(4), 165.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.