ბრძანება N 4105

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.02.2024
№ დოკუმენტი 4105
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4105

26 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: -------- )

2024 წლის 25 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) №87138/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-711 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადში. განმარტავს, რომ საწარმოს ყველა სასაქონლო ოპერაცია ასახულია ბუღალტრულ პროგრამაში, გააჩნიათ საჭირო დოკუმენტაცია და საფუძველს მოკლებულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე, შემოწმებით სალაროს ფულადი ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებული არ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ: დებიტორული დავალიანება, რომელიც 2024 წლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ არის დაფარული, გასათვალისწინებელია 2020 წლის განმავლობაში იჯარით მიღებული შემოსავალი (383 000 ლარი), რომლის ხარჯზეც შემცირდა საწესდებო კაპიტალი, ამასთან საწარმოს დაფარული აქვს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელები, რომელიც დაიფარა საწესდებო კაპიტალიდან გაცემული ავანსებით, ყველა მოყვანილი ფაქტი კი დასტურდება დოკუმენტურად. მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების გათვალისწინებას და გამოცემული ინდივიდუალურადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ნოემბრის №27610 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში მოგების ყოველთვიური და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33087 ბრძანება და ამავე თარიღის №006-711 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 565 519 ლარი, მათ შორის, გადასახადი 303 830 ლარი, ჯარიმა 151 915 ლარი და საურავი 109 774 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------ს“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს აქტივების, კერძოდ, ავზების იჯარით გაცემა. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება შემოსავლების მიღება ეკონომიკური საქმიანობიდან, რაზედაც წარდგენილია შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციები. სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 203 839 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 1 420 529 ლარს, მათგან 383 000 ლარი არის ავზების იჯარიდან შემოსული თანხები, ხოლო 1 037 530 ლარი - აქტივების მიწოდებით მიღებული შემოსავალია. შესამოწმებელი პერიოდში პირს მიღებული აქვს 191 694 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) სალიზინგო მომსახურება, რაზედაც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღებული აქვს ჩათვლები, თუმცა სს „--------გან“ მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ოპერაციის შესაბამისი გადახდები შპს „--------ს“ შესრულებული არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში საწარმოს გადახდილი აქვს 205 210 ლარი. შემოწმებამ დაიანგარიშა სხვაობა მიღებულ შემოსავლებსა და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის და აღნიშნული თანხა დააკვალიფიცირა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. რამდენადაც საწარმო 2021 წლის შემდეგ ოპერაციებს აღარ ახორციელებს აღნიშნული სხვაობა (1 215 320 ლარი) ჩაითვალა 2021 წლის დეკემბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე, რომ პირს გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა/დოკუმენტაცია, რომელიც სრულყოფილად მოიცავს განხორციელებულ სასაქონლო ოპერაციებს და რომელთა შესწავლა გავლენას მოახდენს დარიცხულ გადასახდელებზე. აცხადებს, რომ შემოწმებით სალაროს ფულადი ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებული არ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ: დებიტორული დავალიანება, რომელიც 2024 წლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ არის დაფარული, გასათვალისწინებელია 2020 წლის განმავლობაში იჯარით მიღებული შემოსავალი (383 000 ლარი), რომლის ხარჯზეც შემცირდა საწესდებო კაპიტალი, ამასთან საწარმოს დაფარული აქვს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელები, რომელიც დაიფარა საწესდებო კაპიტალიდან გაცემული ავანსებით, ყველა მოყვანილი ფაქტი კი დასტურდება დოკუმენტურად. განმარტავს, ვინაიდან უფლებამოსილი პირის საქართველოში არ ყოფნის მიზეზით, ვერ მოხერხდა დოკუმენტაციის შემოწმებისათვის მიწოდება, საჩივარს თან ურთავს წარმოდგენილი არგუმენტების დოკუმენტურ მტკიცებულებებს, ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების/დოკუმენტების გათვალისწინებას და გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს აქტივების, კერძოდ, ავზების იჯარით გაცემა. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება შემოსავლების მიღება ეკონომიკური საქმიანობიდან, რაზედაც წარდგენილია შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციები. სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 203 839 ლარს დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 1 420 529 ლარს, მათგან 383 000 ლარი არის ავზების იჯარიდან შემოსული თანხები, ხოლო 1 037 530 ლარი - აქტივების მიწოდებით მიღებული შემოსავალია. შესამოწმებელი პერიოდში პირს მიღებული აქვს 191 694 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) სალიზინგო მომსახურება, რაზედაც გამოწერილია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღებული აქვს ჩათვლები, თუმცა სს -გან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ოპერაციის შესაბამისი გადახდები მომჩივანს შესრულებული არ აქვს. შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში საწარმოს გადახდილი აქვს 205 210 ლარი. შემოწმებამ დაიანგარიშა სხვაობა მიღებულ შემოსავლებსა და ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს შორის და აღნიშნული თანხა დააკვალიფიცირა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. რამდენადაც საწარმო 2021 წლის შემდეგ ოპერაციებს აღარ ახორციელებს აღნიშნული სხვაობა (1 215 320 ლარი) ჩაითვალა 2021 წლის დეკემბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(5"ა")(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").